"გახარიას პრესკონფერენცია გამწარებული ადამიანის გამოსვლა იყო" - კვირის პალიტრა

"გახარიას პრესკონფერენცია გამწარებული ადამიანის გამოსვლა იყო"

"რიგგარეშე არჩევნები "ქართულ ოცნებას" სჭირდება"

20 ივნისს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის აღმასრულებელ დირექტორს", უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ.

- 20 ივნისი ერთ-ერთი შავბნელი დღეა უახლეს ქართულ ისტორიაში. არ იყო საჭირო იარაღის გამოყენება, მით უმეტეს, ასეთი ტყვიების. შს სამინისტროს გაცილებით ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებები აქვს მიტინგის დასაშლელად. აბსოლუტურად საკმარისი იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი...

- ხელისუფლება ამბობს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას აპირებდნენ და დარბევა ვითარებამ განაპირობაო. - შიშველი ხელებით შტურმი ვის გაუგია! ამდენი პოლიციელი ჰყავდათ გამოყვანილი, ჰქონდათ წყლის ჭავლის გამშვები დანადგარი, რომელიც სავსებით საკმარისი იყო მომიტინგეთა დასაშლელად. არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რაც მოხდა.

ეს არ იყო მიტინგის ლეგიტიმური დაშლა. თუ შტურმი იყო, თუ იყო მომიტინგეთა ძალადობა, რატომ არ დააკავეს თუნდაც ერთი შეიარაღებული პირი? 305 მოქალაქე აიყვანეს და არც ერთს არ ჰქონია იარაღი. ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს.

- ითქვა, რომ იგეგმებოდა მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებაც. დააკავეს კიდეც ამ ბრალდებით 70 წლის მამაკაცი. ის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს სატელეფონო საუბრების ჩანაწერი. - არ ვიცი, ვინ რა მოამზადა სახლში, მაგრამ ფაქტია, მოლოტოვის კოქტეილი არ გამოყენებულა. ასე რომ ყოფილიყო, ასჯერ დაატრიალებდნენ ჩანაწერს.

მე იქ ვხედავდი ხელებაწეულ ადამიანებს, იმის დასამტკიცებლად, რომ მშვიდობიანად მოდიოდნენ. თუნდაც შესულიყვნენ პარლამენტში ან სასესიო დარბაზში, იქ, სადაც გავრილოვი შეუშვეს, რა მოხდებოდა?

- ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდა. - სახელმწიფო გადატრიალება ხმამაღალი ნათქვამია, ბუზის სპილოდ გადაქცევის სურვილი. მომიტინგეები რომც შესულიყვნენ პარლამენტში, ეს არ იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება, იმიტომ, რომ სესია არ მიმდინარეობდა, მთავრობა თავის ადგილზე იყო, ყველა სტრუქტურა მუშაობდა. სახელმწიფო გადატრიალება ხდება რამდენიმე ადგილზე ერთდროულად, რომლის დროსაც ორგანიზებულად იკავებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. სახელმწიფო მმართველობა უკანონო, კანონიერმა თუ რევოლუციურმა ჯგუფმა უნდა ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ჩვენ გვქონდა ადამიანების ემოციური გამოსვლა. არავის ჰქონია იარაღი და შტურმზეც ლაპარაკი ზედმეტია.

- შს მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე? - შს მინისტრი ამბობს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მისი კომენტარი არ ნიშნავს, რომ ბრძანება მან გასცა.

- შეიძლებოდა სხვას გაეცა ბრძანება? - ჩუბინიძე ვერ გასცემდა... არა მგონია, გახარია იმდენად ჭკუათხელი იყოს, რომ ვერ მიმხვდარიყო, ასეთ ბრძანებას რა მოჰყვებოდა. ამდენი დღე გავიდა და მთავრობა გარკვევით არაფერს ამბობს.

ჩვენ ვითხოვთ პასუხს: ვინ გასცა ბრძანება, თუნდაც უმტკივნეულო, რომ გაეწმინდათ რუსთაველის პროსპექტი, რა უნდა ამის თქმას? მაგრამ არ გვეუბნებიან, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ბრძანება გასცა იმ პირმა, რომელსაც საამისო არც კონსტიტუციური და არც კანონიერი უფლება არ გააჩნდა.

ყოვლად აუხსნელია სპეცრაზმისა და შს სამინისტროს ქვედანაყოფების მოქმედება. ეს უფრო არაკომპეტენტური ადამიანის გამოხდომას ჰგავს. სპეცრაზმს ასეთ დროს მკაფიო განკარგულება ეძლევა, ეძლევა შესაბამისი აღჭურვილობაც და ბრძანება, ესროლეთო, და მან ის უნდა შეასრულოს. რეზინის ტყვიებს, იარაღს რომ აძლევ, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოიყენოს. ეს რომ არ ნდომებოდათ, ხელკეტებს მისცემდნენ...

კანონით არ ჰქონდათ უფლება დამიზნებით ესროლათ ტყვიები.

არჩევნებისას "ოცნება" ხშირად ატრიალებდა 2007 წლის 7 ნოემბრის კადრებს. დღეს კი მან ოპონენტების პროპაგანდისტულ მანქანას მისცა საშუალება, დაუტრიალონ 2019 წლის 20-21 ივნისის კადრები. ამაზე ცუდს მტერიც კი ვერ დამართებდა.

7 ნოემბრის აქციაზე გამოყენებულ იარაღს უფრო მძიმე შედეგი მოჰყვა, რადგან "დუმ-დუმის" ტყვია გამოიყენეს, რომელიც ნამსხვრევ ჭრილობასა და მრავლობით მოტეხილობას იწვევს. რიყეზე დაჭრილი ადამიანები მაშინ ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს.

სამარცხვინო იყო ბახტაძის განცხადება - რაც მოხდა, სააკაშვილის გაკეთებულიაო. არ გამოვრიცხავ, ამას რომ ამბობდა, ვინმე ყურსასმენით კარნახობდა, რა ეთქვა, შესაძლოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ჩუბინიძე. გამორიცხულია, მიშას რაიმე კავშირი ჰქონოდა სპეცრაზმთან. "ქართული ოცნება" ხშირად ახსენებს 7 ნოემბერს და ახლა ოპონენტები ყოველთვის 20-21 ივნისის კადრებს დაუტრიალებენ. ამ ყველაფერს მოხერხება ხომ უნდა?!

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ უშვებენ გახარიას? - რომ გაუშვან, უკმაყოფილოს შეიძლება რაღაცები წამოსცდეს, როგორც ეკონომიკის მინისტრს. გახარიას გაცილებით მეტი აქვს სათქმელი, ამიტომ თავზე ხელს უსვამენ.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის განკარგულებით დატრიალდა, გახარიას ხელს ვერ ახლებენ, მაგრამ თავად მას უნდა ეყოს ჭკუა და გადადგეს. ურჩევნია, გადადგეს და მოშორდეს აქაურობას. თუმცა ციხე მაინც არ ასცდება ახლა თუ მერე, მოეკითხება.

გახარიას პრესკონფერენცია იყო გამწარებული ადამიანის გამოსვლა, რომელსაც ბევრი რამის დამალვა სურდა, მაგრამ მის ნათქვამში უფრო მეტი იკითხებოდა. მგონი, იმაზე უბედურია, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს. მათ აქვთ მომავალი, მორალური სიმყარე, გახარია კი უკვე პოლიტიკურ სანაგვეზეა გადასროლილი. ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება გავრილოვის ჩამოსვლაზე და აღიარა ისიც, რომ საფრთხეები არც ჰქონიათ გათვლილი. საქმე გვაქვს ისეთ უვიცობასთან, არაკომპეტენტურობასთან, რომ წარმოსადგენადაც ძნელია... პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცოდა, ვის იწვევდა; არ იცოდა, რომ გავრილოვი თავმჯდომარე იყო და რუსულად დაიწყებდა ლაპარაკს. იმდენად ბრიყვია, წინადღეს სესიას რომ დაესწრო, ეს ვერ გაარკვია...კობახიძის გადადგომა დაგვიანებული იყო. ბახტაძემ სცადა გამართლება, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდაო, მაგრამ გვინახავს, პირველი პირები როგორ ტოვებენ ვიზიტებს და ბრუნდებიან, როცა იქცევა ქვეყანა. აქვე იყო, ბაქოში, და ჩამოსულიყო იმ ღამესვე. ან იქვე ეთქვა, გადავდექიო.

შესაძლოა ისიც, რომ გახარია განზრახ არ მიდის, რათა პროტესტი გამწვავდეს და ამან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მოიტანოს. მერე გამოვა ივანიშვილი და იტყვის, არჩევნებს ვნიშნავო. ნულოვანი ბარიერი ექნება და არჩევნებისთვის მზად იქნება მაქსიმუმ სამი პარტია: "ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შეიძლება "პატრიოტთა ალიანსიც" გაიყვანონ, დანარჩენები ვერც მოასწრებენ მხარდამჭერების მობილიზებას და დარჩებიან ისევ პარლამენტს გარეთ. ეს სცენარი ივანიშვილისთვის ძალიან ხელსაყრელია.

მე მაინც ვფიქრობ, მივაღწევთ ისეთი საკანონმდებლო ორგანოს არჩევას, რომელიც შექმნის საგამოძიებო სტრუქტურას, გამოიძიებს ყველა საქმეს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს. ერთი გვახსოვდეს - ეს არის ხანგაუსვლელი დანაშაულები. 10-15 წლის შემდეგაც შეიძლება პასუხი აგებინო დამნაშავეებს.

- ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე რას იტყვით? - იმუნიტეტი მოუხსნეს იმიტომ, რომ სკამები შეინარჩუნონ. ასეთი ადამიანები საშიშები არიან, თუ დასჭირდათ, ბიძინა ივანიშვილსაც გაწირავენ, ისევე როგორც ნიკა მელია გაყიდეს. ეს ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, მას ახლა კბილებით უჭირავს გახარია, რომ იქნებ სახალხო მღელვარებას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მოჰყვეს და ამ გზით გათავისუფლდეს ამ ადამიანებისგან. ასეთი 92 კაცი უზის პარლამენტში და ახლა შეეცდება ისეთი ძალა მოიყვანოს, რომელსაც მეტად დაეყრდნობა.

რიგგარეშე არჩევნები "ქართულ ოცნებას" სჭირდება.

ჩვენ, ხალხმა, ამ დღეებში, სულ ცოტა, 50 წლით ვისკუპეთ წინ, დემოკრატიის გზაზე, და ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ პოლიტიკოსებს კი არ მივყვებით, მივყვებით დემოკრატიულ ღირებულებებს.