"კონტრაქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შექმნის"
"კონტრაქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შექმნის"
"ის, რაც აქციაზე ხდებოდა, დაგეგმილს ჰგავს"

20 ივნისს პარლამენტის წინ დაწყებული აქცია შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით კვლავაც გრძელდება, მაგრამ გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კი გახარიას მადლობას უხდის და ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადარჩა, რომელსაც მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი აწყობდა. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში გახარიას მხარდასაჭერი კონტრაქცია დაანონსდა, რომელსაც მოგვიანებით მმართველი პარტია განცხადებით გამოეხმაურა და საზოგადოებას კონტრაქციის ჩატარებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს
პროცესები და აქვს თუ არა "ოცნების" კრიზისს განმუხტვის რესურსი, "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს ვახტანგ­ ძაბირაძეს ესაუბრა:

- კატეგორიულად მიუღებელია კონტრაქცია ხელისუფლების დასაცავად. ეს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. ამიტომ ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ ამას არ მოჰყვეს პროვოკაცია და დაპირისპირება. მაშინ გამოვა, რომ ხელისუფლება, ერთი მხრივ, განცხადებას
აკეთებს და, მეორე მხრივ, თავად უბიძგებს საზოგადოებას დაპირისპირებისკენ.

- ხომ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ ემორჩილება ხელისუფლებას?
- საზოგადოება, რომელიც მართავს ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებს და არ ემორჩილება მთავრობას, ზღაპარია. თუ ხელისუფლება გეუბნება,­ არ გინდა­ ჩემი მხარდაჭერაო, რა მოტივით­ მართავ აქციას?! ამით ხელისუფლებას კი არ იცავენ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე­ მიდიან. თუ ხელისუფლება გულწრფელად ამბობს, რომ არ შეიძლება კონტრაქცია და ამაში­ არ არის გარეული, პროცესი­ აქამდე არ მივა.
1992 წელი მახსენდება. მაშინაც ხელისუფლების მომხრეები და ოპოზიცია უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ეს სადამდე მივიდა, ყველამ ვნახეთ.

ხელისუფლებამ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა: მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და ყველა დაკავებული გაათავისუფლა. დარჩა გახარიას გადადგომა და პროტესტი­ გრძელდება, რაც კარგია, კარგია იმითაც, რომ პოლიტიკური ნიშნით არ მიმდინარეობს.

მდგომარეობის სასწრაფოდ განმუხტვაა საჭირო. სადამდე გაუძლებს ქვეყანა დაძაბულ რეჟიმში ცხოვრებას?! არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციების საფრთხეა სხვადასხვა მიმართულებით, საგარეო მტრებისგან თუ საშინაო დესტრუქციული ძალებისგან.

- გასულ კვირას ხელისუფლებამ დუმილი დაარღვია და სათითაოდ გააკეთეს ახსნა-განმარტებები, რატომ მოუწიათ აქციის დაშლამ. ამჯერად ბოდიში მადლობამ შეცვალა. ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება ვითარებას?
- ველოდით, რომ პრემიერი პარლამენტში რაღაცას იტყოდა. მეორე დღეს გახარიას მისვლაც იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ პარლამენტში ამ საკითხების განხილვა წამგებიანი იქნებოდა.­ ამიტომ ფორმატი შეცვალეს, აქცენტები პრესკონფერენციებზე გადაიტანეს. პარლამენტში ამის განხილვას დებატები და დიდი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა.

ბახტაძესაც და გახარიასაც მოვუსმინე,­ მაგრამ დასკვნა ვერ გამოვიტანე, გარდა იმისა,­ თითქოს სწორად მოიქცნენ, რომ მიტინგი დაშალეს. ამას დაუმატეთ პარლამენტის გაუგებარი გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერეს და შემდეგ სასამართლომ გაამართლა. თუ ვინმეს სჯერა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, ცდება.

- ხელისუფლებამ რა თამაში ითამაშა?
- მელიამ აქციაზე საჯაროდ გააკეთა განცხადება. შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს, მით უმეტეს, აქტივისტს, არ სცოდნოდა, რომ ასეთი განცხადების გაკეთება პროვოკაციულია. თუ მელიამ ეს იცოდა, მაშინ რა მიზანს ემსახურებოდა?! აუცილებლად დასადგენი არიან ის პირები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცრაზმს უტევდნენ. ვინ იყვნენ, აქტივისტები, პროვოკატორები თუ ვინ?!

- მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო?
- საქართველოში უმრავლესობა ყოველთვის იყო მორჩილი, ამიტომ არც "ოცნების" მორჩილება მიკვირს, რაც უთხრეს, ის გააკეთეს. უბრალოდ, "ოცნების" ლიდე­რებმა არ იციან, შემდეგ რატომ­ მიაღებინეს სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება.

ის, რაც აქციაზე ხდებოდა, დაგეგმილს ჰგავს. თუ 3 საათის განმავლობაში მართლა­ უტევდნენ სპეცრაზმს და ის პასუხს არ სცემდა და შემდეგ ყელში ამოუვიდა, მიჩნდება­ კითხვა - რატომ გამოვიდნენ პარლამენტიდან და არა თავისუფლების მოედნიდან? ან სად იყო წყლის ჭავლის მანქანა, პირდაპირ ტყვიებზე რატომ გადავიდნენ?! მელიას პროვოკაციული განცხადება გამოიყენა ხელისუფლებამ და ეს სპექტაკლი დადგა, მაგრამ აქცია კი არ დაშალა, დაარბია. უამ­რავი კითხვაა, მაგრამ სანამ გახარია იქნება მინისტრი, საზოგადოება პასუხს ვერ მიიღებს. დასრულდება თუ არა გამოძიება, ისიც საკითხავია. თუ საზოგადოება დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მიიღებს, ეს კრიზისს გააღრმავებს. ეს შეიძლება დღესვე ქუჩაში არ გადმოვიდეს, მაგრამ ისევე როგორც სრულიად მოულოდნელად დაიწყო გავრილოვის სავარძელში ჩასმით, მომავალშიც რაღაც ამგვარი მიზეზით დაიწყება და დაძინებულმა კრიზისმა შეიძლება იფეთქოს.

საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ გამოძიება ჩატარდა ობიექტურად, აი, ეს არის კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა, ხოლო ეს რომ ირწმუნოს, გახარია მინისტრი აღარ უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?