2016 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, ასეთ შედეგს მივიღებდით: - კვირის პალიტრა

2016 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, ასეთ შედეგს მივიღებდით:

კონსტიტუციის მიხედვით, აქამდე არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ტარდებოდა. ყველა რეგიონს პარლამენტში ერთი წარმომადგენელი ჰყავდა - ანუ 150 დეპუტატის მანდატი იყოფოდა 73 მაჟორიტარსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატზე.

2020 წელს რომ კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება, ამაზე აღარავინ დაობს, მაგრამ მთავარი ის არის, არჩევნების შემდგომ მთავრობაში პოლიტიკური ვაჭრობა ვის სასარგებლოდ დასრულდება. ანალიზის გასაადვილებლად "კვირის პალიტრამ" ამ სისტემით 2016 წლის არჩევნების შედეგები გამოთვალა და როგორც აღმოჩნდა, 2016 წელს არჩევნები ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო, "ქართულ ოცნებას" არათუ საკონსტიტუციო, ჩვეულებრივი უმრავლესობაც არ ექნებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე: - 1992-95 წლებში ძალიან ჭრელი პარლამენტი იყო, მაშინ ყველა მოქმედი პარტია იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ამ პარლამენტმა გაუძლო ყველაზე დიდ კრიზისებს, სამოქალაქო ომით დაწყებული, კუპონებით დამთავრებული. უფრო დიდი კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მრავალპარტიულობა ერთპარტიული "მოქალაქეთა კავშირის" პარლამენტით ჩანაცვლდა. ამიტომ არ ვთვლი, რომ ჭრელი პარლამენტი საქართველოში დამღუპველია.

ნულოვანი ბარიერი არ ნიშნავს, რომ 150 პარტია გვეყოლება პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ის პარტიები შევლენ პარლამენტში, რომელთა მიღებული პროცენტების ჯამი 100% იქნება.

2016 წელს ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, ჩვეულებრივი უმრავლესობაც არ ექნებოდა და მთავრობას ვერ დააკომპლექტებდა. მაშინ, ალბათ, ისევ"თავისუფალ დემოკრატებსა" და რესპუბლიკელებთან"შეეცდებოდნენ კოალიციის შეEქმნას ან "პატრიოტებთან". "ნაცმოძრაობის" გარდა, ნებისმიერთან შეეძლოთ კოალიციის შექმნა.

კონსტიტუციით, პირველად პრემიერის დასახელების უფლება აქვს პირველ ადგილზე გასულ პარტიას, ანუ "ოცნება" დაასახელებდა კანდიდატს და მერე დაიწყებოდა ვაჭრობა მხარდაჭერების მოგროვებაზე. სანამ კოალიციაზე წავიდოდა, რა თქმა უნდა, ივაჭრებდნენ. კოალიციას, როგორც წესი, არავინ თანხმდება, თუ რომელიმე მინისტრის პორტფელს არ აიღებენ. ეს ორი კვირის ვადაში უნდა მოხდეს და ამ დროს პარტიები, როგორც წესი, შიდა კონსულტაციებისთვის იყენებენ.

"ქართულ ოცნებას" უმრავლესობა კი ექნებოდა, მაგრამ მუდმივად ექნებოდა იმის შიში, ეს არ დაეკარგა.

პროპორციული არჩევნების დროს მცირე პარტიებიც იღებენ მანდატს. "ნაცმოძრაობას" არც ერთ შემთხვევაში ნულოვანი ბარიერი არ აწყობს, რადგან ხვალ შესაძლოა გაერთიანებული ოპოზიციიდან ყველა ცალკე წავიდეს, ვისაც იმის შანსი ექნება, რომ 13 ათასი ხმა მოაგროვოს და შევიდეს პარლამენტში.

ჩნდება კითხვა: ნულოვანი ბარიერი ხომ არ არის ხაფანგი სხვადასხვა ექსტრემისტული, პრორუსული და "ოცნების" სატელიტი პირების პარლამენტში შესაყვანად?

შეადარეთ 2016 წლის შედეგები და ნახავთ, რომ ამ ძალებს არანაირი გავლენა არ ექნებათ. ბურჯანაძემ, "პატრიოტთა ალიანსმა" და "მრეწველებმა" ჯამურად იმდენად მინიმალური ხმა აიღეს, რომ გამორიცხულია პოლიტიკურ ამინდზე გავლენა მოახდინონ. ასევე იქნება 2020 წელსაც.