რატომ არ მისცა ბიძინა გეგიძემ ხმა მელიას წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

რატომ არ მისცა ბიძინა გეგიძემ ხმა მელიას წინააღმდეგ

გასულ კვირას უმრავლესობამ 92 ხმით "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. თუმცა როდესაც ყველა მის დაკავებას ელოდებოდა, საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ დეპუტატს პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.

ერთსულოვნების მიუხედავად, "ოცნებაში" აღმოჩნდა რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცეს. ერთ-ერთი ბიძინა

გეგიძეა.

- ნიკა მელიას დაკავება უფრო დაამძიმებდა ვითარებას. ეს არ იყო "ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი გადაწყვეტილება, არც პოლიტიკურად და არც მორალურად.

- იყო თუ არა ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება? - პერსონალიებზე არ ვლაპარაკობ, ვგულისხმობ პროცესს, რომელიც მივიღეთ გავრილოვის ვიზიტისა და 20 ივნისს ტრაგედიის შემდგომ.

ყველაფერი იწყება პროცესიდან - ოპონენტები ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხელისუფლების ნეგატიური პროცესებით დისკრედიტაციას. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი. კიდევ ერთი ნეგატივი ძალიან ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი.

- საერთო მესიჯბოქსში თუ იყო მოთხოვნა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მხარი დაგეჭირათ? - ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. შემოვიდა პროკურატურის მოთხოვნა და კომიტეტის სხდომაც ერთ დღეში დაინიშნა. მანამდე იყო უმრავლესობის შეკრება, რომელსაც არ დავსწრებივარ. სხვათა შორის, არც პარასკევს ვყოფილვარ უმრავლესობის შეხვედრაზე. ველოდებოდი, რომ პლენარულ სხდომამდე გაიმართებოდა შეხვედრა და იქ ვაპირებდი, მეთქვა, რომ პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა და პირდაპირ კენჭისყრაში მივიღე მონაწილეობა.

- ანუ არ ყოფილა დირექტივა, რომ პარლამენტში ეს საკითხი გაეტანათ ან პირიქით, ჩაეგდოთ?

- თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეთანხმება შესაბამის და ადეკვატურ დროში უნდა ხდებოდეს და არა წუთში. ფაქტია, რომ ეს მოუგვარებელია და სწორედ ამის ბრალია ამდენი შეცდომა.

- ვისგან მოდიოდა მითითებები ამა თუ იმ საკითხზე? - მითითება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ასეთ რაღაცას მიჩვეული არა ვარ. დეპუტატს ვერავინ ვერაფერს მიუთითებს, მით უმეტეს, მაჟორიტარს.

- რატომ არ ესწრებით უმრავლესობის სხდომებს? - მე ვიღებ გადაწყვეტილებას, როდის დავესწრო და როდის არა.

- აღნიშნეთ, რომ გუნდისგან განზე გადგომა არ გჩვევიათ. გუნდის გამო ხშირად გიწევთ კომპრომისზე წასვლა და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც არ ეთანხმებით? - გააჩნია, გადაწყვეტილება რას ეხება. პოლიტიკას თავისი ნიუანსები აქვს. ერთადერთი კომპრომისი შეიძლება იყოს მაშინ, როცა სახელმწიფოს ინტერესებზეა ლაპარაკი. სახელმწიფო ინტერესების წინ კერძოს ვერასდროს დავაყენებ - ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი.