"უკრაინას და საქართველოს ორი გზა აქვთ: ან ვიქნებით რუსული სამყაროს ნაწილი, რომელიც ბომბავს, კლავს ხალხს, ან ვეცდებით, გავხდეთ ევროპის ნაწილი"
"უკრაინას და საქართველოს ორი გზა აქვთ: ან ვიქნებით რუსული სამყაროს ნაწილი, რომელიც ბომბავს, კლავს ხალხს, ან ვეცდებით, გავხდეთ ევროპის ნაწილი"
ფოტო:ალექსეი გონჩარენკო
"ბებერი ევროპა" დაიქანცა რუსულ აგრესიაზე ლაპარაკით"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებამ, სამწლიანი "განკვეთის" შემდეგ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილება აღედგინა, არაორაზროვანი რეაქცია გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპის­ ქვეყნებში. საქართველოს, უკრაინის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, განსაკუთრებული ყურადღება კი რადას დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს ემოციურმა გამოსვლამ მიიპყრო, სადაც მან ევროსაბჭო ღირებულებებით ვაჭრობაში დაადანაშაულა. "კვირის პალიტრა" ალექსეი გონჩარენკოს კიევში ესაუბრა:

- რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რუსეთს უძღები შვილივით შეხვედროდა?
არადა, ერთი წლის წინ ამაყად ლაპარაკობდნენ საკუთარ პრინციპულობაზე, ირწმუნებოდნენ, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა.

- აქ რამდენიმე მთავარი მიზეზი გვაქვს. უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ ის დიდი ძალისხმევა, რომელიც კრემლმა გასწია. ვგულისხმობ პროპაგანდას, შანტაჟს, გავლენის სფეროებს, კავშირების გამოყენებას და ა.შ. ეს არ იყო მათი პირველი ცდა - ადრეც
რამდენჯერმე სცადეს. ამჯერად ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდა... მეორე მიზეზი ის არის, რომ "ბებერი ევროპა", ცოტა არ იყოს, დაიქანცა რუსულ აგრესიაზე ლაპარაკით. ბევრ მათგანს უსაფრთხოებასა და პატრიოტიზმზე მეტად ბიზნესი ანაღვლებს. მათთვის მთავარია, რუსებთან გარიგებებით ფული იშოვონ. და მესამე - ორი თვის წინ უკრაინას სათავეში ჩაუდგა ახალი პრეზიდენტი, რომელსაც არა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება. მათ კარგად შეარჩიეს დრო, რათა სიტუაცია თავისთვის სასარგებლოდ შეეცვალათ.

- კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ ევროსაბჭოს სჭირდებოდა რუსეთის წლიური შენატანი მის ბიუჯეტში. შეუძლებელი იყო, რომელიმე ევროპულ სუპერძალას საკუთარ თავზე აეღო ამ თანხის გადახდა და ევროსაბჭოს კრემლთან მორალური უპირატესობა შეენარჩუნებინა?
- არა მგონია, 77 მილიონი ევრო ასეთ გავლენას ახდენდეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებზე. შეიძლება ზოგიერთისთვის ამანაც ითამაშა­ გარკვეული როლი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებისთვის ეს იყო მხოლოდ საბაბი, რათა თავი ემართლებინათ - ევროსაბჭოს ეს ფული სჭირდებაო. ევროსაბჭო ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა - ფულზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შუა საუკუნეების რეალობას, როცა შეგეძლო, გეყიდა ინდულგენცია და მოგეტევებოდა, მიუხედავად იმისა,­ რომ საზარელი ცოდვა გქონდა ჩადენილი.

ისე გამოვიდა, რომ ევროსაბჭომ 25 მილიონად დემოკრატია გაყიდა, მეორე ოცდახუთის სანაცვლოდ კანონის უზენაესობა დათმო, მესამის ხათრით კი ადამიანის უფლებებზე აიღო ხელი. ეს სამარცხვინოა!

- რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს უკიდურესად კრიტიკულ გამოსვლაზე იმ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნებას დაუჭირეს მხარი?
- მე ვესაუბრე რამდენიმე მათგანს. ამბობდნენ, არასწორად გაგვიგეთ, ევროსაბჭო დიალოგის პლატფორმაა, რუსები აქ გვჭირდება, რომ ვესაუბროთო. ამტკიცებდნენ, რომ უმჯობესია, რუსეთი ახლოს ჰყავდეთ, ვიდრე ევროსაბჭოს გარეთ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ მსოფლიოს ყველა დიქტატორს დავუძახოთ - ჩრდილო­ კორეით დაწყებული, სირიის ასადით დამთავრებული. ისინიც ახლოს გვეყოლებიან და გავმართოთ დიალ­ოგი!

- თქვით, რომ ბებერი ევროპა დაიღალა რუსულ აგრესიაზე საუბრით. ამას მოწმობს "Financial Times"-ის 24-გვერდიანი ინტერვიუც პუტინთან, სადაც გაკვრითაც კი არ არის ნახსენები უკრაინა თუ საქართველო. როგორ მოვიქცეთ ჩვენ? რა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს?
- უპირველესად, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და დამოუკიდებელი. ეს თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ფაქტია, მოკავშირეების იმედი უფრო გვაქვს, ვიდრე - საკუთარი თავის. საკუთარ თავს დავეყრდნოთ და მოკავშირეც მეტი გვეყოლება. მეტი აქტიურობა, მიზანდასახულობა და შემართება გვმართებს ისეთ საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიცაა ევროსაბჭო. სწორი ნაბიჯი იყო, როდესაც­ რუსეთის დაბრუნების შემდეგ უკრაინის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის დელეგაციებმა ერთსულოვნად დატოვეს ასამბლეა. ეს იყო მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმ უმსგავსობას, რისი მომსწრეც გავხდით. ასევე სამართლიანი იყო ქართველი ხალხის რეაქცია რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანებასთან დაკავშირებით... ამასთან, რაც ევროსაბჭოში მოხდა, იყო მარცხი და ფიასკო ყველასთვის: ევროსაბჭოსთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი­ ქვეყნების დიპლომატიის მარცხიც, მაგრამ ხშირად დიპლომატიაც არ კმარა მიზნის მისაღწევად. ამ სიტუაციაში ურთულესი იყო რამის შეცვალა, რადგან ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც პარიზსა და ბერლინში მიიღეს.

- ალბათ, რუსეთი მიღწეუ­ლით არ დაკმაყოფილდება. რა იქნება შემდეგ? არსებობს საფრთხე, რომ ევროსაბჭოს ევროკავშირიც მიჰბაძავს­ და რუსეთი ეკონომიკურ სანქციებსაც თავს დააღწევს?
- კრემლი ევროსაბჭოში დაბრუნებით არ დაკმაყოფილდება და შემდეგ ნაბიჯად მიზნად დაისახავენ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. აქ უკიდურესად პრინციპულები უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ქვეყნებისთვის ეს ეკონომიკური სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- სტრასბურგში გაიმარჯვა არა მხოლოდ კრემლმა, არამედ პრორუსულმა და ანტიდასავლურმა ნარატივმაც - ამიერიდან ნებისმიერ ანტიდასავლელ პოლიტიკოსს შეუძლია, ნიშნის მოგებით გაიშვიროს ხელი და თქვას: აი, თქვენი ევროპა, ნახეთ, როგორ იქცევიან ისინი...
- ვფიქრობ, ჩვენს ევროპულ არჩევანს ამით საფრთხე მაინც არ ემუქრება. ხშირად ამბობენ, რომ დემოკრატია არ არის საუკეთესო სისტემა, მაგრამ სხვა ყველა უარესია... ევროპა არ არის იდეალური, რომელიც ყველას გააბედნიერებს, იქაც არიან ადამიანები, რომლებიც ღირებულებებს ფულზე ყიდიან, მაგრამ რა ალტერნატივა გვაქვს?! უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ორი გზა აქვთ: ან ვიქნებით რუსული სამყაროს ნაწილი, რომელიც ბომბავს, კლავს, წამლავს ხალხს, ფეხებზე ჰკიდია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ა.შ., ან ვეცდებით, გავხდეთ ევროპის ნაწილი, სადაც ცხოვრების სხვა სტანდარტებია. ვფიქრობ, ნებისმიერ უკრაინელსა და ქართველს ამ არჩევანზე ბევრი ფიქრი არ უნდა უწევდეს.

ვაჟა თავბერიძე
სტატია მომზადდა "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" პროექტის "Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes" ფარგლებში
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები