"ახლა რუსები დათვებივით დააბოტებენ ევროსაბჭოს დერეფნებში და ევროპელი დეპუტატებიც ხელგაშლილი ეგებებიან" - კვირის პალიტრა

"ახლა რუსები დათვებივით დააბოტებენ ევროსაბჭოს დერეფნებში და ევროპელი დეპუტატებიც ხელგაშლილი ეგებებიან"

118 მომხრე, 62 წინააღმდეგი - რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება აღუდგა. ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება რუსეთის დელეგაციას დაბრუნებისა და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ამ რეზოლუციას ქართველი და უკრაინელი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. რით მოიგო რუსეთმა ევროპელი კოლეგების გული და ეს ხომ არ წაახალისებს რუსეთს, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

- სამწუხაროა, რომ რუსეთს ევროსაბჭოში უფლებები უპირობოდ აღუდგინეს. როგორც ჩანს, საბჭოს დეპუტატები მის საწევრო გადასახადს დახარბდნენ. ევროპის ცალკეული ქვეყნის დეპუტატები კარგა ხანია ცდილობენ საბჭოში რუსეთის დაბრუნებას და მოსკოვიც არაფერს იშურებდა, ალყა გაერღვია და საერთაშორისო არენაზე დაბრუნებულიყო. მოახერხა კიდეც - დაბრუნდა ისე, რომ ყირიმის ანექსიისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და არც მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას აპირებს. ახლა რუსები დათვებივით დააბოტებენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპის ორგანიზაციის დერეფნებში და ევროპელი დეპუტატებიც ხელგაშლილი ეგებებიან.

- საწევრო გადასახადის გარდა, კიდევ რა იქონიებდა გავლენას ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე? - რუსეთი მუდმივად მუშაობს, რომ გაიჩინოს სტაბილური მხარდამჭერები ევროპის ქვეყნებში: კანონმდებლები, პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ მედიასაშუალებები, რომელთაც აფინანსებს.

ბევრ პოლიტიკურ ძალას მეტისმეტად ესიმპათიურება კრემლი და მისი პატრონი. პოლიტიკური გავლენების ლობირებისთვის ოფიციალური კრემლი ფულს არ იშურებს და ხშირად შედეგსაც იღებს - პოულობს მხარდამჭერ პოლიტიკოსებს და საბოლოოდ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები გარანტირებული აქვს.

- გამოდის, რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომი და ყირიმის ანექსიაც აპატიეს... - რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, ძალიან მალე დაივიწყეს ევროპის ქვეყნებმა. მაშინ მისთვის არც სანქციები დაუწესებიათ და დღის წესრიგსაც შესაშურად სწრაფად დაუბრუნდნენ. ამას კი მოჰყვა 2014 წელს ყირიმის ანექსია, რუსეთის პირდაპირი აგრესია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. მაშინ თითქოს ევროსაბჭო ოდნავ გამოფხიზლდა, მაგრამ ამან დიდხანს ვერ გასტანა, ევროპამ და ევროსაბჭომ ვერ გაუძლეს რუსეთის პროპაგანდისტული ორგანიზაციებისა და სპეცსამსახურების წნეხს.

- ეს გადაწყვეტილება რუსეთს უთუოდ განუმტკიცებს დაუსჯელობის შეგრძნებას. - არაფერია გამორიცხული. რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეაწუხებს სინდისი, რომ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს. ოფიციალური კრემლი ძველებურად განაგრძობს ბოროტმოქმედებას, თანაც ზუსტად ისეთივე ძალით, თუ მეტით არა. უპირველესად საქართველოსა და უკრაინაში ისევ გამოიყენებს "რბილ" ძალას.

სულ ახლახან ვიხილეთ კლასიკურად ჩატარებული სპეცოპერაცია -"კომუნისტი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაბრძანება. ეს იყო კლასიკური რუსული სპეცოპერაცია, რომელიც რბილი ძალის დემონსტრირების სახელმძღვანელოშია შესატანი.

- ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნება ჩვენთან ევროპის მხარდამჭერებს არ შეამცირებს? - არც ერთ შემთხვევაში. მუდმივად მაქვს კავშირი ახალგაზრდობასთან, სხვადასხვა აზრის შემქმნელ წრეებთან, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან - მათ აქვთ მკაფიო პოზიცია: ევროპა ჩვენი სახლია და საქართველოს მომავალი ევროპაშია.

- პროტესტის ნიშნად რომ დაგვეტოვებინა ევროსაბჭო, არ იქნებოდა სწორი? - ამას არ მივესალმები. ეს არის ჩვენი საბრძოლო მოედანი - საქართველომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა ჩვენთვის საზიანო რუსეთის ქმედებებთან და საამისოდ საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს.