"გავრილოვი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნიუანსებზე და შეცდომა არ უნდა დაეშვა" - კვირის პალიტრა

"გავრილოვი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნიუანსებზე და შეცდომა არ უნდა დაეშვა"

სერგეი გავრილოვი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნიუანსებზე და ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა, ისევე როგორც ასამბლეის გენერალურ მდივანს ბერძენ ანდრეას მიხაილიდისს, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე შეფასებით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

"რუსეთთან შექმნილი პირველი პრობლემა უთუოდ არის დაკავშირებული იმ "ვიზუალთან", რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, ანუ ბატონი გავრილოვი სპიკერის სავარძელში. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ მიიღო მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, გადადგა ბატონი ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი. მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი რუსულ მედიას და ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ სერგეი გავრილოვი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნიუანსებზე და ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა, ისევე როგორც ასამბლეის გენერალურ მდივანს ბერძენ ანდრეას მიხაილიდისს. ეს რუსეთთან ბოლო ხანს ურთიერთობის გართულების ის მიზეზია, რაც, ასე ვთქვათ, ზედაპირზე დევს და ყველამ ვიხილეთ. მაგრამ არის უფრო სიღრმისეული პრობლემაც", - აცხადებს აბაშიძე. (იხილეთ სრულად)