რას სთავაზობს საზღვარგარეთ მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვასთან დაკავშირებით შსს-ს - კვირის პალიტრა

რას სთავაზობს საზღვარგარეთ მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვასთან დაკავშირებით შსს-ს

ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთაა, თუმცა თუ სასწრაფოა, ის მზად არის, საქართველოში დაბრუნებამდე დისტანციურად გასცეს პასუხები გამოძიებას მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა შსს-ს წერილობით მიმართა და საგამოძიებო პროცესში მონაწილეობაზე მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით, თანხმობა ჯერ კიდევ 21 ივნისს განაცხადა, თუმცა აღნიშნული უპასუხოდ დარჩა. ამასთან, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო ოქრუაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების თაობაზე წინასწარ იყო ინფორმირებული.

"21 ივნისს ირაკლიმ შსს-ს წერილობით მიმართა და მოითხოვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საგამოძიებო პროცესში მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა, არც არავინ შეხმიანებია. ასევე, 28-ში ხელახლა გაიგზავნა წერილი და შეტყობინება მიიღო სამინისტრომ, რომ იგი რამდენიმე დღეში, კონკრეტულად 2 ივლისს აპირებდა ქვეყნიდან გასვლას. ის საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებზეა წასული. ორ რიცხვამდე ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. დღეს გავიგეთ ტელევიზიით, რომ მას იბარებენ. მისი მიდგომა იგივეა - თუ მის დაბრუნებამდე სასწრაფოა და დისტანციურად ამის საშუალება არის, მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით მზადაა, რომ გამოძიებას პასუხები გასცეს. თუ სასწრაფო არ იქნება, მაშინ, როცა დაბრუნდება საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მაგისტრი მოსამართლის ჩართულობით," - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, მათი არ ეშინიათ.

"რაც შეეხება ნიკა მელიას ბედის გაზიარებას, ნიკა მელიას ვერაფერი დააკლო დღევანდელმა ხელისუფლებამ და ვერც დააკლებს ვერც მას და ვერც სხვა ოპოზიციურ ლიდერებს. ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ცოტა რთული საპროგნოზოა, ვინაიდან ხელისუფლება, რომელიც უმოწყალოდ სთხრიდა ადამიანებს თვალებს, რა ნაბიჯს გადადგამს შემდგომ, ამაზე შეფასებები რთულია," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.

"უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა", - განაცხადეს შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"