"მელიას ბრალი წაუყენეს სუს-ის მიგზავნილი აგენტის ჩვენების საფუძველზე, სადაც ის "ომი და მშვიდობის" მოკლე ვერსიას ყვება, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"მელიას ბრალი წაუყენეს სუს-ის მიგზავნილი აგენტის ჩვენების საფუძველზე, სადაც ის "ომი და მშვიდობის" მოკლე ვერსიას ყვება, თუმცა..."

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს ვითომ ჟურნალისტის და სინამდვილეში სუს-ის მიგზავნილი აგენტის წერილობითი ჩვენების საფუძველზე, სადაც ის "ომი და მშვიდობას" ყვება, ოღონდ მოკლე ვერსიას, ცხადია, ტოლსტოის ვერ შეედრება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავამ 20 ივნისს მომხდარი დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა და იმ საქმეზე ისაუბრა, რასაც ოპოზიციონერ ნიკა მელიას ედავებიან. გიგი უგულავას თქმით, არანაირი ვიდეომასალა არ არსებობს და მელიას ბრალი სუს-ის მიერ მიგზავნილი პირის წერილობითი ჩვენების საფუძველზე წაუყენეს.

ამასთან, უგულავას თქმით, არ გაცნობია საქმეს, რომელსაც მას ედავებიან.

"ხდება ამ საქმეზე ბუჩქის შექმნა და ხელოვნურად თეთრი ძაფით შეკერვა იმისი, რაც ვერ შეიკერება. მე სტატუსი არ მაქვს და საქმეს არ გავცნობილვარ , რადგან ჩემი საქმე როგორც ასეთი არ არსებობს. მელიას საქმეზე კი მინდა გითხრათ, რომ გამოძიება აქაც გატყუებთ. განსაკუთრებით ჟურნალისტებს გატყუებთ, რადგან იმ საქმეში, რაც გადაეცა ადვოკატს არანაირი ვიდეომასალები არ არსებობს და მელიას ბრალი წაუყენეს ვითომ ჟურნალისტის და სინამდვილეში სუს-ის მიგზავნილი აგენტის წერილობითი ჩვენების საფუძველზე, სადაც ის "ომი და მშვიდობას" ჰყვება, ოღონდ მოკლე ვერსიას, ცხადია, ტოლსტოის ვერ შეედრება.

ჩანაწერები ამოგლეჯილია, შალვა შავგულიძე პირიქით საუბრობს, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობა ძნელი განსახორციელებელია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობა აბსოლუტურად ჯდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში",-აცხადებს უგულავა.

კითხვაზე, გეგმავდნენ თუ არა ეროვნულ დაუმორჩლებლობას, უგულავა პასუხობს, რომ "იდეა წარმოიშვა, რომელიც იქვე უკუიგდო".

"არავითარი დაგეგმვა არ ყოფილა, იქ ყველა თავის აზრს ამბობდა, რომელსაც მეორე ეწინააღმდეგებოდა და საბოლოო ჯამში, რაიმე გადაწყვეტილების მიღების ფორმატიც არ იყო. იქ პროცესები უნდა განვითარებულიყო მოლაპარაკებების გზით და გახარიას მხრიდან წამოვიდა ინიციატივაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გახარია პარლამენტში, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან მოალაპარაკების ნაცვლად ტყვიების წვიმა წამოვიდა მომიტინგეთა მისამართით. ეს უკვე გამოძიების დასადგენია- ამ შემთხვევაში, გახარიაც მოატყუეს და ივანიშვილმა პირდაპირ გასცა ბრძანება, ანზორ ჩუბინიძეს მისცა ბრძანება თუ გახარიას და მან თავის ხელქვეითებს მისცა ის დანაშაულებრივი ბრძანება, რომელსაც ადამიანების დაბრმავება და დასახიჩრება მოჰყვა",-აცხადებს გიგი უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"