"კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით" - კვირის პალიტრა

"კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით"

სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით, - ასე ეხმაურება გენერალური პროკურატურის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს"ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული.

ოქრუაშვილის განცხადებით, ის ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა 19 ივლისს ბრუნდება და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"როგორც იქნა, ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით. 19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო. 28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარმეთქი. თუ რამე გინდოდათ, მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით...", - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გენერალური პროკურატურის განმარტებით, 20 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე უახლოეს პერიოდში ბრალდებულ პირთა რიცხვი გაიზრდება.

"ინტერპრესნიუსი"