"ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, შადრევანში ამოყვინთავს" - კვირის პალიტრა

"ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, შადრევანში ამოყვინთავს"

ალბათ, რაღაც ჩანაწერებს მოგვასმენინებენ ცოტა ხანში, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ.

ხუხაშვილის შეფასებით, 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალება სასაცილოდ ჟღერს.

მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოების დაზაფვრას ცდილობს, თითქოს დიდ განსაცდელს გადაარჩინა.

"გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს კონტრ-შეტევა განახორციელოს ამ პროცესებთან დაკავშირებით. ამას ორი მხარე აქვს - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივს, რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. ხელისუფლებას როდესაც უჭირდა, სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე ხმაურიანი საქმე აღძრა და რამდენადაც ვიცით, დღეის მდგომარეობით სქელი მტვერი ედება ამ საქმეებს. ამ რიგში ჩააყენა ეს ყველაფერი და მისი ნარატივი ტრაგიკომიკურია. მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაგვისროლეს, როდესაც ფოსტა-ტელეგრაფის აღება ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალებას. 21-ე საუკუნეში ცარიელი შენობის აღებით სახელმწიფო გადატრიალება სასაცილოდ ჟღერს. ალბათ, რაღაც ჩანაწერებს მოგვასმენინებენ ცოტა ხანში, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, რომელიმე შადრევანში ამოყვინთავს. ალბათ, ამას გვაჩვენებენ, მაგრამ პოლიტიკურ მოცემულობას ეს ვერანაირად ვერ ცვლის.

ხელისუფლება ცდილობს, დაზაფროს საზოგადოება, თითქოს დიდ განსაცდელს გადაგვარჩინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის დროა, საკუთარი წიწილები დათვალოს. რაც დააშავა ოპოზიციამ, კი ბატონო ვიმსჯელოთ, ვინც დასასჯელია, დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურად რაც არ უნდა მომხდარიყო იმ ვითარებაში, თვითონ არის პასუხისმგებელი. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს უნდა დაანახოს, რომ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭად არ ჩაუვლია და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე წლის 20-21ივნისს ცალკეული პირების მიერ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამოძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

"ინტერპრესნიუსი"