"ნაციონალები" მიხვდნენ, რომ არჩევნები მათთვის წამგებიანია და წარმატებას მხოლოდ რევოლუციური გზით შეუძლიათ მიაღწიონ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით..." - კვირის პალიტრა

"ნაციონალები" მიხვდნენ, რომ არჩევნები მათთვის წამგებიანია და წარმატებას მხოლოდ რევოლუციური გზით შეუძლიათ მიაღწიონ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით..."

"ხელისუფლება ზოგადად რთულ დღეშია და ვფიქრობ, რომ გამოსავალის პოვნა გაუჭირდება. თუმცა, ასევე რთულ მდგომარეობაში არიან "ნაციონალებიც"

საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. გამოძიებით დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - ეს განცხადება გენერალურ პროკურატურაში გააკეთეს და იმავე დღეს შსს-მ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირი - ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი დააკავა, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით კი სასამართლოს მიმართა. გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაში უკვე მიცემულია ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტრო სამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

ამის პარალელურად, პარლამენტთან ყოველ საღამოს იმართება აქცია. ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.  ამ საკითხებთან დაკავშირებით, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

- ბატონო რამაზ, თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, პროკურატურამ და შსს-მ რეალურად დაიწყო გამოძიება თუ, როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ რეპრესიებთან?

- ოპოზიციონერი ლიდერები სხვას რას იტყოდნენ?! ახლა რაც შეეხება პროკურატურას და შსს-ს, მასალა არც ისე ბევრი აქვთ. ფრაზა- "იგეგმებოდა სახელმწიფოს დამხობა" არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ უწყებებმა დამაჯერებლობა შეიძინონ. რადგან პროკურატურა და შსს არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით, არამხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ არ ენდობიან, იმის იმედიც არ აქვთ, რომ პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს. მოკლედ, საგამოძიებო უწყებებსა და საზოგადოებას ერთმანეთისგან უზარმაზარი კედელი აშორებთ.

რამაზ საყვარელიძე

- თქვენი ვერსია როგორია, შესაძლოა მართლა გვქონოდა საქმე ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობასთან? - ზოგჯერ არის ვითარება, როდესაც თვალზე მეტად ლოგიკას უნდა დაუჯერო. "ნაციონალური მოძრაობა" უკვე 7 წელია ცდილობს გაიმარჯვოს ამა თუ იმ არჩევნებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში განცდილი მარცხის შემდეგ, სანდრა რულოვსმა განაცხადა, ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი აღარ აქვსო. იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი სატელევიზიო ჩართვებით მხარდამჭერებს რევოლუციის აუცილებლობაში არწმუნებდა. "ნაციონალები" მიხვდნენ, რომ არჩევნები მათთვის წამგებიანია და წარმატებას მხოლოდ რევოლუციური გზით შეუძლიათ მიაღწიონ. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ნამდვილად ყოფილიყო.

- ფიქრობთ, რომ დილით, გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის გამო გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და საღამოს უკვე "ნაციონალებს" ხელისუფლების დამხობის გეგმა მზად ჰქონდათ? - არა, გეგმა რომ ჰქონოდათ, შედეგი უფრო სერიოზული იქნებოდა. ისინი ჩასაფრებულები არიან და მომენტს ელოდებიან, რომ იმოქმედონ. ამას არ ვამტკიცებ, ეს უბრალოდ ჩემი ვერსიაა.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი ელოდა, რომ ხელისუფლების მიერ ამბოხებაში დადანაშაულებულ ნიკა მელიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საბოლოოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დასდო, დააპატიმრებდნენ. თუმცა სასამართლო მისთვის შიდა პატიმრობის მისჯისა და სამაჯურის დადებით შემოიფარგლა. ახლა გამოკითხვაზე არიან დაბარებულები უგულავა, ბარამიძე, ოქრუაშვილი. რა მოლოდინი გაქვთ, მათაც სამაჯურებს დაადებენ, თუ ამ შემთხვევაში უფრო შორს წავლენ? - თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მელიას არ დააპატიმრებდნენ. არც ახლა ველი უგულავას, ბარამიძისა და ოქრუაშვილის დაპატიმრებას. ოპოზიციონერი ლიდერები რომ დააპატიმრო, საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეს. ხელისუფლებამ ნახა, რომ ნაკლებად წონიანი მომიტინგეების დაჭერას საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. წარმოიდგინეთ ახლა ოპოზიციონერი ლიდერები რომ დააპატიმრონ რა ამბავი ატყდება. მათ ჯერ მხოლოდ ის შეძლეს, რომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. პროკურატურა დღეს ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას, ძალიან დამაჯერებლად უნდა წარმოაჩინოს თავისი პოზიცია, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში სავალალო შედეგი არ მიიღოს. ამას კი მოხერხება უნდა. ხელისუფლება ზოგადად რთულ დღეშია და ვფიქრობ, რომ გამოსავალის პოვნა გაუჭირდება. თუმცა, ასევე რთულ მდოგმარეობაში არიან "ნაციონალებიც" იმიტომ, რომ პროცესი წავიდა არჩევნების ჩატარებისკენ (რაც "ოცნების" დიდი დამსახურებაა) და რევოლუციური სცენარი გადაიდო. რაც "ნაციონალებს" ყველაზე მეტად აწყობდათ.

- როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ გახარია, შეძლებს პირობის შესრულებას, გამოძიების ჩატარების თაობაზე და რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას? - აუცილებლად უნდა შეძლოს, იმიტომ, რომ ის ახლა კუთხეშია მიყენებული, სხვა გზა არ აქვს. ის ოპოზიციის შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ყველაზე საქმიანი მინისტრია. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მისი გაუვნებელყოფით ხელისუფლების ქმედითუნარიანობა დაეცემა.

- ფაქტია, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო აქციაზე მუხტი დაეცა. როგორ ფიქრობთ, აქციამ უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობა თუ კიდევ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლეს? - საპროტესტო აქცია მუხტს კარგავს მაშინ, როდესაც აყენებს მოთხოვნას, რომლის შესრულებაც შეუძლებლია.

- გახარიას გადადგომა რატომ არის შეუძლებელი? - როგორც ჩანს, შეუძლეებლია. გახარიამ თქვა, (სხვათაშორის, უცხოელი ექსპერტებიც ამას ამბობენ), გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებს უნდა დაველოდოთო. მომიტინგეებს შეეძლოთ მოეთხოვათ დროული პასუხი გამოძიებაზე. აი, ამ მოთხოვნაზე უარი ძალიან არალოგიკური იქნებოდა. არალოგიკურმა მოთხოვნამ აქციის მარგინალიზაციასაც შეუწყო ხელი. ახლა ის "ჰაიდ პარკად" გადაიქცა.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქციის, უფრო სწორად აქციის მონაწილე ახალგაზრდების მარგინალიზაციას სწორედ ხელისუფლება ცდილობს. თქვენ რას იტყვით ამ ახალგაზრდებზე? - აქცია, რომელსაც ახალგაზრდები მართავენ, ზოგჯერ მთელ ცივილიზაციაზე ახდენს გავლენას. 60-იან წლებში ახალგაზრდების რევოლუციამ, საფრანგეთში მთლიანად შეცვალა განათლების სისტემა. ჩერჩილი ამბობდა, ვინც მემარცხენე, ანუ რევოლუციონერი არ არის, ის ახალგაზრდა არ არის, ხოლო ვინც ასაკში შევა და მემარჯვენე არ ხდება, ე.ი. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდად რჩება. ქვეყნის შეცვლის იდეა ახალგაზრდული იდეაა. ეს იდეა რომ არა, ბევრი რამ უცვლელი იქნებოდა. ნამდვილად, ახალგაზრდები ახდენენ რევოლუციებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ძალიან ადვილია ახალგაზრდებზე ზეგავლენის მოხდენა.

- ამით რის თქმა გინდათ? - იცით, რომ 1917 წელს რუსეთში დიდი ოქტრომბრის რევოლუცია მოხდა. იმ პერიოდში გერმანიის ამოცანა იყო, რომ რუსეთში არეულობა დაწყებულიყო და ამ გზით გამოთიშულიყო პირველ მსოფლიო ომს. ამ მიზნის განსახორციელებლად, დააფინანსეს ბოლშევიკები, უცხოეთში მყოფი ლენინი, მახარაძე და რამდენიმე მთავარი ფიგურა ჩასვეს მატარებელში, გადაატარეს ფრონტის ხაზზე და ჩაიყვანეს ფინეთში, საიდანაც მერე ისინი რუსეთში შევიდნენ. ფაქტობრივად 1917 წლის რევოლუცია, გერმანელებმა გააკეთეს. როდესაც ასეთი სტიქიური პროცესები იწყება, მერე ძალიან რთულდება იმის მიხვედრა, ვინ მოითბობს ხელს ამ ხანძარზე.

- ამბობთ, რომ ეს აქცია შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს? - რუსეთს აწყობს, რომ საქართველოში იყოს არეულობა. რადგან როდესაც ქვეყანაში არეულობაა, ინვესტიციები არ შედის. ანაკლიის პორტის მშენებლობას აუცილებლად სჭირდება ინვესტიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაკლიის პორტის მშენებლობა შეფერხდება.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ დაგემილი რუსული სპეცოპერაცია იყო? - არ გამოვრიცხავ. ფაქტებს რეზიდენტი ადგენს, პოლიტოლოგი ვერსიებს განიხილავს. ვერსიას, რომ რევოლუციური მუხტის მქონე ახალგაზრდები ანკესზე წამოაგეს და რუსული სცენარი განახორციელეს, არ გამოვიცხავ.

- ამ სცენარში გახარიას როლს როგორ ხედავთ? - რუსეთის მხრიდან არეულობის გამოწვევის სურვილი იკითხებოდა არამარტო გავრილოვის ვიზიტში, არამედ პანკისის ხეობაშიც. პანკისში რომ ვითარება არ ჩაწყნარებულიყო, დღეს ჩვენ გაცილებით დრამატული მოვლენების ეპიცენტრში ვიქნებოდით. გახარია რომ რუსეთის კაცი ყოფილიყო პანკისში მომხდარ ინციდენტს კიდევ უფრო გააღვივებდა.

- დღეს ოპოციონერი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს უკვე ღიად ადანაშაულებენ ქვეყნის ღალატში, რუსეთის სასარგებლოდ. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? - რუსეთის მთავრი მიზანია, საქართველოს გზა დაუბლოკოს ევროპისკენ და ნატოსკენ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ყველაზე ძლიერი ნაბიჯები გადაიდგა ევროპისკენ და ნატოსკენ.

- რა ნაბიჯებს გულისხმობთ? - ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მაგალითისთვის, აშშ-ს სახელწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს შეგახსენებთ...

- თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამერიკას უკვე ორი წელია საქართველოში ელჩი არ ჰყავს? - ამერიკამ საქართველოში, 2012 წლის არჩევნების დროს, სასწრაფოდ გამოუშვა უმაღლესი რანგის დიპლომატი, რომელიც მკერდით გადაფარებული იცავდა "ოცნების" მომიტინგეებს. თუნდაც ირაკლი ალასანიას, ზუგდიდში. ე.ი. ამერიკამ იჩქარა ელჩის დანიშვნა, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ეს საჭიროდ მიიჩნია. მაშინ ქვეყანაში უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება და ამერიკას უნდოდა, რომ შეცვლილიყო. ახლა არ ჩქარობს ელჩის დანიშვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში პროცესი მისთვის სასარგებლოდ მიდის. ისე, ტრამპს ბევრ ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული ელჩი და ეს კიდევ ცალკე მოვლენაა.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)