"ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება უპირველესად "ოცნებაში" სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება უპირველესად "ოცნებაში" სჭირდება"

"2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე", - ეს არის ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამოძიება ახალი კვალიფიკაციით გრძელდება. დააკავეს აქციის 4 მონაწილე, დაკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკური ლიდერები: გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე. ამ უკანასკნელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება უკვე მისცა. რაც შეეხება ოქრუაშვილსა და უგულავას, ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან, თუმცა აცხადებენ, რომ დაბრუნების შემდეგ ასევე მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ გამოძიებას ჩვენებას.

თუმცა, ხათუნა ლაგაზიძესთან საუბარი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებების გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყეთ.

ხათუნა ლაგაზიძე

- სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის. ეს უნდა გახდეს სასწრაფოდ გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ...

გადავალ 20-21 ივნისის მოვლენებზე - აქციის მონაწილეების პარლამენტში ძალისმიერი შეღწევისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა და ამის საპასუხოდ პოლიციის მიერ პარლამენტში ძალისმიერად შესვლის აღკვეთა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ეტაპზე პოლიციის მოქმედება იყო აბსოლუტურად კანონიერი, თუმცა ამის მერე დაიწყო დანაშაულებრივი პროცესი, მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ხელისუფლებას დასჭირდება ძალიან მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ჩაითვალოს ამბოხისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად. მთავარი საკითხი, რომელიც ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს, ის არის, რომ ეს საპროტესტო პროცესი ძალიან სპონტანურად წარმოიშვა.

ეს სპონტანური აქცია, თუნდაც პარლამენტში შეჭრის მცდელობასთან ერთად, როგორ შეიძლება დაუკავშირდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას? - ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი.

არის მეორე კითხვაც, რომელსაც ხელისუფლებამ ასევე უნდა უპასუხოს - რა საჭირო იყო 5-საათიანი დაუნდობელი სადამსჯელო ოპერაცია, დევნა, დარბევა, დამიზნებით სროლა, რაც პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღკვეთის შემდგომაც გაგრძელდა.

ხელისუფლების არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია, როდესაც საქმე შეეხება სწორედ პარლამენტში შეჭრის მცდელობის აღკვეთას. ვგულისხმობ, მაგალითად, იმ არგუმენტს, რომ სპეცრაზმი და პოლიცია თავს იცავდნენ და ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოქმედებდნენ. როდესაც პოლიციას თავს ესხმიან, მან უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და შესაძლოა არც დაელოდოს ბრძანებას, მაგრამ, როდესაც ვერის უბნის ჩიხებს და სადარბაზოებში მოქალაქეებს დასდევდნენ, ვის იგერიებდა სპეცრაზმი ამ დროს? - გაქცეულ პროტესტანტებს?! ეს იყო განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეებზე შურისძიებისა და დაშინების აქტი.

რა მოხდა იმ 5 საათის განმავლობაში: სპეცრაზმი უმართავი იყო და შლეგივით დაქროდა თბილისის ქუჩებში? დავუშვათ ასე იყო, მაგრამ სად იყო ხელისუფლება, რას აკეთებდა?! - ეს კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან.

ასევე კითხვები გვაქვს იმ პირებთან, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, არ იყო უბრალოდ ძიძგილაობა. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები იმის თაობაზეც, თუ ვინ არიან ეს კუნთმაგარი ტიპები, საიდან მოვიდნენ და ა.შ.

- იმედია, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რა ახალი სამხილები აქვს პროკურატურას, რომლებითაც დაამტკიცებს, რომ 20-21 ივნისს გადატრიალება მზადდებოდა, მაგრამ პროკურატურის ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც, ფაქტობრივად, ისევე იქცევა, როგორც "ნაცმოძრაობა" იქცეოდა 2007 წლის 7 ნოემბრისა თუ 2011 წლის 26 მაისის დარბევების შემდგომ, როდესაც საკუთარ სისასტიკეს პოლიტიკური საფრთხით ამართლებდა.

- ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც ვითარებასთან გამკლავების ძალისმიერი გზა აირჩია, გარკვეული ახსნა აქვს, მაგრამ არა გამართლება. ხელისუფლებას დღეს, როგორც არასდროს, ძლიერის იმიჯი სჭირდება. "ქართულ ოცნებას" ძალიან აშინებს სისუსტის გამოჩენა.

ისინი, ვინც საკუთარ მომავალზე ფიქრობენ, აუცილებლად დაუსვამენ საკუთარ თავს კითხვას: სად არის გამოსავალი - სუსტი "ოცნების" გვერდით, რომელიც ჩამოქცევის პირას არის, თუ "ნაცებთან" მოსარიგებელი გზების ძიება?

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ "სიმტკიცის" გამოჩენა და ძლიერის იმიჯზე ზრუნვა. ძალის დემონსტრირება ხელისუფლებას უპირველესად "ოცნებაში" სჭირდება. ხელისუფლების გზავნილი ასეთია: ჩვენ ვართ ძლიერები, ჩამოშლას არ ვაპირებთ და ქოცებადქცეულო "ნაცებო", და არა მხოლოდ თქვენ, პარტიის შეცვლასა და ახალი პატრონის ძებნაზე არ იფიქროთო.

ეს არის მესიჯი იმ ამომრჩევლის შემოსამტკიცებლადაც, ვინც დიდი ხანია ითხოვს კოაბიტაციის დასრულებასა და სამართლიანობის აღდგენას. მათთვის სამართლიანობის აღდგენა არის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შეზღუდვა. მთავარია, "ოცნებას" ძლიერის იმიჯის შენარჩუნების სურვილმა უფრო დიდი შეცდომები არ დააშვებინოს, როგორც მის წინამორბედებს დაემართათ.

- პროკურატურის განცხადებაში ერთი მეტად საინტერესო ფრაზაა: "პირველი ფაზა მიზნად ისახავდა პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე"... თქვენი აზრით, რამდენად არსებობდა ამგვარი საფრთხე?

- სამართალდამცავები კონკრეტულად რას გულისხმობენ ამ განცხადებაში, ძნელი სათქმელია, თუმცა ხელისუფლების ჩამოშლის პირობებში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სცენარის გათამაშება იყო შესაძლებელი.

- რას გულისხმობთ?

- თუ ხელისუფლება იშლება, მერე ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიდის და ეს შეიძლება გავრცელებულიყო რეგიონებშიც. ამაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლებოდა რეგიონებში შეიარაღებულ ჯგუფებს დაეწყოთ თარეში. მოხდებოდა ის, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში "ქართული ოცნებიდან" "ნაციონალებში" გადაბარგება დაიწყებოდა და ამას ჯაჭვური რეაქცია ექნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კონკრეტული მზადდებოდა რეგიონებში, ამაზე ინფორმაცია არა მაქვს და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ამის მტკიცებულებად ფაქტები თუ არ წარმოადგინეს, ისეთი ფაქტები, რომელთა მართებულობაშიც საზოგადოებას ეჭვი არ შეეპარება, ხელისუფლებას გაუჭირდებათ ამ ბრალდებების დამტკიცება. ისე,

იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში რევოლუციით ერთხელ მოვიდა, ხოლო მისი ლიდერი დღესაც გამუდმებით ლაპარაკობს სწორედ ძალისმიერი გზებით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რევოლუციური სცენარის ამოქმედება სულაც არ იქნებოდა მოულოდნელი, მაგრამ ერთია ეჭვი და მეორე ოფიციალური ბრალდება, რასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება და ამის მტკიცების ტვირთი სწორედ ხელისუფლებას აწევს.

20-21 ივნისს უსაფრთხოების ვერტიკალი თავიდან ბოლომდე არასწორად მოქმედებდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საზოგადოდ სახელმწიფო უსაფრთხოების არქიტექტურას. როდესაც ხედავ, რომ პარლამენტში შეჭრას ცდილობენ, ამაზე დიდი საფრთხე რა უნდა დაემუქროს ქვეყანას? არგუმენტად იმის მოყვანა, ვის სჭირდებოდა ცარიელ პარლამენტში შეჭრაო და ა.შ., სრულიად არასერიოზულია: პარლამენტში შეჭრა თავისთავად იქნებოდა ისეთი დემორალიზაციის აქტი მთელი ხელისუფლებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის, რომ შეუქცევად პროცესად იქცეოდა. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ასეთი საშიშროების წინაშე იდგა სახელმწიფო, რატომ არ შეიკრიბა მთავარი სტრუქტურა - უსაფრთხოების საბჭო? ასეთ შემთხვევაში საერთოდ აღარ გაჩნდებოდა კითხვები, ვინ გასცა ბრძანება, რატომ გასცა და ა.შ.

გაცილებით მწყობრი იქნებოდა სახელმწიფოს რეაქციაც და გადაწყვეტილებებიც.

ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრია, საერთოდ არაფერი იცოდა, ისე დაიწყო აქციის დაშლა; მეორე - გახარიას მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად მგონია, რომ სწორედ მან გასცა დაშლის ბრძანება, არადა, სწორედ ის არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

აქ ისევ მივდივართ სისტემურ პრობლემასთან: უსაფრთხოების საბჭოა სწორედ ის სტრუქტურა, რომელმაც უპირველესად საფრთხეები უნდა აარიდოს ქვეყანას და იზრუნოს კრიზისების განეიტრალებაზე ისე, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ნაკლებად დაზიანდეს.

ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ მაშინვე გამოსულიყო და ეთქვა: ის ტყვიები, რომლებიც რუსთაველზე გავარდა, უპირველესად "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებას მოხვდა. ჩვენ ვიწყებთ ამის გამოძიებას და ვინც უნდა იდგეს ამის უკან, დავსჯითო და საქმისთვის დროებით ჩამოეშორებინა პასუხისმგებელი პირები. ამის მერე სრული მორალური უფლება ექნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღეძრა ყველა იმ მონაწილესა და ინიციატორზე, რომლებიც პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

გავრილოვის პარლამენტში სტუმრობა ხომ შემთხვევითი არ ყოფილა: ეს არის ძალიან მწყობრი ჯაჭვის მორიგი რგოლი: პანკისი, გარეჯი, ვასაძე თავისი "გალავარეზებით", ნეიტრალიტეტის თემა და ბოლოს გავრილოვი... ჩვენ და უპირველესად ხელისუფლება ახლა იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა მიზანს ისახავდა ეს პროვოკაცია.

რამდენიმე თვის წინ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოსო. ამას მოჰყვა პანკისი, გარეჯი და გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანებაც.

მთავარი კითხვა დღეს შექმნილ ვითარებაში, როდესაც, ერთი მხრივ, გახარიას გადადგომას ითხოვენ, მეორე მხრივ კი სახელმწიფო აცხადებს, ამბოხებასთან გვქონდა საქმეო, არის სულ სხვა, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული და პასუხიც არ ჩანს: რა მიზანს ემსახურებოდა გავრილოვად წოდებული პროვოკაცია? რა შედეგზე გათვალა რუსეთმა ეს ყველაფერი და ვისი მონაწილეობით?

ხელისუფლება უპირველესად სწორედ ამას უნდა იძიებდეს.

- აქციები ისევ გრძელდება რუსთაველზე, მთავარი მოთხოვნა კვლავაც გახარიას გადადგომაა.

- გახარიას წასვლასაც და დარჩენასაც ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, ერთი ფასი აქვს. ის, როგორც ხელისუფლების საყრდენი ფიგურა, უკვე ძალიან მოირყა, ყველაფერი გაკეთდა როგორც "ოცნებაში," ისე მის გარეთ, მისი იმიჯის დანგრევისთვის.

თუ რატომ არ გადააყენეს აქამდე, რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ: პირველი - შესაძლოა ის მართლაც არ არის ბრძანების გამცემი, ამიტომაც მისთვის ხელის შეხოცვას ვერ ბედავენ;

მეორე - შეიძლება კიდევ ერთხელ სისუსტის გამოჩენა არ უნდა ხელისუფლებას და თან არ სჯერა, რომ ხალხის მოთხოვნები ამით ამოიწურება.

თვალსაჩინოა აქციის ორგანიზატორებზე საინფორმაციო შტურმიც, მაგრამ თვითონ ხელისუფლებამ უნდა განასხვაოს ამ აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნები. მართალია, ამ პარტიის წარმომადგენლები გამოდიან აქციებზე და აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ეს აქცია თავიდანვე იყო "ნაცმოძრაობის" ორგანიზებული ან დღეს მიჰყავს მას "პარადი".

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ჩვენ გახარიას გადადგომით დავასრულებთ აქციასო, მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" სანდრა რულოვსის პირით მოითხოვს მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

ამიტომაც არ სჯერა ხელისუფლებას, რომ გახარიას გაწირვით ეს პროცესი დამთავრდება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამას დასასრული არ ექნება. ასე, შიგნიდან ისე გამოხრავენ, რომ 2020 წლისთვის "ქართული ოცნებისგან" შეიძლება მარტო სახელი დარჩეს.

თუ ახლა რაიმეთი შეიძლება დარჩეს "ქართული ოცნება" ისტორიაში, ეს პროპორციული არჩევნებია. არავინ ამბობს, რომ ე.წ. ბუნებრივი ბარიერი საჩუქარია პოლიტიკური სპექტრისთვის. საქმე ის არის, რომ პარლამენტში ამ გზით, სავარაუდოდ, შევლენ იმ ერთკაციანი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც საკუთარ თავს მხოლოდ სავაჭრო დახლზე ხედავენ, რომელთაც აქვთ გარკვეული ფასი და ამ შემთხვევაში ვინც მეტს გადაიხდის, იმას მიეყიდებიან. რა თქმა უნდა, ამას ვერ ავცდებით, თუ საზოგადოება ვერ მიხვდება, ვინ არის პოლიტიკური "ნივთი", რომელიც საკუთარ თავს ყიდის, და ვინ არის რეალურად მოსურნე იმისა, რომ პარლამენტში შევიდეს გარკვეული ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრზე მეტად გაიზარდა და ამას უნდა მიხვდეს.

იმავდროულად, ეს არის შანსი იმისა, რომ პარლამენტში მოვიდეს ის ახალი თაობა, რომელმაც დღეს ეს ცვლილებები მოიტანა და აბსოლუტურად უკომპრომისოა დღევანდელ პოლიტიკურ კლასთან. მათ ორგანიზება რომ შეუძლიათ, უკვე ვნახეთ, ახლა დროა ასევე ორგანიზებულად იქცნენ პოლიტიკურ ძალად და შევიდნენ პარლამენტში. გარდა ამისა, მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება, რომლებიც დიდი შემადგენლობით ვერ შევლენ, მაგრამ კოალიციურ მთავრობაში ძალიან სერიოზული ხმა და გავლენა ექნებათ.

- აშკარაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროპორციული არჩევნების იდეა, მით უფრო ბარიერის გარეშე, დიდად არ მოსწონს. თავის მხრივ, ამის ინიციატივა არც "ქართულ ოცნებას" გამოუჩენია ენთუზიაზმით. ხომ არ არის საფრთხე, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს?

- "ქართული ოცნება" იძულებული გახდა ამ დათმობაზე წასულიყო. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ შანსის გამოყენებაზე იტყვის უარს, პირდაპირ "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ ამას ხელს შეუშლის "ნაციონალური მოძრაობა", ამას მმართველი ძალა ფარულად მხოლოდ მიესალმება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალებს.

- ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი არ თანხმდება, ბლოკებზე უარის თქმაა.

- ეს ბლოკები იყო სწორედ, ერთი მხრივ, ამ ერთკაციანი პოლიტიკური ძალების გადარჩენის და, მეორე მხრივ, ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღების თაღლითური მცდელობა.

ხშირად ამგვარი პარტიების წარმომადგენლები საერთო სიაში ისეთ ადგილას იყვნენ, რომ პარლამენტში ვერასოდეს შევიდოდნენ, მაგრამ ბარიერს თუ გადალახავდა ბლოკი და პარლამენტში შევიდოდა, ამ ერთკაციან პარტიებს უზარმაზარი ფინანსური შემოსავალი ეძლეოდათ. სინამდვილეში ეს იყო ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღების არაკეთილსინდისიერი გზა. ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას.

ოპოზიცია ამბობს, ასეთ შემთხვევაში ბევრი ოპოზიციური პარტია დარჩება გარეთო, მაშინ ასეთი შეკითხვა მაქვს: პარტიას, რომელიც ვერ შეძლებს იმდენი ფინანსებისა და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ 15 000 ხმა მიიღოს, რა უნდა პოლიტიკაში?!

"ნაციონალებს" ეს პოლიტიკური სივრცე თავისთვის უნდათ და ამას არც მალავენ, როდესაც ასე გამხეცებით ეკვეთნენ უსუფაშვილსა და ელისაშვილს, რატომ მიხვედით პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე გამართულ შეხვედრაზეო. არადა, ვის აქვს პოლიტიკური სივრცის პრივატიზების უფლება?!

რაც გამოჩნდა, მოწმობს, რომ მომავალი არჩევნები ამ ტრენდით წარიმართება: "ოცნება" ყველა ოპოზიციურ პარტიას "ნაცების" კლიშეს მიაკერებს, "ნაციონალები" კი მათ "ოცნების" სატელიტად გამოცხადებას შეეცდებიან. ამიტომაც უნდა დაინგრეს ეს ორპარტიული მონსტრი, მახინჯი სისტემა, რომელშიც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასულდგმულებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას ან სიაში პირველნომრობას, რაზეც მიდის ამ ბოლო დროს ლაპარაკი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად დადგება "ქართული ოცნებისთვის" ამის სასიცოცხლო აუცილებლობა.