"ყოველივე ეს ერთი დიდი სცენარით ვითარდება, იმის დამტკიცება იყო საჭირო, რომ დამნაშავე და უნიათო ხელისუფლება გვყავს" - კვირის პალიტრა

"ყოველივე ეს ერთი დიდი სცენარით ვითარდება, იმის დამტკიცება იყო საჭირო, რომ დამნაშავე და უნიათო ხელისუფლება გვყავს"

"ჩემთვის პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის აქტორები მონაწილეობდნენ. მტკიცება არაფრის შემიძლია, მაგრამ ძალიან ჰგავდა რუსული სპეცსამსახურების ხელწერას, რომელშიც ჩართული იყვნენ მისი აქაური წარმომადგენლები როგორც პოლიტიკური ელიტიდან, ასევე ადმინისტრაციული თუ ძალოვანი სტრუქტურებიდან", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- მართებულია საქმის გადაკვალიფიცირება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად?

- იურისტი არა ვარ, ამიტომ შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. ოპოზიციის ლიდერები აპირებდნენ სახელმწიფო დაწესებულებაში ძალადობრივად შეჭრას, ამას რა მოჰყვებოდა - სახელმწიფო გადატრიალება თუ ხელისუფლების დამხობა, მეორე საკითხია. ეს უმძიმესი მუხლია და სერიოზულ მტკიცებულებებს მოითხოვს.

მე, როგორც 1991 წლის დეკემბრის მოვლენების მონაწილე, მაშინ ოპოზიციის მხარეს ვიყავი და ვიცი, მაშინდელმა ჩვენმა ნაბიჯებმა რა ნაყოფი გამოიღო - მაშინ დაღვრილი სისხლი მერე სისხლის ზღვად იქცა და ქვეყნის განვითარება იმდენად შეაფერხა, რომ დღესაც ვერ გავმართულვართ წელში. მაშინ ჩვენც დასასჯელები ვიყავით.

მამუკა არეშიძე აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ვინც ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, მათი საქციელი ყოვლად დაუშვებელია.

- ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელებაწეული აპირებდნენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლიათ. მართლაც, მხოლოდ შენობაში შესვლით გადატრიალება რამდენად ლოგიკურია? - ჩვენ გვაქვს 2003 წლის გამოცდილება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, შევარდნაძეს წინააღმდეგობა რომ გაეწია. მაშინ შეიძლება მონაწილეები სხვები იყვნენ, მაგრამ ხელმძღვანელები იგივენი, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ.

- ამ მძიმე მუხლით არაერთი საქმე აღძრულა, თუმცა არავინ დასჯილა... - პოლიტიკური ნებიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარე, ხელისუფლებებს თუ აწყობთ, ამ მუხლს გაშლიან და შედეგიც დადგება, თუ არადა, პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ის მთელი ცხოვრება დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული. ამიტომ ვარ გახარიას გადადგომის წინააღმდეგი, თუმცა თავიდან მომხრე ვიყავი.

- აზრი რატომ შეიცვალეთ? - ვფიქრობ, გახარია უნდა წავიდეს მაშინ, როდესაც ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას. ამ კაცმა პასუხისმგებლობა აიღო და მისი პრესტიჟის საქმეა ბოლომდე მიიყვანოს - მარტო რიგითი მოქალაქეები კი არ დაისაჯონ, ყველა, ვისაც გადაცდომა აქვს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ხელისუფლებიდან იმ პირთა ვინაობა, ვინც შეცდომა ან გადაცდომა დაუშვა. ოპოზიციიდანაც დაისაჯოს ის, ვინც ხალხს შეჭრისკენ მოუწოდა.

- რა ვერსიები გაქვთ, რას გეგმავდნენ ოპოზიციის ლიდერები? - ჩემთვის პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის აქტორები მონაწილეობდნენ. მტკიცება არაფრის შემიძლია, მაგრამ ძალიან ჰგავდა რუსული სპეცსამსახურების ხელწერას, რომელშიც ჩართული იყვნენ აქაური წარმომადგენლები როგორც პოლიტიკური ელიტიდან, ასევე ადმინისტრაციული თუ ძალოვანი სტრუქტურებიდან. გავიხსენოთ მთელი დინამიკა - გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ორი შვილმკვდარი მამის აქციების პარალელურად იყო მუდმივი ზეწოლა, რომ ხელისუფლება არის დამნაშავე და პასუხისმგებელი ამ ორი მოქალაქის წინაშე. ამას 21 აპრილს პანკისის მოვლენები მოჰყვა და იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, ხელისუფლება უხერხემლოა, რომ ხეობაში შექმნა ფეთქებადსაშიში სიტუაცია. მერე დაიწყო გარეჯის თემა და გაძლიერდა ლაპარაკი, რომ ხელისუფლებას არა აქვს გამოწვევების მოგერიების თავი. მერე იყო პრაიდის თემა, რაც ამჯერად ხელისუფლების მომხრეებისა და ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეებისთვის შოკი იყო. ისევ ირიბად მტკიცდებოდა ხელისუფლების სისუსტე. ბოლოს მოხდა 20-21 ივნისის მოვლენები - ყოველივე ეს ერთი დიდი სცენარით ვითარდება, იმის დამტკიცება იყო საჭირო, რომ დამნაშავე და უნიათო ხელისუფლება გვყავს, უნდა გამოეყენებინათ ხალხის განწყობა - ეს ლოგიკა ჩანდა.

2003-ში სააკაშვილი თავის ხალხთან ერთად უტევდა სუსტ, უნიათო და კორუმპირებულ ხელისუფლებას, ზუსტად ისეთივე ტექსტი, მხოლოდ "კორუმპირებული" იყო დამატებული. ახლაც იგივე სცენარი გათამაშდა - ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტში თავიანთი მომხრეები შეიყვანეს, მათ ქუჩიდან შეჭრილი ხალხი უნდა შეერთებოდა, რომელიც საზოგადოებას კამერების წინ დაანახებდა, რომ ხელისუფლებას იმის თავიც არა აქვს, სახელისუფლებო შენობები დაიცვას.

ინდოეთის მაგალითს მოვიყვან: ერთი პარტიის წევრები დეპუტატებთან ერთად შეიჭრნენ პარლამენტში. მართალია, იქიდან გამოათრიეს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ხელისუფლებას არ ძალუძს პარლამენტის შენობის დაცვა.

აქაც იგივე უნდა მომხდარიყო, რაც შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირებას და ათას უბედურებას იწვევს. ქვეყანა გადარჩა, თორემ მთელი საზოგადოება მაინც სტრესულ სიტუაციაშია.

- რა მტკიცებულებებით შეიძლება გაამყაროს პროკურატურამ ეს საქმე? - მხოლოდ ის ვიცი, რომ ინტენსიურად მუშაობენ.

ახლა ნებისმიერი ფაბრიკაცია კონტრპროდუქტიული იქნება, ვინაიდან ჩვენთან განვითარებულ მოვლენებს პარტნიორ ქვეყნებში ლუპით უყურებენ, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალა აუცილებლად უტყუარი უნდა იყოს.

- ახლო მომავალში კიდევ დავდგებით მსგავსი გამოწვევების წინაშე? - გამოწვევები არის და იქნება, რაშიც რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთება.

გავრილოვის ეპიზოდი იყო დემონსტრირება, რომ ხელისუფლებას, მიუხედავად რუსეთის ოკუპაციისა, მისი წარმომადგენლების დიპლომატიურ ჩარჩოში მოქცევა არ შეუძლია.

გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი, სპეცრაზმის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო კონტაქტი მაქვსო? ისიც ხომ ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ბევრია ისეთი, ვისაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვს ჩადენილი და ისევ თანამდებობაზეა. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ გამოიჩენენ თუ არა საქმის ბოლომდე მიყვანის პოლიტიკურ ნებას, ძნელი სათქმელია.

იხილეთ ასევე: "21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე" - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას შესახებ?