ელენე ხოშტარია: "ხელისუფლების ნარატივი სრულ თანხვედრაშია რუსულ ვერსიასთან" - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია: "ხელისუფლების ნარატივი სრულ თანხვედრაშია რუსულ ვერსიასთან"

ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი: - რა გადატრიალებაზეა ლაპარაკი, როცა არც ფაქტებს ეყრდნობა და არც მოვლენების განვითარების ლოგიკაში ჯდება. ვერანაირი გეგმა ვერ იარსებებდა, რადგან ყველაფერი დაიწყო გავრილოვის ჩამოყვანით, რომელიც "ოცნებამ" ჩამოიყვანა და არა ოპოზიციამ. მეტიც, ოცნებამ არ მიაქცია ყურადღება "ევროპული საქართველოს" პროტესტს, რომელსაც იმ წუთიდან გამოვხატავდით, როცა გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ შევიტყვეთ. მახსოვს თალაკვაძის სიტყვები: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩამოვა თუ არაო. ეს ის თალაკვაძეა, რომელიც ამ მოვლენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მოვლენების აღქმა გავრილოვის ფაქტორის გარეშე წარმოუდგენელია, ასე რომ, რაღაც გეგმებზე საუბარი აბსურდულია.

ბევრი სამართლიანად გაბრაზებული ადამიანი ითხოვდა კობახიძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა ამ ხალხის აზრის იგნორირება. ის, რაც პარლამენტთან მოხდა, ცუდი ფაქტია და უნდა გამოიძიონ, მაგრამ გასარკვევია, რატომ დაიწყო შეტაკება, რატომ დააყენეს სპეცრაზმი გაბრაზებული დემონსტრანტების წინ? ეს პროვოცირების ფაქტია. მერე ხალხს წყალი გადმოასხეს, ზოგი შადრევანში ჩააგდეს. არ ვამბობ, რომ ყველაფერი პოლიციის ბრალია, შესაძლოა, იქ იყო უკანონო ქმედება პოლიციის მიმართაც, ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა, რაც დასასჯელია. მაგრამ თუ სამართლიანად იძიებ, როგორ შეიძლება ავტოფარეხიდან კაცის გადმოგდებას პოლიციისთვის გადაცემის ოპერაცია დაარქვა?! ეს გადაცემა იყო თუ ცემა?! ხელისუფლება არაფერს ამბობს იმაზეც, რომ სპეცრაზმი მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ასახიჩრებდა ადამიანებს. ჩვენ ვნახეთ კადრები, როცა სახელმწიფო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მითითებებს აძლევს სპეცრაზმს. ამიტომ ხელისუფლების ნარატივი სრულ თანხვედრაშია რუსულ ვერსიასთან. ვგულისხმობ გავრილოვის განცხადებას, სადაც ის გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს.

- მელიას მხრიდან პროვოკაციაზე რას იტყვით? გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომ ადგილი ჰქონდა მოწოდებებს.

- მელიამ ხალხს კი მიმართა, პარლამენტში შევიდეთო, მაგრამ ის არ საუბრობდა ძალადობრივ შესვლაზე.

იმ ვითარებაში არასწორი იყო მელიას განცხადება, მაგრამ არა კრიმინალური. ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ამ ქმედებას გადატრიალება დაარქვა და განკითხვა მოუწყო პარლამენტში, უსამართლობაა. არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, როცა იმუნიტეტი მოუხსნეს.

- პროკურატურა ალბათ ჰაერზე არ ისაუბრებდა გადატრიალებაზე. თქვენი ინფორმაციით, რა აქვს მას ხელთ? - პროკურატურისგან ჰაერზე ნათქვამი არაერთი განცხადება მოგვისმენია, მათ შორის "საბურავების", "რუსთავი 2"-ის და ბარიკადების, პანკისის საქმე, მაჩალიკაშვილის მიმართ განცხადება, რომელიც ტერორისტად შერაცხეს და დაგვპირდნენ, მტკიცებულებებს დავდებთო... ამდენი ხანია რუსთაველზე ადამიანები გახარიას გადადგომას ითხოვენ, ხელისუფლება კი იმით პასუხობს, რომ ეს გადატრიალება იყო და ვერ პასუხობენ ელემენტარულ კითხვას, რატომ დასთხარეს თვალები მოქალაქეებს...

"ოცნების" გენერალური ამოცანაა საზოგადოების პროტესტი პარტიულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც არ გამოუვათ.

რუსთაველზე ზეპარტიული აქცია მიმდინარეობს და ის განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს. დღის წესრიგში კი დგას გაბრაზებული, მრავალფეროვანი საზოგადოება. "ოცნება" ამას უნდა შეეგუოს და არ იძახოს, აი, ის მთავრობაც ასე აკეთებდაო...

- ალბათ 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიან მოვლენებს გულისხმობთ. როდესაც პოლიტიკური ფასის გადახდაზე ვსაუბრობთ, გადაიხადეს კი "ნაციონალებმა" პოლიტიკური ფასი?

- დიახ, იმ ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა, როცა არჩევნები წააგო. მეორე - ჩვენ ყველა დღემდე ვიხდით პოლიტიკურ ფასს, რადგან ჯერ ვერ მოვახერხეთ ბევრი ადამიანის გულის მობრუნება. ესეც სამართლიანია! ჩვენს მიმართაც არის უნდობლობა, დრო სჭირდება, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რა იყო სისტემური პრობლემა მაშინ და ახლა.

- ხომ არ ელოდებით ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის თქვენი თანამებრძოლი გიგი უგულავას დაკავებას? - არაფერია გამორიცხული. კონკრეტულად გიგის მიმართ კი ცინიკურია პრეტენზიები მაშინ, როცა არაერთი კადრი არსებობს, სადაც ის ხალხს ამშვიდებს და ამის გამო ზოგიერთების წყრომაც კი დაიმსახურა. მთელი ოპოზიციაც რომ დაგვიჭირონ, ამ პროცესს მაინც ვერ მოერევიან, რადგან ზეპარტიული პროცესია, რომელსაც მხარს ვუჭერთ და ყველანაირად ვეხმარებით.