რომან­ გოცირიძე: "ახლა მიდის სპეცოპერაცია არა რიგითი გახარიას გადასარჩენად" - კვირის პალიტრა

რომან­ გოცირიძე: "ახლა მიდის სპეცოპერაცია არა რიგითი გახარიას გადასარჩენად"

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - ჯერ ჭიკაიძის ათასი საბურავი გამოიტანონ, დააწყონ რუსთაველზე და მერე ილაპარაკონ გადატრიალებაზე. მათი ერთადერთი "სამხილი" დამონტაჟებული სატელეფონო საუბრებია. ეს ყველაფერი საზოგადოების მოსატყუებლად კეთდება - უნდათ, ზემოქმედება მოახდინონ, გააბრიყვონ. თუმცა ხალხმა ჭკუა ისწავლა და ამათ არავინ დაუჯერებს. ასე რომ, ეს მორიგი აბსურდული ბრალდებაა, რომლითაც საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვა უნდათ. ვაფრთხილებდით, რომ გავრილოვის ჩამოყვანა საზოგადოებისთვის უმძიმესი იქნებოდა, არ უნდა შემოეშვათ. ბრიფინგი მოვაწყვეთ, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გავმართეთ, ვეუბნებოდით, რომ ამას მოჰყვებოდა გართულება, მაგრამ... სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ადამიანი, რომ გავრილოვს პარლამენტში მიიყვანდნენ და კობახიძის სკამზე დასვამდნენ.

- გარდა საჯარო განცხადებებისა, პროკურატურას რა მტკიცებულებები აქვს? - თავიდან საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა. შემდეგ ვიღაცას თავში მოუვიდა, რომ ეს არ არის საკმარისი, შევცვალოთ კვალიფიკაცია და დავარქვათ ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზითო. პროკურატურამ სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რასაც ამბობს რუსეთის ხელისუფლება - დაისაჯონ ისინი, ვინც საპროტესტო აქციით შეხვდა გავრილოვს. ეს თეზისი გავრილოვს ეკუთვნის და დაიწყეს კიდეც ხალხის დასჯა - ჯერ მელიას შეუზღუდეს კონსტიტუციური უფლება, მისი პარლამენტში მისვლა-არმისვლა პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს.

ამ თვეში განიხილება სამი რეზოლუცია. ერთი ჩვენი, გავრილოვის სია, რომელიც ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის. ბუნებრივია, პარლამენტი მას ჩააგდებს, მაგრამ ჩვენ მაინც მივმართავთ საელჩოებს, თან მომავალი პარლამენტი მაინც მიიღებს ამ სიას. პარლამენტში შესული კანონპროექტები არსად ქრება, შემდეგი მოწვევის პარლამენტში გადადის; განიხილება ასევე გახარიას გადაყენების საკითხი და მესამე რეზოლუცია შეეხება ამ მოვლენებთან დაკავშირებულ "ქართული ოცნების" საქმიანობას. ამ დროს კი მელიას არ მისცეს უფლება, რეზოლუციების განხილვაზე მივიდეს პარლამენტში, სამაგიეროდ შეუძლია დაესწროს მეღორეობისა და მეფრინველეობის განვითარებაზე მსჯელობას. ამით პროკურატურა დეპუტატის საქმიანობას შერჩევითად განსაზღვრავს.

გავრილოვს ოცნება აუხდინა "ოცნებამ", ამას დაუმატეთ კარასინის შანტაჟი, თუ ასე გააგრძელებს საქართველო, ორივე მხარე შევიარაღდეთ და ასე გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედიო. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს მაშინ, როდესაც ნახევარ მსოფლიოს რუსეთის ატომური ბომბის ეშინია? მეტიც, თითს უქნევს ჩვენს პარტნიორებს, რომ არ გაბედონ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა. ამ ვითარებაში არავინ იცის, ივანიშვილთან არსებული ფარული არხებით ოპოზიციის დასჯას რა მეთოდებით მოითხოვს. "ოცნებამ" კრემლის სურვილებს შეასხა ხორცი.

- წინა შემთხვევების დროს ბრალდებებს მოჰყვა ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც, ახლაც ხომ არ ელოდებით იმავეს? - ფარული ჩანაწერების დღეს არავის სჯერა. შეუძლიათ ნებისმიერი რაღაც დაამონტაჟონ. თუ გაავრცელებენ ჩანაწერს, მე მეორე დღესვე გავავრცელებ ფარულ ჩანაწერს, როგორ ელაპარაკება პრემიერი-მინისტრი ივანიშვილს, ზებრასა და ზვიგენს.

- გიგი უგულავა, გია ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე არიან დაბარებული. თქვენი აზრით, ისინიც ხომ არ გაიზიარებენ ნიკა მელიას ბედს? - ახლა მიდის სპეცოპერაცია არა რიგითი გახარიას გადასარჩენად... არა მგონია, ოქრუაშვილსა და უგულავას სერიოზული პრეტენზიები წაუყენონ, აქცენტების გადატანას ცდილობენ, რომ ხალხს დაავიწყონ სხვა პრობლემები.

- მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები? - უკვე დაიწყეს - აქციის მონაწილეებს იჭერენ, დევნიან. ჩვენ შევხვდით დიპლომატიურ კორპუსს და ყველა საელჩოს მივაწოდეთ ინფორმაცია. ვთხოვეთ, თავიანთი სახელმწიფოები ჩააყენონ საქმის კურსში, რათა მკაცრი ზომები მიიღონ. ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი დაკავშირებულია უცხოურ წყაროებთან... ნუ ავიწყდება ივანიშვილს, რომ მისი ანგარიშებიც უცხოეთშია. თუ ძალიან აიშვებს თავს, აგერ კარგი მაგალითია მოლდოვა - ოლიგარქს ეგონა, ქვეყნის სათავეში 30 წელი იქნებოდა, მაგრამ 30 დღის წინ გაიქცა ქვეყნიდან და მისი აქტივებიც გაყინულია.

- დაკავებული 4 პირიდან რომელიმეს თუ იცნობთ? - არც ერთს არ ვიცნობ, ერთზე ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით.