"გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში"
13-07-2019
"გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში"
ფოტო:გიორგი გახარია
ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება და მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გადადგომაა. თავად გახარია აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. პროკურატურამ მომხდარს კვალიფიკაცია მიანიჭა და ამბობს, რომ ცალკეული პირები ამბოხების გზით ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას გეგმავდნენ.

"დადგენილია, სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით. შესაბამისად, დაზუსტდა სამართლებრივი
კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია", - ამბობენ პროკურატურაში და ბრალდებულთა რიცხვის გაზრდასაც არ გამორიცხავენ, - "ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21
ივნისს რუსთაველის პროსპექტზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები. თბილისში მდებარე 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად ამოღებულია სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები... მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. სხვადასხვა­ ტელეკომპანიიდან და მასმედიის სხვა საშუალებებიდან გამოთხოვილია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ ფაილს აჭარბებს. საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო­ დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარესათვალთვალო კამერების აღბეჭდილი ვიდეომასალა... გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო­ და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, "ოცნების" სტრატეგიული ამოცანა ძალაუფლების გახანგრძლივებაში მდგომარეობს, ხელისუფლება კონტრშეტევაზე გადავიდა და შედეგის მიღებას დაშინებისა და შეთქმულების თეორიების გზით ცდილობს.

- საქმის სამართლებრივ ნაწილზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან პროკურატურას­ ის ჯერ არ გამოუქვეყნებია. პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ის სკეპტიკური განწყობის საფუძველს გვიქმნის იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის საქმეები წინასაარჩევნოდაც აღძრა. მათ პოლიტიკური­ მიზნის მისაღწევად იყენებდა და შემდეგ თაროზე შემოდებდა. ხელისუფლება წინა ხელისუფლების შპარგალკებით ხელმძღვანელობს, ანუ სისტემა არ შეცვლილა და ისინი იმავე ნაღმებზე ფეთქდებიან.

- ანალოგიური მუხლით აღძრული ერთ-ერთი საქმის ფიგურანტი თავის დროზე თქვენც იყავით.
- დიახ, 2007 წელს აღძრული სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი­ ვიყავი. დღევანდელ ხელისუფლებას მას მერე არაფერი შეუცვლია. ის იმ სისტემას კი არ ებრძვის, პირიქით, ყველა მანკიერებას იმეორებს და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამ ყველაფერს თუ სახელმწიფოს პრიზმაში გავხედავთ, ეს დამანგრეველი შედეგების მომტანია - როდესაც მართლმსაჯულების პოლიტიზება ხდება, ანუ მისი გამოყენება პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად და გახმაურებული საქმეების გადასაფარად, ეს საბოლოოდ ანგრევს სახელმწიფოს და თვითონ ხელისუფლებას.
ჩვენ ვიღებთ ურჩხულს, რომელიც, როგორც კი დაფრთიანდება, მისივე მშობელს შეჭამს. ასეთია ისტორიული კანონზომიერება, საქართველოს უახლესი ისტორიაა ამის დასტური. ადრე თუ გვიან, ეს მონსტრი თვითონ ამ ხელისუფლებას შეჭამს.

- რას ცდილობს ხელისუფლება, როცა თავდაცვიდან თავდასხმაზე გადადის, გავლენიანი წევრების პასუხისმგებლობის გადაფარვა უნდა, გახარიას იცავს?
- გახარია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ვთქვათ, მაინცდამაინც მას გადაეფარნენო. გახარიას ხელისუფლებაში მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში, ეს აშკარად ჩანს.
ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის და მინისტრს იმიტომ კი არ წირავენ, რომ მოსწონთ, არამედ იციან, რომ გახარიას გაწირვამ შეიძლება სისტემური რყევები გამოიწვიოს. გახარია დღეს უფრო ხელისუფლების პრობლემაა, ვიდრე ოპოზიციის. ოპოზიციას ის უფრო უხარია, რაც მეტხანს იქნება გახარია, ეს პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების ინსტრუმენტს აძლევს. პოლიტიკური ლოგიკით, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უკვე უნდა გადაედგა და პრობლემაც აღარ იქნებოდა.
ბიძინას მმართველობითი სისტემა დომინოს ქვებით არის ნაშენი და ერთი ქვაც რომ გამოაცალო, ხუხულასავით დაიშლება. ამის ეშინია ივანიშვილს. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი რომ გვქონდეს, გახარია უნდა წასულიყო და კრიზისიც აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჩვენი მმართველობითი სისტემა ხომ არ არის რეალურად დემოკრატიული? ჩვენ ჯერ კიდევ ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ყველაფრის დირექტორია. ოპერატიული თვალსაზრისით, ამ კრიზისის ჩაცხრობა რომც შეძლონ მისი დისკრედიტაციის გზით, რა გზაც აირჩია ხელისუფლებამ, ორ კვირაში ახალი კრიზისი იფეთქებს, რადგან პერმანენტული კრიზისების ეპოქაში ვართ შესული.
ნავს, რომელშიც ხელისუფლება ზის, ძალიან ბევრი ხვრელი აქვს და ნელა, მაგრამ მაინც ჩაიძირება, მას თითებით დაგმანვა კი არა, გენერალური რემონტი უშველის, რისი სურვილიც ხელისუფლებას არა აქვს.

- მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეც დამტვერილი საქმეების რიცხვშია? ტერორისტად შერაცხილი ადამიანი თავისუფალია, ნიკა მელია კი, რომელსაც სასჯელი არც აქვს შეფარდებული, ელექტრონული სამაჯურით დადის...
- ნიკა მელიას კი არა, ხელისუფლებას აქვს პრობლემა მელიას გამო. როცა პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესშია, ის ციხეშიც ჯდება, ამათ კი ერთი დამატებითი გმირი შექმნეს და ამით ისევ თვითონ გაიჩინეს პრობლემა.

- რატომ არის თქვენთვის სასაცილო უმრავლესობის განცხადება, რომ ხელისუფლებამ რაღაც დიდ უბედურებასა და განსაცდელს აგვარიდა?
- იმ დღეს ცარიელ შენობაში ცარიელი ხელებით 200 კაცი უნდა შესულიყო. სახელმწიფო გადატრიალება ფოსტა-ტელეგრაფის აღებით უნდა იწყებოდეს, ეს XX საუკუნის დამდეგის თემაა. XXI საუკუნეში პარლამენტის აღება არაფერს იძლევა. საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, ამ შენობის აღება არ ნიშნავს ხელისუფლების პარალიზებას. ყველა ინსტიტუტი ფუნქციონალურია და რომ შეცვივდებოდნენ, იმ შენობიდან მათი გამოყვანაც­ ადვილი იყო და დასაბუთებული სამართლებრივი შედეგებიც იქნებოდა.
ანალოგიური და უფრო მძიმე ფაქტი მოხდა ჰონკონგში - პარლამენტში არმატურებით შეიარაღებული 100-მდე კაცი შევარდა და პოლიციამ გაზი გამოიყენა. ისინი შენობიდან გამოიყვანეს და სახელმწიფო გადატრიალება არც გამოუცხადებიათ.

დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციური პოტენციალი აღარ აქვს. რევოლუციას ისევ ხელისუფლება თუ მოუწყობს თავის თავს, არა "ნაცები".

- პროკურატურის განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ პარლამენტის იერიშით აღება პირველი ფაზა იყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე...
- გვახსოვს საბურავების საქმე, მაშინაც პირველ და მეორე ფაზებზე იყო ლაპარაკი. გიჟი და ბრიყვი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო. რაღაცას გეგმავდნენო...

თუ დანაშაულს იმას ეძახი­ან, რომ ვიღაც მთელ საქარ­თველოში საპროტესტო ტალღის გავრცობას აპირებდა, არ ვიცი. გააჩნია, რა ქმედებები იქნებოდა - თუ იარაღით შევარდნას აპირებდნენ, სხვა საქმეა, და თუ ვიღაც საპროტესტო ტალღის აგორებას ბათუმსა და ქუთაისში აპირებდა და მეორე ფაზად ამას ჩათვლიდნენ, ეს არ ნიშნავს ამბოხებას, ასეთი საპროტესტო აქციები კონსტიტუციით დაშვებულია.

- რა შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას ისეთი, რაც ბრალდებას გაამყარებს?
- შეიძლება აქვს, შეიძლება არა, მაგრამ გვაქვს გამოცდილება. საბურავების საქმეზეც ამბობდნენ, რაღაც საშინელებას აპირებდნენო, მტკიცებულებები გვაქვსო და სად არის? იყო მიშასა და წიკლაურის, სხვათა საუბრების ჩანაწერებიც, გვიმტკიცებდნენ, თითქოს გადატრიალებას და რაღაც საშინელებას აპირებდნენ, მაგრამ სადაა? რამდენჯერ შეიძლება დავუჯეროთ ხელისუფლებას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური ამოცანის შესრულების ობიექტად თვლის და მერე დასცინის.

დაცინვაა ყველა ის საქმე, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძრა. "ოცნების" სტრატეგიული ამოცანა იმაში მდგომარეობს, როგორმე გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, ამის მეტი ამოცანა აღარ აქვს და ცდილობს დაშინებისა და შეთქმულების თეორიების გზით მიიღოს შედეგი.

ალექს
15 ივლისი 2019 07:51
ნაძმო სარევოლუციოდ შეიქმნა,წესდება საქციელში აქვს ძარცვა,რის პოლიტიკა ,რა პოლიტიკა,კრიმინალს პოლიტიკურ ველზ ე სჩადის ,ამიტომ პოლიტიკოსია ?!
კრიმინალია და ციხეში ,შენ სახლში გია,წადი ! !
pop
15 ივლისი 2019 05:18
ახსნის ვინმე, როგორ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, თუ ჯარი და პოლიცია გადამტრიალებლის მხარეზე არ დადგა, ამის საფრთხე თუ არსებობდა, ეს სულ სხვა საკითხია, ამის შესახებ უნდა იცოდეს მოსახლეობამ...საინტერესოა რატომ იყო ღია პარლამენტის შენობის ალაყაფის კარები???ხომ არ იყო ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია, მომიტინგეების მხრიდან შეჭრის და სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების ბრალდებით, საქმის აღსაძვრელად???
gocha
14 ივლისი 2019 12:27
გია არის ჭკვიანი კაცი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?