დიმიტრი ხუნდაძე: "უნდა შევისწავლოთ, ხომ არ დაიგეგმა ეს ყველაფერი სადმე სხვაგან" - კვირის პალიტრა

დიმიტრი ხუნდაძე: "უნდა შევისწავლოთ, ხომ არ დაიგეგმა ეს ყველაფერი სადმე სხვაგან"

20-21 ივნისის მოვლენებს აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე: - ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და კვალიფიკაციაც შესაბამისი აქვს. მთავარია, დროულად გამოიკვეთოს კონკრეტული დანაშაულები, რომ მოგვეცეს საქმის როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასება. დასადგენია არა მარტო ის, თუ ვინ მოუწოდა და ვინ დაგეგმა, არამედ ისიც, იყო თუ არა პოლიციის ქმედებებში გადაცდომა, სხვაგვარად ვერ მივიღებთ ობიექტურ სურათს.

- მხოლოდ მომიტინგეები დააკავეს, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა. - "ოცნებამ" აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა - პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთმა წევრმა კი, რომელიც ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდა - დეპუტატის მანდატი. ასევე პარლამენტმა შეუჩერა იმუნიტეტი დეპუტატ ნიკა მელიას - ის იყო მთავარი პროვოკატორი და პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, 10 პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება, 2 პოლიციელზე საქმე აღიძრა, დაკავებულია 4 მოქალაქე. თქვენ მკითხეთ, რატომ არ დაუკავებიათ არც ერთი პოლიციელიო, ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ.

მომიტინგეების დანაშაულებრივი ქმედება აშკარა იყო, მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, ერთ-ერთმა გამოიყვანა სამართალდამცავი და ფეხებით შესდგნენ. თუმცა ველოდებით, რომ გამოიკვეთება ზოგიერთი პოლიციელის დანაშაულიც. ყველამ ნახა, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს და თელავდნენ, ამავე დროს ვნახეთ დასახიჩრებული მოქალაქეებიც.

- მაგრამ ჩვენ გვახსოვს ამ მუხლით აღძრული არაერთი საქმე, მათ შორის ჭიკაიძის მინისტრობისას დაწყებული საბურავების საქმის გამოძიება, თუმცა არ მისულა ბოლომდე... - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და საქმის აღძვრა არის პრევენციული ღონისძიება, აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა და დანაშაულის დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დადგება განაჩენი.

ის დრო წავიდა, როცა ვიღაცის შეკვეთით აკავებდნენ და გამოჰქონდათ განაჩენი, ვის დახვრეტა, ჩამოხრჩობა, ქონების ჩამორთმევა და გირაო - ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა. ადამიანს ბრალი რომ დაუმტკიცო, მტკიცებულებებია საჭირო...

ძალიან ვწუხვარ, რომ აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის დაუზიანებლად ვერ დავასრულეთ. შესასწავლია, რამდენად პროპორციული და ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. ეს საქმე მრავალმხრივ არის გამოსაძიებელი. ერთი პლუსი ის არის, რომ ეს ძალიან ბევრი ვიდეოკამერის ქვეშ ხდებოდა, ზღვა მასალაა...

- კიდევ რა მტკიცებულება აქვს პროკურატურას? - ჩანაწერების გარდა, არის მოწოდებებიც. მხოლოდ ადგილობრივი პროცესი კი არ უნდა შევისწავლოთ, ისიც, ხომ არ დაიგეგმა ეს ყველაფერი სადმე სხვაგან.

საზოგადოებას კარგად ახსოვს სააკაშვილის ნათქვამი, რომ სამართალდამცავებთან აქვს პირდაპირი კავშირი...

- პოლიციელებზე ძალადობა და ქვების სროლა ვიხილეთ ცოტა ხინ წინ პანკისშიც, თუმცა არავინ დასჯილა. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი და არასწორი მიდგომა? - ლოკალურ ადგილზე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა განსხვავდება სახელმწიფო გადატრიალებისგან. აქციაზე ჰქონდათ მიზანი, რომ სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აეღოთ და ხელისუფლება დაემხოთ. მიზანი და მოსალოდნელი შედეგი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ასევე განსხვავებულია ლოკაციებიც - ერთი იყო თბილისში, მეორე კი პანკისში.

თუ სახელმწიფოს ინტერესები არ გავითვალისწინეთ, კონკრეტულ ქმედებაზე კონკრეტული პასუხით შესაძლოა დავაზიანოთ უფრო მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია...

- გასაგებია, მაგრამ პოლიციელებზე ძალადობა ხომ არავის ეპატიება? - ჩვენი ყველა ქმედება უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, მაშინ იქნება პერსპექტიული ქვეყანა...

- დაკავებები გაგრძელდება? - ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დააკავონ. ქვეყანაში პროცესები ქუჩიდან არ უნდა იმართებოდეს. მოქალაქეების პირველი რეაქცია მესმის, მაგრამ ყველაფერს აქვს ზომა-წონა და შედეგობრივი საფუძველი. ჩვენ ხომ ვაზიანებთ ქვეყანას, ეკონომიკას, ტურიზმს და ურთიერთობებს. სახელმწიფოს ინტერესი მოიცავს არა მარტო კონკრეტულ ქმედებებს, შორეულ პროგნოზებსაც, ამიტომ წინ უნდა ვიყუროთ და მხოლოდ ემოციას არ უნდა ავყვეთ.