პატრიარქი ფილარეტი: "ჩვენ არ გვსურს არც მოსკოვის და არც კონსტანტინეპოლის ბატონობა" - კვირის პალიტრა

პატრიარქი ფილარეტი: "ჩვენ არ გვსურს არც მოსკოვის და არც კონსტანტინეპოლის ბატონობა"

"თუ უკრაინას არ ექნება დამოუკიდებელი ეკლესია, პუტინი დააჩოქებს უკრაინულ სახელმწიფოს და შემდეგ სხვა ქვეყნების ჯერი დადგება..."

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კრიზისია - და ეს იმის ფონზე, რომ სულ რაღაც 6 თვის წინ ქვეყანა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან ტომოსის (ავტოკეფალიის დამამტკიცებელი პერგამენტი) მიღებას ზეიმობდა. საპატიო პატრიარქ ფილარეტს, როგორც ჩანს, სიმბოლური ძალაუფლება აღარ აკმაყოფილებს - ივნისის მიწურულს მან განაცხადა, რომ ის და "მისი ეკლესია", კიევის მართლმადიდებელი საპატრიარქო, ტომოსზე უარს ამბობენ და არც ძალაუფლებისა და არც ქონების გადაცემას უკრაინის გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არ გეგმავენ. მეორე მხარის პასუხმაც არ დააყოვნა - ფილარეტს ძალაუფლება შეუჩერეს, თუმცა ეპისკოპოსისა და პატრიარქის წოდება არ ჩამოურთმევიათ. რას გეგმავს "განდგომილი პატრიარქი" და შეეწირება თუ არა მის ამბიციებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ამაზე ფილარეტი "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომლის ქართულ ვერსიასაც "კვირის პალიტრა" გთავაზობთ.

- უპირველესად გკითხავთ, რა როლს თამაშობს ეკლესია, და საზოგადოდ რელიგია, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში?

- რელიგია უზარმაზარ როლს თამაშობს. ომი, რომელიც პუტინმა გააჩაღა, მიმართულია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ენდობა ეკლესიას, კონკრეტულად, კიევის საპატრიარქოს. ჩვენი ეკლესია მათთვის შთაგონებისა და მხნეობის უშრეტი წყარო იყო. ეს არის ეკლესია, რომელიც ყველაფერს აკეთებს უკრაინული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის.

რომ არა კიევის საპატრიარქო, ვფიქრობ, პუტინი დღეს კიევში იქნებოდა. მეორე მხრივ, მოსკოვის საპატრიარქო და მათზე დაქვემდებარებული მართლმადიდებელი ეკლესიები უკრაინაში ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მოსახლეობა მოატყუონ. ისინი ამბობენ, რომ ომი რუსეთმა კი არ დაიწყო, არამედ ჩვენვე გავაჩაღეთ საკუთარ თავთან, რომ ეს სამოქალაქო ომია, რომ ყირიმის დაკარგვა რუსეთს კი არა, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და ასე შემდეგ. ისინი რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

- ბევრ მართლმადიდებელ ქვეყანაში დღემდე პოპულარობით სარგებლობს მოსაზრება, რომ რუსები, რაც უნდა ჩაიდინონ მათ, მაინც "სარწმუნოებრივი ძმები" არიან. რას ფიქრობთ ამ ფენომენზე?

- იმაზე მეტად არაფერი გამახარებს, რომ რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების ქრისტიანებმა ქრისტიანულ ძმობაში იცხოვრონ, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ რუსი ქრისტიანები მხარს უჭერენ პუტინს და მის ტირანულ, სისხლისმღვრელ რეჟიმს. ჭეშმარიტი ქრისტიანი ასე ვერ მოიქცევა, ამაზე თვალს ვერ დახუჭავს.

- მიმდინარე ომის კონტექსტში, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ავტოკეფალია? - ჩვენ გვჭირდება, რომ სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა აღიარონ ჩვენი ავტოკეფალია, მაგრამ ეს ტომოსი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ავტოკეფალიას არ იძლევა. ის მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშევრდომებიდან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ქვეშევრდომებად გვაქცევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ეკლესია არ არსებობს. თუ უკრაინას არ ექნება დამოუკიდებელი ეკლესია, პუტინი დააჩოქებს უკრაინულ სახელმწიფოს და როცა ამას გააკეთებს, შემდეგ სხვა ქვეყნების - ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ჯერი დადგება.

- დიპლომატიურად რომ შევხედოთ საკითხს, განა კონსტანტინეპოლის ქვეშევრდომობა არ სჯობს მოსკოვის საპატრიარქოს მმართველობას? რომელია უფრო მცირე ბოროტება? - თავისუფალი ან ხარ, ან არა - სანახევრო თავისუფლება არ არსებობს. ჩვენ არ გვსურს არც მოსკოვის და არც კონსტანტინეპოლის ბატონობა.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებელი ეკლესია, ნაკლებს ვერ დავთანხმდებით.

- მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიები, მათ შორის ქართული ეკლესია, თქვენს ავტოკეფალიას არ აღიარებენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? - სწორედ ის არის უბედურება, რომ 13 კანონიკური ეკლესიიდან არც ერთი არ ცნობს კონსტანტინეპოლის მიერ გაცემულ ამ ტომოსს. მას კარგი არაფერი მოუტანია ჩვენთვის, უბედურება და ზიანი კი ბლომად მოგვიტანა. ამ ტომოსმა გახლიჩა უკრაინული მართლმადიდებლური ერთობა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ამ ეკლესიებზე, მათ შორის საქართველოს ეკლესიაზე, რათა ვერ გაბედონ ამ ტომოსის აღიარება.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ტომოსს ხელს არ მოაწერდით, მისი შინაარსი რომ გცოდნოდათ. მომიტევეთ, მაგრამ რანაირად მოახერხეთ, რომ თქვენი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი ისე მოაწერეთ, რომ არ გასცნობიხართ? არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი უშუალო პასუხისმგებლობაა? - ჩვენ არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი, რომ გვცოდნოდა, რას გვაძლევდნენ, არც საბჭოს მოვიწვევდი და არც დავეთანხმებოდი ტომოსს. ჩვენ გაგვაცურეს, გვითხრეს, რომ ტომოსი ავტოკეფალიას ნიშნავს, რომ ეს იქნებოდა ისეთივე ტომოსი, როგორიც აქვთ სხვა კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიებს - რუსულს, ქართულს, ბულგარულს, სერბულს, სინამდვილეში კი მოგვცეს დოკუმენტი, რომელიც კონსტანტინეპოლის მსახურებას გვაკისრებს. ჩვენ ეს არ გვითხოვია.

- არსებობს თუ არა შანსი, რომ უკრაინამ ტომოსი დაკარგოს? - ეს დამოკიდებულია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოზე - მას შეუძლია ტომოსის უკან გაწვევა. თუ ეს მართლაც მოხდება, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ - უფრო დიდი პრობლემა ამ ტომოსმა უკვე მოგვიტანა, როდესაც ჩვენი ერთობა გახლიჩა.

- თუ მართლაც ასე მოხდა, იქნება თუ არა ეს თქვენი ბრალი? მოსცხებს თუ არა ეს ლაქას თქვენი, როგორც რელიგიური ლიდერის მემკვიდრეობას?

- მე ამაში თავს დამნაშავედ ვერ ჩავთვლი. ჩვენ გვინდოდა ტომოსი, რომელიც დამოუკიდებლობას მოგვცემდა, მათ კი გაგვაცურეს. თუ მათ გაგვაცურეს, მე რატომ უნდა დამბრალდეს ეს?

- უკრაინის ერთიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კიევის საპატრიარქოს მართვის სადავეები ჩამოგართვათ. რა იქნება შემდეგ? როგორ აპირებთ ამ დისპუტის მოგვარებას? - მათ არა აქვთ ძალაუფლება ჩვენს ეკლესიაზე. ჩვენ 20 ივნისს მოვიწვიეთ სხდომა და გამოვეყავით უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას და დღეს დამოუკიდებელი რელიგიური სტრუქტურა ვართ. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება შემდეგ, ალბათ, მოხდება ის, რომ უკრაინას ისევ სამი მართლმადიდებელი ეკლესია ეყოლება.

- ფიქრობთ თუ არა, რომ ეს განხეთქილება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს? - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსეთს აწყობს. მოსკოვში უხარიათ, რომ ტომოსის მიღებას ჩვენთან სქიზმა და შიდა დაპირისპირება მოჰყვა.

- თუ ასე ფიქრობთ, არ ჯობს შიგნითვე მოძებნოთ კომპრომისი და ერთად დაუპირისპირდეთ რუსეთს? - ჩვენ ვერ გაგვაერთიანებს ტყუილი, მხოლოდ ჭეშმარიტება გაგვაერთიანებს - ჭეშმარიტება კი ის არის, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ეკლესია ესაჭიროება. დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო ევროპისთვის მშვიდობის გარანტიაა და იმედია, ევროპაში გაიაზრებენ ამას.

თუ არ იარსებებს უკრაინული სახელმწიფო, პუტინი უფრო შორს შეტოპავს და ევროპაში მშვიდობა არ იქნება. ამიტომ მათ ინტერესებშიცაა, რომ უკრაინა დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩეს. ამისთვის აუცილებელია, უკრაინას ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და არა ეკლესია, რომელიც მოსკოვის ან კონსტანტინეპოლის დავალებებს შეასრულებს.

ვაჟა თავბერიძე