"ქართველებს პუტინი პირადად გაგვიბრაზდა" - კვირის პალიტრა

"ქართველებს პუტინი პირადად გაგვიბრაზდა"

20-21 ივნისის მოვლენების შემდგომ ჩრდილოელი მეზობელი მუქარიან გზავნილებს არ წყვეტს. უფრო მეტიც, აამოქმედა ეკონომიკური ბერკეტიც - პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს. ამის პარალელურად კი გასულ კვირას ჟენევაში შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

"ჩვენ არავითარი ალტერნატივა არა გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ, ამას უხეშად ვამბობ... ჟენევის დისკუსიები სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობისა და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდგომ.

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის დროს განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის საპასუხო "სადამსჯელო ღონისძიებებსა" და მოსკოვთან ურთიერთობაში არსებულ ვითარებაზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა.

- რუსეთის ტაქტიკაა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სათავისოდ გამოიყენოს, შესაბამისად, ღირებულს ვერაფერს მივიღებთ მასთან ურთიერთობით. განსაკუთრებით მასზე დამოკიდებულებაა ძალიან სახიფათო. "გავრილოვის ღამის" შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ მზად არიან ნებისმიერ დროს ემბარგო დაუწესონ საქართველოს და შეაჩერონ ტურისტების ჩამოსვლა. იციან, რომ ამ მხრივ ძალიან მოწყვლადია საქართველო. ამიტომაც საქართველო ევროპის ბაზარზე უნდა იყოს დამოკიდებული, ეს ცოტა ძნელია, მაგრამ გრძელვადიანი, რუსეთი კი მოკლევადიანია.

კრემლი არაპროგნოზირებადია. ჩვენს ურთიერთობაში პოზიტიურ ცვლილებას არ ველოდები.

- საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი მხოლოდ 20 ივნისის მოვლენებია თუ სხვა ფაქტორებსაც ხედავთ? - საჰაერო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ ტურისტებს შეეხება. პირველ ეტაპზე ეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ დაწყებულია კამპანია - ევროპაში სოლიდარობას უცხადებენ ქართველებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ევროპელი ტურისტი ჩამოიყვანონ. თავდაპირველად ძალიან გაუჭირდება საქართველოს, მაგრამ ამასაც გადალახავს.

- კარასინ-აბაშიძის ფორმატის გაგრძელების აზრს თუ ხედავთ? - ჩვენ პუტინი პირადად გაგვიბრაზდა, კარასინი არაფერს ნიშნავს. არა მგონია, რუსეთი დაბრუნდეს ჟენევაში, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს შეიძლება ერთიერთზე ელაპარაკო და სხვები არ უნდა ერეოდნენ.

- ხელისუფლება პუტინის შემორიგებას უნდა ეცადოს? - არა, არც ერთ ფორმატში, რადგან რუსეთი ქართველი ხალხისთვის ძალიან დამამცირებელ დიდ ფასს მოითხოვს. ბოლოს და ბოლოს, ჩამოვყალიბდეთ, რომ რუსეთი მტერია და მის შემორიგებას არ უნდა ვცდილობდეთ. ეს უკვე ქვეყნის თავმოყვარეობის საკითხია. კარასინის მუქარა დიპლომატიური ხრიკია. რუსეთს ომის რესურსი აღარ აქვს, დასავლეთს მეტად ვეღარ გააღიზიანებს. ახლანდელი ოფიციალური მოსკოვი ბევრად სუსტია. რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ეკონომიკური სანქციებია, ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადაიტანს.

- რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება აღუდგინეს, აპატიეს 2014 წელს უკრაინაში სამხედრო აგრესია. - რა გასაკვირია, რუსეთი მუშაობს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს მოუტანს.