"ეყოთ გამბედაობა და თუ აქვთ მტკიცებულებები, ბოლომდე მიიყვანონ საქმე" - კვირის პალიტრა

"ეყოთ გამბედაობა და თუ აქვთ მტკიცებულებები, ბოლომდე მიიყვანონ საქმე"

სახელმწიფო გადატრიალება, არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება - ასეთია გამოძიების პირველადი შედეგები. ითქვა, რომ შეიძლება გაიზარდოს დაკავებულთა რიცხვიც, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე არ საუბრობენ. ხომ არ დაიწყება ოპოზიციის მისამართით რეპრესიები, ამ და სხვა საკითხებზე პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელიას ვესაუბრეთ.

- სახელმწიფო გადატრიალებისა და ამბოხების მუხლი არცთუ იშვიათად გამოიყენება პოლიტიკური პროცესების დროს. რამდენჯერმე დაიწყო ამ კვალიფიკაციით საქმის გამოძიება, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამაც, თუმცა საქმეები არ გაგრძელებულა.

მახსოვს ამ მუხლით დაწყებული გამოძიება წინა ხელისუფლების დროსაც - ჩვენს საპროტესტო აქციებს ეს კვალიფიკაცია მისცეს. ამბობდნენ, რომ აქციები იყო მართული, რუსული სცენარი, პროვოკაცია, სახელმწიფოს გადატრიალება და ა.შ. და არც მაშინ მისულა საქმე ბოლომდე.

თუ პროკურატურის განცხადება არ იქნება მტკიცებულებებით გამყარებული და არ იტყვიან, რას აკეთებენ და რას იძიებენ, სხვაგვარად ცუდი ასოციაცია დარჩება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ყველაზე მთავარი სამართლებრივი ტესტი ჩააბაროს და თქვას, რა მთავარ მტკიცებულებას ემყარება გამოძიება, დაასახელონ ის პირები, რომლებიც გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ეყოთ გამბედაობა და თუ აქვთ მტკიცებულებები, ბოლომდე მიიყვანონ საქმე.

- ხომ დაიბარა პროკურატურამ გამოკითხვაზე გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი? მელიასაც დაუმძიმდება ბრალი?

- ჯერ მხოლოდ ნიკა მელიაა ბრალდებული. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი მოწმეებად დაიბარეს.

ხელისუფლების მხარეს ბრალდებული არავინ არის, არადა, აშკარად გადაამეტეს ძალას - მოქალაქეები დაშავდნენ, დასახიჩრდნენ, მხედველობა დაკარგეს. უფლებამოსილების შეჩერება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. ვფიქრობ, ხელისუფლება ამის გაკეთებას არც აპირებს.

ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის კობახიძის სავარძელში ჩასმას ხალხის გულწრფელი, ლოგიკური პროტესტი მოჰყვა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ამაზე უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს, თუმცა, ვემიჯნები პოლიციელებზე ძალადობას. შემდეგ კი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ძალადობდნენ მოქალაქეებზე. ასე რომ, ორივე მხარეს იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

- გამორიცხავთ, რომ ეს გულწრფელი პროტესტი ოპოზიციას გამოეყენებინა სახელმწიფო გადატრიალებისთვის? - "ქართული ოცნება" თავისი შეცდომებით "ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს და შანსს აძლევს, რომ რევანშით დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომ ვამბობ, რომ""ქართული ოცნება" შესაცვლელია.

პარლამენტში რომ შემოსულიყვნენ ის აქტივისტები, რას იზამდნენ? დაამტვრევდნენ იქაურობას და ეს საკმარისია სახელმწიფო გადატრიალებისთვის? ამის თქმა ცოტა არასერიოზულია, მაგრამ თუ სხვა ვერსიები და მტკიცებულებები აქვთ, მაშინ წარმოადგინონ.

რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეთა ძალადობრივ ქმედებებს არავინ გაამართლებს, მაგრამ არც მეორე მხარეს ვამართლებ, თითქოს იმდენი ითმინეს, რომ ყელში ამოუვიდათ და მოქალაქეებს დაერივნენ. იმიტომ გვყავს სპეცრაზმი და ვუხდით ხელფასს, რომ თავი შეიკავონ, სანამ შესაკავებელია, და პროპორციულად იმოქმედონ მაშინ, როცა საჭიროა და ადამიანის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ.

რატომ არავინ აღმოჩნდა იქ პასუხისმგებელ პირთაგან, რომ გაეჩერებინათ ისინი, ვინც დამიზნებით ისროდნენ და უდანაშაულო ადამიანები დაასახიჩრეს?

- რამდენად ელოდებით ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას? - თუ ვინმეზე არსებობს მტკიცებულებები, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჯერჯერობით ისე მოქმედებს "ქართული ოცნება", რომ საკუთარ მხარეს კანონი რომ დაირღვა, ვერ ხედავს.

- თქვენი აზრით, გახარია უნდა გადადგეს? - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია მიმაჩნდა ერთ-ერთ ყველაზე რეფორმატორ და ნათელ ახალ წევრად მინისტრთა კაბინეტში, ვფიქრობ, მისი შესაძლებლობები სხვაგან უნდა გამოიყენონ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია, მე რომ ვიყო მის ადგილას, გადავდგებოდი.

ევროპის ქვეყნების სტანდარტია - ინსტიტუციის ნდობა იმდენად მაღალი უნდა იყოს, პიროვნულმა ფაქტორებმა მისი სანდოობა არ შეარყიოს. თუ არ გაიაზრებენ ამ პასუხისმგებლობას, პოლიცია და შსს საზოგადოების ნდობას დაკარგავენ.

- ანუ გახარიას დარჩენით პოლიციის რეიტინგი დაეცემა? - არ ხდება ცუდი პოლიციელისა და კარგის დიფერენციაცია, ამის გამო კი ყველა ილანძღება, ხოლო პოლიციაზე ასეთი მასობრივი შეტევა აზიანებს ინსტიტუტს.

- რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს. რა ეტაპზეა გამოძიება? - საბოლოოდ დავკარგე იმედი, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში დამნაშავე, რომელმაც ეს გააკეთა და პირველწყაროა, გამოვლინდება.

- თქვით, რომ საქმეში რამდენიმე ცნობილი გვარი აღმოაჩინეთ. - ერთ-ერთი მოწმეა. ის არ არის ცნობილი პიროვნება, თუმცა როდესაც მასალები გასაჯაროვდება და სასამართლოში გაიგზავნება, მის საკითხს დავსვამ. აბსოლუტურად იმავე ქმედებისთვის სხვებს ბრალი წაუყენეს, ის კი მხოლოდ მოწმედ დაჰკითხეს.