"ივანიშვილი შეეცდება თითო-თითო მანდატიანი­ პარტიები შეიერთოს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი შეეცდება თითო-თითო მანდატიანი­ პარტიები შეიერთოს"

"ბევრი ვითომ ოპოზიციური პარტია შეიქმნება პირდაპირ ივანიშვილზე მიბმული ჯიბითა და ჭიპლარით"

გასულ კვირას "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიხედვითაც, მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. რას ფიქრობს ხელისუფლების ამ შემოთავაზებაზე და რა საფრთხეს ხედავს ივანიშვილის ამ ინიციატივაში, "კვირის პალიტრა" ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

- ლოგიკური იქნება, რომ 150 დეპუტატი 100-მდე შემცირდეს და თუ დარჩება ნულოვანი ბარიერი, ის 1%-მდე გაიზრდება. მანდატისთვის 20 ათასზე მეტი ხმა იქნება საჭირო, რაც არცთუ ისე იოლი მოსაპოვებელია. ამ ინიციატივით მივმართე პარლამენტს და ვნახოთ, თუ გაიზიარებენ.

- რა რისკებს ხედავთ "ოცნების" ინიციატივაში ნულოვანი ბარიერის შესახებ? - დღეს რა სისტემაც გვაქვს, ამას ყველაფერი სჯობია. მაჟორიტარები 100%-ით გადიოდნენ ხელისუფლებაში. გულდასაწყვეტია, რომ ივანიშვილის ინიციატივა არა ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ მმართველი ძალის ხელისუფლების გაგრძელებას ემსახურება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი პროპორციული სისტემაა. საფრთხე შეიძლება ის იყოს, რომ შეიქმნება პატარ-პატარა პარტიები, და ივანიშვილი შეეცდება თითო-თითო მანდატიანი პარტიები შეიერთოს. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 30 მანდატის აღებას შეძლებს, ხოლო თუ შევადარებთ 71 მანდატს, აჯობებს, 30 ჰქონდეს.

- 2016 წლის არჩევნები ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო, "ოცნება" აიღებდა 73 მანდატს და ამით არც საკონსტიტუციო და არც ჩვეულებრივი უმრავლესობა არ ექნებოდა... - მომდევნო წლების ამოცანაა, რომ არც ერთ სახელისუფლებო ძალას არ ჰქონდეს უმრავლესობა, საკონსტიტუციოზე ლაპარაკი ზედმეტია. იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, კოალიციები და ა.შ.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა სახელისუფლებო ძალას პარლამენტში 100%-იანი ძალაუფლება ჰქონდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ლამის ქუჩიდან გვიწევდა გადატრიალებებისა და რევოლუციების მოწყობა. არ შეიძლება ამხელა ძალაუფლების ერთი ძალის ხელში კონცენტრირება, რადგან ის დანაშაულს აუცილებლად ჩაიდენს - კონტროლს, პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და პირდაპირ თავით ეშვება დანაშაულში.

- "ოცნებიდან" წამოსული ლიდერების ახალი პარტიებიც ივანიშვილის გეგმის ნაწილია? - ბევრი ვითომ ოპოზიციური პარტია შეიქმნება პირდაპირ ივანიშვილზე მიბმული ჯიბითა და ჭიპლარით, მაგრამ, ამომრჩეველი იმდენად გაიზარდა, რომ ასე იოლად ვიღაცებს თავს არ მოატყუებინებს. ივანიშვილი ახლა ზის და იმაზე ფიქრობს, შექმნას პარტიები და თითო-თითო მანდატები შეჭამოს. თუმცა ეს უნდა გამოვიკვლიოთ, შევისწავლოთ, ვამხილოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

- კოალიციური მთავრობა ქაოსს არ გამოიწვევს? ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ძალებს უჭირთ ერთმანეთთან თანამშრომლობა? - მოლაპარაკება უჭირთ იმიტომ, რომ ახლა მოსალაპარაკებელი არაფერია. როცა მთავრობა ვერ დაკომპლექტდება, ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, მაშინ ყველა იგრძნობს პასუხისმგებლობას და მოლაპარაკებაც მოხერხდება.

- ექსტრემისტული და რადიკალური ძალების გაძლიერების შიშიც უსაფუძვლოა? - თუ ყველაფრის შეგვეშინდა, მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა დემოკრატია. პარლამენტში შეიძლება ვასაძის მხარდამჭერებიც აღმოჩნდნენ, აგერ აშკარა პრორუსები არიან "პატრიოტები", მაგრამ ხომ არიან პარლამენტში?

- თქვენ აპირებთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას? - არ გამოვრიცხავთ. ყოველდღიურად გვემატება ხალხი, უკვე რეგიონული ოფისებიც გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის სახით მივიღოთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა.