"სანამ გამოძიება მიმდინარეობს, გახარია უნდა გადადგეს" - კვირის პალიტრა

"სანამ გამოძიება მიმდინარეობს, გახარია უნდა გადადგეს"

"ვის აქვს იმის ილუზია, რომ ჩვეულებრივ გამომძიებელს ორი თავი ექნება და იტყვის, რომ ბრძანება შს მინისტრმა გასცა?"

იურისტი ანა დოლიძე თვლის, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ობიექტურობაზე კითხვები მუდმივად იქნება, რადგან გახარია თანამდებობას ისევ ინარჩუნებს.

- ორი ასპექტია მნიშვნელოვანი - პოლიტიკური და სამართლებრივი. როგორ შეიძლება ობიექტურობის კრიტერიუმი დააკმაყოფილოს იმავე უწყებამ, სადაც მუშაობს ეს ხალხი? ვის აქვს ილუზია, რომ ჩვეულებრივ გამომძიებელს ორი თავი ექნება და იტყვის, რომ ბრძანება შს მინისტრმა გასცა? თუნდაც მინისტრის მოადგილემ? რაც ხდება, სამარცხვინოა, თუნდაც იმის გამო, რომ გამოძიების ეტაპზე არ გადადგა გახარია. უნდა გავიხსენოთ ის სტანდარტი, რომელიც ჰქონდა "ქართულ ოცნებას", როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე იყო. როცა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე გამოძიება დაიწყო, კირვალიძე გადადგა, მიუხედავად იმისა, თვითონ არ იძიებდა ამ საქმეს. ივანიშვილის სიტყვებიც კარგად ახსოვს საზოგადოებას, თავისი გავლენით კირვალიძეს გამოძიებისთვის ხელი რომ არ შეეშალა, გადადგაო. როგორც ჩანს, ეს აღარ ახსოვს. წარმოიდგინეთ, ამ საქმეებს შს მინისტრი ზედამხედველობს, მას თვითონ შსს იძიებს და რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩვენ ეჭვები გვექნება გამოძიების არაობიექტურობის შესახებ. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, გახარია უნდა გადადგეს. ის პოლიტიკურად ისედაც აგებს პასუხს იმაზე, რაც მოხდა.

შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორი, მაგრამ არ დაადგა მის ამოქმედებას საშველი. ამ თანამდებობაზე ლონდა თოლორაია დანიშნეს, გახარიას გუნდის წევრი. მას სამართალდამცავების ძალის გადამეტება უნდა გამოეძია, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს.

ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური საკითხიც. მაინტერესებს, თუ დაჰკითხეს პალიკო კუბლაშვილი. საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიანიჭეს, გადატრიალება და ამბოხი დაარქვეს, მაშინ რა სტატუსით აწარმოებდა გახარია მელიასთან მოლაპარაკებას პავლე კუბლაშვილის დახმარებით...

- პალიკო კუბლაშვილი ამბობს, რომ თავისი ინიციატივით ესაუბრა შს მინისტრს, რომელიც მზად იყო აქციის ლიდერებთან შესახვედრად, თუმცა რამდენიმე წუთში აქციის დაშლა დაიწყო. - ამიტომაც ვკითხულობ - ამბოხების მუხლით მიდის გამოძიება და ამბოხებულებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გახარია? ერთი და იგივე ორგანიზმი რომ არის "ნაცმოძრაობა" და "ოცნება", თუნდაც ის ადასტურებს, რომ ასეთი მოლაპარაკება შედგა და მომლაპარაკებლად კუბლაშვილი ჰყავდათ. მოვითხოვ დაჰკითხონ კუბლაშვილი და გაირკვეს, რა მოლაპარაკება ჰქონდათYY ამბოხებულებსა და ხელისუფლებას. თუ ვინმე აწარმოებდა მოლაპარაკებას ამბოხებულებსა და ხელისუფლებას შორის, ეს თანამონაწილეობის ფორმაა.

- თქვენი შეფასებით, საქმის კვალიფიკაცია სწორია? - დიდი კითხვის ნიშნებია. ისიც ვიცით, რომ ამ პროკურატურას სერიოზული საქმეები ბოლომდე არასოდეს გამოუძიებია.

- ამ ეტაპზე დეპუტატი მელია ბრალდებულია და პირველი პრეცედენტია, როცა პოლიტიკოსს სამაჯური დაადვეს და არ დააკავეს. - პოლიტიკოსისთვის პირველი შემთხვევაა, თორემ სამაჯური გაკონტროლების ჩვეულებრივი საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ბრალდება, მაგრამ როგორ უნდა გავარკვიოთ მისი სისწორე დღევანდელი სასამართლოს ხელში - "ოცნებამ" მურუსიძის მართლმსაჯულების ამარა დაგვტოვა.

დადგება მწვავე მომენტი, ჩვენ მართლმსაჯულების სიტყვა დაგვჭირდება და ისევ მურუსიძის სასამართლო დაგვხვდება.

იცით, ახლა რა ხდება? ძალიან უნდათ ხალხს დაანახონ, ვითომ სასამართლო სამართლიანია. ამის მაგალითია, რომ მურუსიძემ აქციის მონაწილეები გაათავისუფლა. უმრავლესობა სახტად დარჩა, მელია რომ არ დააპატიმრეს. ეს თამაში და იმის წარმოჩენის მცდელობაა, თითქოს ჩვენი სასამართლო ობიექტური, ჰუმანურია და ეს თამაში მანამდე გაგრძელდება, სანამ არ დასრულდება უზენაესში დანიშვნები. თუმცა ამის პარალელურად იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორ უსჯიდნენ კონვეიერულად აქციის მონაწილეებს 13 და 15-დღიან პატიმრობას.

305 კაცი დააპატიმრეს. ახლობლებმა მათი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ და სასამართლოს დარბაზებში ეძებდნენ. თავიდან ყველაფერი მარტივად, ქარხნული წესით მიდიოდა, მაგრამ როცა საზოგადოება ფეხზე დადგა, ხალხის ძალა იგრძნეს, მაშინ გადაწყვიტეს, მოდი, გავყვეთ ამ ხაზს, თითქოს ჩვენ მართლმსაჯულების სადარაჯოზე ვდგავართო და გაათავისუფლეს ისინი.

- შს მინისტრის გადადგომას დღემდე ითხოვენ აქციის მონაწილეები, ის კი ამბობს, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, მაინც უნდა გადადგეს? - გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აშკარაა მარტო ამ საქმეზე კი არა, პანკისში მომხდარ ფაქტზეც. რატომ დაავიწყდა ყველას პანკისი? რატომ არ სვამს არავინ კითხვას, ამდენ ხანს რატომ არავინ აგო პასუხი იმ მოვლენებზე - ხალხს სპეცრაზმი გაუგზავნეს. ყველამ ხომ ვიცით, რაც მოხდა?

გახარია ქვეყანაში ვითარებას კი არ განმუხტავს, პირიქით, კრიზისებს ქმნის. ცოტა ხნის წინ იყო პანკისი და არავის უგია პასუხი, ახლა ის უმძიმესი დანაშაული ახალმა კრიზისმა გადაფარა - მოქალაქეები დასახიჩრდნენ, მხედველობა დაკარგეს...

- როგორ ფიქრობთ, ბრძანებას გახარია გასცემდა? - რა თქმა უნდა, ის პირადად იყო ჩართული პროცესებში, იმ დროს პარლამენტში იყო.

ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება მინისტრის გარეშე წარმოუდგენელია. თუ იმ დროს ეძინა, მით უმეტეს, რა უნდა თანამდებობაზე.

- გადატრიალება და ამბოხი - ასე შეფასდა მომხდარი. - რომც შესულიყვნენ პარლამენტში, ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ალბათ, ქონებას გაანადგურებდნენ და ამისთვის ისევ მათ მისცემდნენ პასუხისგებაში. იმიტომ იყო ხალხი ისე გახელებული, რომ 6 საათის განმავლობაში ხელისუფლებიდან არავინ დაელაპარაკა.

- დაკითხვაზე დაიბარეს ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე... თქვენი აზრით, მათაც დააკავებენ? - ერთხელ ზურაბ ჟვანიამ თქვა ერთი კარგი რამ - პროგნოზები უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც სიტუაცია პროგნოზირებადიაო. ხომ ხედავთ, 92 კაცი ამბობდა, დააპატიმრებენ მელიასო, მაგრამ არ დააპატიმრეს. თუ საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიანიჭეს და ამბობენ, გადატრიალება ხდებოდაო, მტკიცებულებები ხომ უნდა ახლდეს ამ სიტყვებს? პოლიციელებზე ძალადობის გამო 4 მოქალაქე დააკავეს, მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ პოლიციელების ძალადობის საშინელი ვიდეოები, მაგრამ არავინ დასჯილა. უდიდესი უსამართლობაა, რომ გახარია ისევ თანამდებობაზეა. არც ის ვიცი, რატომ ვერ ელევიან.

გამოსაძიებელია ისიც, თუ როგორ მოხვდა დუმის დეპუტატი იქ. მაგრამ ვინ უნდა განსაჯოს ეს, ვინ უნდა გამოიძიოს, თუ გახარია ისევ თანამდებობაზე დარჩება?