"ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად?!" - კვირის პალიტრა

"ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად?!"

შეიძლება ითქვას, მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო "რუსთავი 2"-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ღია ეთერიდან აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რასაც მყისიერად მოჰყვა როგორც ქვეყნის პირველი პირების განცხადებები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკული შეფასებები... გარდა ამისა, ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გაბუნიას განცხადებებს გვიან ღამემდე აპროტესტებდნენ.

ამ საკითხზე ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: ხათუნა ლაგაზიძე: "სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი, რუსეთის ჯარის ქვეყანაში შემოსვლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეს უნდა გახდეს სასწრაფოდ გამოძიების თემა. ხელისუფლება განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია, არა, ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა გამოიძიონ..."

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტის ურეაქციოდ დატოვება, თუნდაც რუსეთმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგას, იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი მოქალაქეების ისეთივე ღალატი, რაც ჩაიდინა გიორიგი გაბუნიამ.

"კიდევ ვიმეორებ, ეს უბრალო პროვოკაცია არ არის, ეს არის ახალი ორჯონიკიძის დაბადება, რომელიც მზად არის, მეტიც, ყველაფერს აკეთებს საქართველოს რუსეთისთვის ჩასაბარებლად, ბოლოს და ბოლოს ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი", - განაცხადა ლაგაზიძემ.

ვრცლად წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: "21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე" - რას წერენ სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას შესახებ?