"ვლადიმერ პუტინის განცხადება ისტორიული ფაქტების ამოყირავებაა" - რას აცხადებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური? - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინის განცხადება ისტორიული ფაქტების ამოყირავებაა" - რას აცხადებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური?

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ისტორიული ფაქტების ამოყირავებაა, - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

მისი თქმით, აფხაზეთი იყო ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და იქ უძველესი დროიდან ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, ისტორიულად აფხაზთა მეფეს უწოდებდნენ საქართველოს მეფესაც.

"ასე რომ, აფხაზეთი ისეთივე კუთხე იყო საქართველოსთვის, როგორც კახეთი, ქართლი და სხვა კუთხეები. მართალია, მე-19 და მე-20 საუკუნეში რუსეთის ხელშეწყობით აფხაზი ერად ჩამოყალიბდა, მაგრამ ქართველები იქ სულ მეტნი იყვნენ. პუტინს ისიც აქვს ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი სტალინმა აჩუქა საქართველოს და ეგ ხომ აბსურდია. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო შიდა ქართლის ცენტრალური რეგიონი“,- განაცხადა ოთხმეზურმა.

მისი თქმით, მეფის რუსეთის დროს სოხუმის ოკრუგი შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაწილად მოიაზრებოდა.

„შემდეგ აფხაზმა ბოლშევიკებმა, ისევე როგორც ოსმა ბოლშევიკებმა მოინდომეს გამოყოფა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ფაქტობრივად, ცხელი წერტილები გაგვიჩინეს ისევე, როგორც ახლა, ამ ბოლო პერიოდში. მაშინ აფხაზებთან მოგვარდა მოლაპარაკებით საკითხი, ხოლო ოსებმა კი სამი აჯანყება მოაწყვეს და სანამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ქართველმა ჯარმა ფიზიკურად არ გააჩერა ისინი, მანამდე ყაჩაღობდნენ და აწიოკებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ცხინვალის რეგიონში სამწუხაროდ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ. აი, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნეს, მაშინაც იქ ქართველები მეტნი ცხოვრობდნენ და ასევე ცხოვრობდა ჩამოსახლებული 22 ოსი ოჯახი, სულ 613 სული, ხოლო 1989 წლის აღწერით, ოსების რაოდენობამ 31 000 ათასს გადააჭარბა, რადგან ხელოვნურად ასახლებდნენ. ასევე, აფხაზეთში ქართველები იყვნენ ყოველთვის მეტნი, ვიდრე აფხაზები“, - აღნიშნა ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, "პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია". რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.