"ხედავს პუტინი, როგორ აშინებს და აფრთხობს საქართველოს ხელისუფლებას და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებს" - კვირის პალიტრა

"ხედავს პუტინი, როგორ აშინებს და აფრთხობს საქართველოს ხელისუფლებას და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებს"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. მისი თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას. "მე არ გავაკეთებდი ისეთს არაფერს, რაც გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის ჩამოყალიბდება სასურსათო ემბარგოსა და სხვა სანქციების გარშემო, რომლებიც შეიძლება შემოღებულ იქნას საქართველოს წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს. დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. ამოიწურა თუ არა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესების საფრთხე რუსეთის სათათბიროს მუქარით და რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, ამაზე ეკონომისტები, ექსპერტი გია ხუხაშვილი და ბიზნესომბუდმენი ირაკლი ლექვინაძე გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი: - ხელისუფლების პანიკა იყო სამარცხვინო, გაბუნიამ რომ ეთერში რაღაც თქვა, ამის გამო ომი რუსეთს როგორ უნდა დაეწყო?

- რისთვის დასჭირდა მოსკოვს ასეთი სპექტაკლის დადგმა?

- ხომ იცით, ჭამა მადაში მოდის. ხედავს პუტინი, როგორ აშინებს და აფრთხობს საქართველოს ხელისუფლებას და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. პუტინმა დააჩოქა, ბოდიშები ახდევინა ჩვენს ხელისუფლებას, მერე გამოვიდა, თქვა, ქართველები მიყვარს და სანქციებისთვის ვერ გავიმეტებო. დაგვცინა "კეთილმა" ბიძიამ.

- სანქციების და ემბარგოს მოლოდინში მყოფმა ხელისუფლებამ ალტერნატიული ბაზრების ძიებაზე დაიწყეს ლაპარაკი. თქვენი აზრით, არის თუ არა სასიცოცხლოდ აუცილებელი ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელბა?

- რა თქმა უნდა, აუცილებელია. რუსეთთან პრობლემები გაბუნიას გინებით კი არ არის ფორმირებული, ამ ქვეყანასთან სისტემური პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემას ჰქვია - ოკუპირებული ტერიტორიები. წესით, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დიდი ხნის წინ უნდა მიმართულიყო დივერსიფიცირებისკენ და რუსეთის ბაზრისგან დისტანცირებისგან. ამათმა რა ქნეს? უფრო მეტად ინტეგრირდნენ რუსულ ბაზარზე. სხვათა შორის, დივერსიფიცირება არ არის მარტივი პროცესი, ალტერნატიული ბაზრების მოძიებას წლები სჭირდება.

- მართალია საფრთხე ამჯერად თითქოს ჩავლილია, თუმცა რამდენადაც რუსეთს ვიცნობთ, სანქციებით დაშანტაჟება, ან სულაც მუქარის სისრულეში მოყვანა სულაც არ არის გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში რა გამოწვევის წინაშე ვდგებით?

- გვექნება პროლემები, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი აპოკალიფსური სურათი, როგორადაც ზოგიერთი ცდილობს დაგვიხატოს. ჩვენ გვაქვს მსგავს გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილება. მინერალურ წყლებთან დაკავშირებით სკეპტიკურ განწყობას კი საერთოდ არ ვიზიარებ. იმიტომ, რომ "ალფა ჯგუფი", ბორჯომი" რუსული კომპანიის საკუთრებაშია და რუსი თავის თავს ხომ არ შეუქმნის პრობლემას?! რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ამ მხრივაც არის გამოსავალი და ამის გამოცდილებაც გვაქვს. ფულს აქვს თვისება, ყველა შემთხვევაში იპოვოს გზა. ფულისთვის საზღვრის დაწესება სისულელეა. არსებობს ტრანზიტული გზები, ფულის გადარიცხვა, გადმორიცხვა. ასეთი შეთავაზებები ბევრი იქნება, მათ შორის, რუსულ ბაზარზეც. შესაძლოა ეს მანიპულაცია ოდნავ გაძვირდეს, მაგრამ ფული გზას მაინც იპოვის. ტყულად ნურავინ მოგვახვევს თავს, ნარატივს, რომ თითქოს, თუ რუსეთი ემბარგოს დაგვადებს ქვეყანა დაიქცევა. ქვეყანა არ დაიქცევა, პრობლემები გვექნება, მაგრამ არც ისეთი რომ გადალახვა შეუძლებელი იყოს. თუ ხელისუფლება გვეტყვის, რომ ჩიხში შევალთ და პრობლემებს ვეღარ გადავლახავთ, მაშინ მე მექნება ასეთი კითხვა, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ქართული ეკონომიკის ინტეგრაცია რუსულ ეკონომიკაში დღეს ასეთი მაღალი ყოფილიყო? რატომ ადრე არ გაითვალისწინეს, ის ფაქტი, რომ რუსეთთან მუდმივად გვაქვს სისტემური პრობლემები?!

- რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ქართველებმა მას ძეგლი უნდა დავუდგათ, რადგან მიიჩნევს, მეღვინეობის ეროვნული კულტურა სწორედ მისი შენარჩუნებულია. ამის შესახებ რას იტყვით? - ონიშჩენკოს მინდა შევუთვალო, ჩვენ მზად ვართ დავუდგათ ძეგლი იმ პროდუქტებისგან, რასაც აკრძალავენ რუსეთის ბაზარზე. ისე, კი იმაზე ფიქრი, რომ რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების შედეგად ჩვენ პროდუქციას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ახალი ბაზრის ათვისებისთვის მეტი სტიმული გვექნება, ზედმეტად ოპტიმისტურია. ჩვენ არ გვაქვს თვითკმარი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკური უსაფთხოება არ არის საკმარისად უზრუნველილი საიმისოდ რომ, მსგავსი რყევების დროს პრობლემები ადვილად გადავჭრათ, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, უსაშველოც არაფერია და გამოსავლის მოძიებაც შესაძლებელი იქნება.

ირაკლი ლექვინაძე:

- ის ფაქტი, რომ პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა, ბევრს არაფერს ცვლის. დღეს ჩვენ კრემლისგან სანქცია არ გვაქვს, მაგრამ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია ხშირად ფერხდება ხელოვნურად. ეს პოლიტიკური რისკები აქტუალურია და მომავალშიც ასე დარჩება. რუსეთის მხრიდან დაზღვეულები არაფრისგან ვართ. ერთადერთი, რაც დადასტურებულად ვიცით, ფრენები შეზღუდულია.

- რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების შემთხვევაში რა რესურსები გვაქვს ამ გამოწვევის გასამკლავებლად?

- რუსეთის მხრიდან განხორციელებული ემბარგო, იქნება ტურისტული სექტორი და ფრენების შეზღუდვა (რომელიც უკვე სახეზე გვაქვს), თუ პროდუქტების აკრძალვა, ქართული ეკონომიკისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, დანაკლისი იქნება. ჩვენი პოზიცია ასეთია, ყველა ბაზარი მნიშვნელოვანია საიდანაც ქართულ სერვისებზე და პროდუქციაზე მოთხოვნაა. თუმცა, რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ქართული ეკონომიკა, დანაკლისის მიუხედავად, განვითარებას მაინც შეძლებს. დღეს საქართველო ჩართულია გლობალურ ბიზნესსივრცეში, რაც ასახულია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებში, სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ მიმართულებით გარკვეული მაჩვენებლები მზარდია. რა თქმა უნდა, დანაკლისის კომპენსირებას დრო დასჭირდება, თუმცა ეს პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს ისე, რომ ბიზნესმა ორიენტირები შეიცვალოს, ამიტომ პრობლემები იქნება მხოლოდ მოკლევადიანი. მხედველობაში მაქვს ღვინის სექტორი და ბიზნესინდუსტრია.

- თავად რუსებს რამდენიმე ასეული საწარმო აქვთ საქართველოში და აქ წარმოებული პროდუქცია ევროპაში უსასყიდლოდ გააქვთ. ანუ, რუსები ჩვენს ქვეყანაში არსებული თავისუფალი ვაჭრობის სივრცით კარგად სარგებლობენ. გვაქვს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი ბერკეტად გამოვიყენოთ?

- რუსული კაპიტალით დაფინანსებული ბიზნესი საქართველოში ყოველთვის მუშაობდა. მათ ჩვენი მხრიდან პრობლემა არასდროს ჰქონიათ. რაიმე ტიპის შეზღუდვები არც ამჯერად არის, ჩვენი მხრიდან, ინიცირებული. მთავარი პრობლემა რუსეთიდან მოდის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამის გამო, უფრო რთული დღეებიც გაგვივლია. 2006 წელს მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვიყავით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, მაგრამ პრობლემა გადავლახეთ. არც ახლა მგონია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყოთ.

რაც შეეხება რუსების საწარმოებს საქართველოში, როდესაც მოსკოვი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ასეთი საკითხები არ აინტერესებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბაზრის შენარჩუნება, სადაც ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნაა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ მათი შენარჩუნებისთვისაც და ასევე ორიენტირებულები ვიქნებით ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე.

იხილეთ ასევე: "როგორი კეთილი და დიდსულოვანია..." - როგორ ეხმაურებიან პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოში?

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)