"მშვიდობა არ იცი, ომი არ იცი, აბა, რა იცი და რისი ხელისუფლება ხარ?" - კვირის პალიტრა

"მშვიდობა არ იცი, ომი არ იცი, აბა, რა იცი და რისი ხელისუფლება ხარ?"

"დღეს ინტელექტუალური ქაჯების სექტა წამოვიდა, რომელსაც ინფორმაცია განათლებაში ვერ გადასდის"

"როგორც სახელმწიფო არ არის სამშობლოს საპირწონე, ისე ვერ გახდება კომპიუტერი წიგნისა"

"ჩვენ უფსკრულში ჩაჩეხა არ გვემუქრება, რადგან ისედაც უფსკრულში ვართ"

"ვენეციის, ლუგანოსა და სტამბოლის უნივერსიტეტებში მიწვევენ, აქ კი სტუდენტებს სურთ შეხვედრა და ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, უნივერსიტეტის კარს ადმინისტრაცია მიკეტავს. უნივერსიტეტები ჩემთვის მხოლოდ იმიტომ იკეტება, აღტაცებული რომ არა ვარ ამათი უსუსური იდეოლოგიით, რომელიც ხვალინდელ ქართველში სულიერების უწყვეტ ჯაჭვს ანადგურებს. თუმც ვერც კეტავენ კარს, მაინც ვაღებინებ და სტუდენტებთან შევდივარ", - მითხრა პოეტმა დათო მაღრაძემ.

- როგორც ვიცი, "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარეობას დათანხმდით. ამით რაიმე შეიცვლება ორგანიზაციაში?

- "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებლებს სურდათ, რომ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ვყოფილიყავი. მეც გადავწყვიტე მათთან ერთად ვაკეთო ის საქმე, რაც "დაიცავი საქართველოს" შექმნის დღიდან იყო ჩაფიქრებული. მთელი საქართველო დეპრესიულმა განწყობამ და უიმედობამ მოიცვა. დღემდე ჩანავლულია მუხტი, მაგრამ სამუდამო არც ვნების სიმძაფრეა და არც უიმედობა. ახლა სხვა იმედი გაჩნდა საზოგადოებაში.

ხალხმა ისევ იპოვა ძალა, რომ სამართლიანობისათვის იბრძოლოს. ყველა თაობის მთავარი ამოცანაა ქართული სულიერების ისტორია შეინარჩუნოს და გააგრძელოს. სახელმწიფოებრიობაც ამას ემსახურება.

სახელმწიფოს ხალხი იმიტომ ქმნის, რომ სამშობლო ორგანიზებულად დაიცვას, ყოველდღიურ ყოფაში ხალხს მიეხმაროს, შეინარჩუნოს ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართველ ხალხს უძერწია და აწმყოს იმის ძალა მიეცეს, რომ ერის სულიერების ისტორია გააგრძელოს. ჩვენი სახელმწიფო ამას არ აკეთებს და საფრთხე დაინახა ქართველმა კაცმა - ხვდება, რაც ეძვირფასება, იმას ართმევენ.

ჩვენთან სახელმწიფოზე საუბრისას რატომღაც სამშობლო მიჩქმალულია. არადა, სახელმწიფო უსამშობლოდ არ არსებობს. სახელმწიფო არ არის სამშობლოს საპირწონე. მისი ფუნქცია ის არის, სამშობლოს ემსახუროს.

არჩევნები იმისათვის არის მოგონილი, რომ მოსახლეობამ არჩევანი გამოხატოს და შედეგი მიიღოს - ხელისუფლება აირჩიოს, მაგრამ Dისეთი განცდა მაქვს, დღეს პირიქით ხდება, - ხელისუფლება ირჩევს ხალხს.

ჩვენ, ქართველი ხალხი, არ მოვწონვართ და ერთმანეთში ლაპარაკობენ, მოდი, ზოგი დავიჭიროთ, ზოგი გავაწამოთ, ზოგი გავაქციოთ და ჩამოვასახლოთ სხვა ხალხი, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება. რადგან ვერ მივაღწიეთ, რომ ქართველი ხალხი ჩვენი უმსგავსო ქცევით აღტაცებული იყოს, ხალხი შევცვალოთო.

ხელისუფლების იდეოლოგიაა, რაც შეიძლება შემცირდეს მოსახლეობა და ქართველი ხალხის ნაცვლად სხვა ხალხი აირჩიოს, რომელიც ამ ხელისუფლებით აღტაცებული იქნება, რადგან მას არც საქართველოს სულიერი ისტორია აღელვებს და არც მისი გაგრძელება. ასეთ ვითარებაში შემგუებლები გადარჩებიან, ვინც არ შეეგუება, იმას ან ციხის საკანი ელოდება, ან ქვეყნიდან გაქცევა.

ფუჭი იმედი აქვთ, ქართველი ხალხი გავტეხეთ და დავაბეჩავეთო. ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ყველანაირ სიმწარესა და ძალადობას გადაყლაპავს, უნდა იცოდეს, რომ ასე მოფიქრალებსაც გადაყლაპავს.

საქართველოში პერიფერიული აზროვნება დამკვიდრდა. კომპლექსია, ჩამორჩენილები არ ვიყოთო. ეს კომპლექსი ხელისუფლებას გამძაფრებული აქვს, მაგრამ საზოგადოებასაც ვამჩნევ. რატომ გაქვს კომპლექსი, რომ  ჩამორჩენილი არ იყო? ქართველ კაცს, რომელიც ჯანსაღად ეზიარება მშობლიურ კულტურას,  ეს განცდა არ ექნება. ქართული კულტურა და სულიერება ჭეშმარიტ, ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენებული კულტურაა, თანაც იმ ხარისხის, რაც ჩამორჩენის არანაირ ასოციაციას არ იწვევს, არც ქართული საგალობელი, არც ხალხური ლექსი, არც ფრესკული ხელოვნება, არც უბისა და არც ყინწვისის ანგელოზი.

შემიმჩნევია, როდესაც ზოგიერთს უნდა თვისტომზე განვითარებულად წარმოადგინოს თავი, აჩვენებს, რომ ნაზიარები არიან იმას, რაც მშობლიურ გარემოში არა აქვთ განცდილი და ამით თავს იწონებს. ეს ის ხალხია, რომში წმინდა პეტრეს ტაძარს რომ ნახავენ და მერე ფიქრობენ, რომ  ჯვრის მონასტერი არ ვარგა, მილან კუნდერას რომ წაიკითხავენ, ამბობენ, კლდიაშვილი არ ვარგებულა. სწორედ ის არის პერიფერიული კომპლექსი, როდესაც თავს აჩვენებ, ჩამორჩენილი არა ვარო.

ფეისბუქში გაწაფულობა იმას არ ნიშნავს, რომ გლეხზე მაღლა დგახარ.

კაცი, რომელიც ვაზს უვლის, თავისი სიმართლითა და ადამიანობით შესაძლოა ფეისბუქის მომგონზეც და ყველა მის მომხმარებელზე მაღლაც იდგეს. კომპიუტერის უცოდინარობის გამო როგორ შეიძლება ადამიანი დაცინვის ობიექტი გახდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ინტელექტუალური ქაჯების სექტა წამოვიდა, რომელსაც ინფორმაცია განათლებაში ვერ გადასდის. ინფორმაციას იმიტომ იწოვენ, რომ თავი მოიწონონ, ინფორმირებული ქაჯები არიან, ხელისუფლების ლაქიები, რომელთაც უნდათ პროგრესის სახელით გაჭირვებულ თვისტომს დასცინონ და ამით ასიამოვნონ ხელისუფლებას, რომელსაც ეს ხალხი ამომრჩევლად არ მოსწონს.

ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა - "ქართველი ვარ" და "მართლმადიდებელი ვარ" ძახილი დაიწყო, მეორემ კი ლიბერალური დემოკრატიის სახელით დაუწყო ამათ დაცინვა. სინამდვილეში არც ის არის ქართველობა და მართლმადიდებლობა და არც მეორენი არიან ლიბერალ-დემოკრატები. ამ შემთხვევაში სასწორის პინაზე ორი ტყუილი დევს. ჩვენ აღმოვჩნდით პერიფერიულ სივრცეში, რომლის სტაგნაციას ხელს უწყობს ქვეყნის იზოლაციონალიზაცია. სხვადასხვა ქვეყანაში რაც უნდა ბევრი ირბინოს ხელისუფალმა, მთავარი ის არის, ხალხს რა კულტურულ თუ სხვა სივრცეს უხსნის.

- ხომ გაიხსნა სივრცე ირანსა და ჩრდილო კავკასიასთან?

- არა მგონია საქართველოს ხელისუფლებას კულტურული სივრცის გახსნაზე ჰქონდეს აქცენტი. ეს ხელისუფლების შენარჩუნების ზოგადი კონიუნქტურა უფრო მგონია. ის მაწუხებს, რომ ხელისუფლება გაუგონარ ტყუილებს იგონებს არა მარტო აწმყოში, არამედ უკვე წარსულშიც იტყუება.

გავრცელდა აზრი, რომ რუსეთმა საქართველო ევროპას მოსწყვიტა. გავიხსენოთ ერეკლეს ეპოქა, სატახტო ქალაქი თელავი და თბილისი. ისტორიული უბნები ქვემო და ზემო კალა და გავიხსენოთ რუსეთი ამ ეპოქაში, პეტერბურგი. იმდროინდელი თბილისია ევროპა და პეტერბურგია აღმოსავლეთი? პეტერბურგმა მოსწყვიტა კალაუბანი ევროპას? ეს ხომ წარსული რიცხვით ტყუილია, როცა საქართველოზე ამბობ, ევროპის განუყოფელი ნაწილი იყოო. ხელისუფლება მითს ქმნის და თავის მოგონილ მითოლოგიაში უნდა აცხოვროს ქვეყანა. ეს მითოსი ხატის შექმნას ემსახურება, - უნდა არსებობდეს აბსოლუტური მტერი და მისი მეშვეობით ხელისუფლებამ თავისი ყველა ავკაცობა უნდა გაამართლოს.

საქართველოს მოქალაქე ყველაზე დაუცველია ქვეყნიერებაზე, დაუცველია როგორც გარე, ისე შიდა მტრისგან. გარე შემოსევისაგან ჩვენი დაცვა რომ არ შეუძლია, ეს უკვე დაგვანახა ხელისუფლებამ, მაგრამ არც მშვიდობიანი მოლაპარაკება რომ იცის? ამათ ვერც მშვიდობაში ივარგეს, ვერც ომში. მშვიდობა არ იცი, ომი არ იცი, აბა, რა იცი და რისი ხელისუფლება ხარ? ჩვენი პირველხარისხოვანი პრობლემა ის აღარ არის, რომ ხელისუფალი დარბის და თავისი ეგზოტიკური გატაცებების შესაბამისად აფერადებს ქალაქებს.

უმძიმეს მდგომარეობაში გვაყენებს რუსეთსა და აშშ-ის შორის ამდენი წინდაუხედავი კეკლუცობა. ჩვენ უფსკრულში ჩაჩეხა არ გვემუქრება, რადგან ისედაც უფსკრულში ვართ. აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, დიდი შრომა მოგვიწევს, რომ უფსკრულში ბატკნებივით ჩაჩეხილები ამოვბობღდეთ.

ამერიკის თავისუფლების დეკლარაციაში წერია, ადამიანს აქვს ბედნიერებისკენ სწრაფვის  უფლება და საქართველოს მოქალაქეს კითხვა უჩნდება, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება? როდესაც მოსახლეობა შეურაცხყოფილია, ქვეყანაში სამართალი არ არის და მას დემოკრატიის შუქურად აცხადებ, ამით იწყებ იმის დისკრედიტაციას, რასაც ერთ დროს დემოკრატიის ფლაგმანი ერქვა. თუ საქართველო აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ადგილი უნდა იყოს, მირჩევნია, ის შეთანხმების ადგილი იყოს და არა განხეთქილებისა.

- ზემოთ ახსენეთ, ხელისუფლების შეცვლაა საჭიროო. როგორ აპირებთ ამას?

- ესენი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ, ამიტომაც ყველაფერი ხალხის პროტესტსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.  არ მოვისმენ საყვედურებს. უშეცდომო არავინ არის და რადგან ასეთ უბედურებაში აღმოვჩნდით, ვალდებული ვართ ამ ბრძოლაში არ დავიღალოთ. თუ რამეში შევცდი, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ სამართლიანობისათვის ბრძოლა საქართველოში არ უნდა დასრულდეს. საქართველოში არის პოტენცია, რომ სამშობლოსთვის ავაშენოთ სახელმწიფო. უსამშობლო სახელმწიფო აქ ვერ აშენდება.