"გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია და ეს ცვლილება მხოლოდ მისი ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება" - კვირის პალიტრა

"გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია და ეს ცვლილება მხოლოდ მისი ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება"

გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია და ეს ცვლილება მხოლოდ მისი ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არეშიძის თქმით, რუსი ისტორიკოსები გააგრძელებენ პუტინის განცხადების მიხედვით მოქმედებას და შესაძლოა დოკუმენტებიც კი შეცვალონ იმისათვის, რომ ისტორია მთლიანად შეცვალონ.

"პუტინის გუშინდელი განცხადება არის რუსეთის ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ე.წ. ბიზანტიური პოლიტიკური მანევრი, როდესაც ერთი მხარე ერთი ხელით ერთს აკეთებს, მეორე ხელით მეორეს. ისეთი სვლა გააკეთა, თითქოს ძალიან ზრუნავს ქართველ ხალხზე. როგორც ჩანს, გადაწყვიტა საზოგადოების ნაწილი დაემშვიდებინა საქართველოში და შეენარჩუნებინა ის გავლენები, რომლებიც რუსეთს აქვს აქ.

მთავარი არის ის, რაც მან გააკეთა - ახალი ისტორია შექმნა. ისტორიული თანამეგობრობა რუსეთში დაიწყებს ისტორიის გამოცვლას, არ არის გამორიცხული შეცვალონ დოკუმენტები იმისათვის, რომ დირექტივამ, რომელიც მიღებულია პრეზიდენტისგან, ადგილი დაიკავოს მომავალი თაობის ცნობიერებაში. ეს არის ახალი ფრონტი, რომელიც პუტინმა გახსნა თავისი განცხადებით და ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ეს არ მოხდეს.

ჩვენ ასე მივუშვით არაერთი პროცესი, მაგალითად გარეჯის პროცესი და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება", - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, "პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია". რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

"ინტერპრესნიუსი"