ადვოკატი: "რუსთავი 2"- ის 9%-იანი წილის მფლობელი დღეს ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "რუსთავი 2"- ის 9%-იანი წილის მფლობელი დღეს ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს"

"რუსთავი 2"- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დღეს პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.

"რუსთავი2"-ის პარტნიორთა კრება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. როგორც ყავლაშვილი აცხადებს, სხვადასხვა განსახილველ საკითხებთან ერთად, დღეს ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენების საკითხსაც განიხილავენ.

"პარტნიორთა კრება გაიმართება. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იქნება განხილული. ერთია, ნინო ნიჟარაძის მიერ დაყენებული საკითხი, რომელიც შეეხება აუდიტორებისთვის შესარჩევი კითხვების ორგანიზებას. თუმცა, ამისთვის "რუსთავი2" - მა ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდოს. ეს ჯერჯერობით განხორციელებული არ არის. სავარაუდოდ, აუდიტორებისთვის დასასმელი კითხვების ორგანიზება დღეს, ვერ შედგება. გარდა ამისა, მათ, დანარჩენ პარტნიორებს აქვთ დაყენებული საკითხი, რომ მოწონებული იქნეს ნიკა გვარამიას მიერ გაწეული საქმიანობა. ამას ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით. დღეს ვაპირებთ კრებაზე დავაყენოთ საკითხი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდეს. ამ საკითხის დაყენებას ვაპირებთ, მისი საქციელის მოწონების სანაცვლოდ. ბოლოს გავრცელებული განცხადება, ჩვენი შეხედულებით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის სრულიად მიუღებელი განცხადებაა, გასულია ყველანაირი დასაშვები ფარგლებიდან. ჩვენი, როგორც პარტნიორის შეხედულებით, იწვევს "რუსთავი2"-ის დისკრედიტაციას და იწვევს ტელეარხის ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას. მიგვაჩნია, რომ შეგნებულად არის ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ხელმძღვანელის მიერ არჩეული. ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. თუ ამაში დანარჩენი პარტნიორები მხარს არ დაგვიჭერენ, ეს იქნება მათი ერთობლივი ბრალი", - განაცხადა ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს და აღნიშნული ზიანი "რუსთავი2"-ს უნდა აუნაზღაურონ.

"ინტერპრესნიუსი"