"ეს არის ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაბითურება. პუტინი ამ განცხადებით აბუჩად გვიგდებს. და ეს ჩვენ უნდა "გავატაროთ"?!
"ეს არის ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაბითურება. პუტინი ამ განცხადებით აბუჩად გვიგდებს. და ეს ჩვენ უნდა "გავატაროთ"?!
ფოტო:ზურაბ პაპასქირი
" რუსეთის თავგასული ლიდერი ცდილობს 2008 წელს მიღებული ბრიყვული გადაწყვეტილებების "გაპრავებას"

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა, სამაგიეროდ, რუს ჟურნალისტებთან "წარსულში, ისტორიაში ჩაიხედა" და ჩვენთვის ჯერაც უცნობი "ისტორიული ფაქტებით" გაჯერებული აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკუთარ ვერსიას მოჰყვა. როგორც პუტინმა განაცხადა, 1918 წლის 26 მაისამდე საქართველო სახელმწიფო არ იყო, ოკუპანტადაც შეგვრაცხა და ოსების გენოციდშიც დაგვდო ბრალი.

ვლადიმერ პუტინის განცხადების ისტორიული და პოლიტიკური
შეფასება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ზურაბ პაპასქირს ვთხოვეთ:

- რუსეთის პრეზიდენტის "ისტორიოგრაფიული შტუდიები", არ არის უბრალოდ არაკომპეტენტურობის გამოვლინება – ესაა სრული უვიცობა, რომლის მთავარი დანიშნულებაა კიდევ ერთი "არგუმენტით" (ამჯერად – ისტორიოგრაფიულით) "შეამაგროს" ის აბსურდული გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წლის 26 აგვისტოს
მიიღო, როდესაც აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა აღიარა
.

ანუ ის არ სჯერდება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას ომის გაჩაღებაში 2008 წელს და ცდილობს თვით რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისათვის აბსოლუტურად დამაზიანებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის თაობაზე) მოუძებნოს "ისტორიოგრაფიული საფუძვლები". ამით რუსეთის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს.

ვლადიმირ პუტინი
- "ისტორიაში ჩახედულმა" პუტინმა ოსთა სახელმწიფოზე ისაუბრა, რომელიც თურმე 1774 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
- ამ აბსურდულ ოსურ სეპარატისტულ ნარატივს - თითქოს სამხრეთ ოსეთი ჩრდილო ოსეთთან ერთად ოფიციალურად შევიდა რუსეთის მფარველობაში, არაერთხელ გაეცა პასუხი ქართულ ისტორიოგრაფიაში - ჯერ ერთი, ოსეთის სახელმწიფო იმ პერიოდში არ არსებობდა და მეორეც, იქ თუ რუსეთმა ოსებთან რაღაც ხელშეკრულება დადო, ამას არავითარი კავშირი ქართლ-კახეთთან არ ჰქონდა.

1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატით (რომლითაც რუსეთმა ქართლ-კახეთი მფარველობაში მოაქცია) და მისადმი დართული ზოგიერთი დამატებითი დოკუმენტით, დღევანდელი ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორია არის საქართველოს გულის – შიდა ქართლის – ნაწილი, თავისი სათავადოებით. ეს არის ქრესტომატიული ჭეშმარიტება, რომლის უარყოფა, ვეჭვობ სრულ ჭკუაზე მყოფ ადამიანს შეეძლოს. გარდა ამისა, ის რასაც აკეთებს პრეზიდენტი თავისი "ისტორიოგრაფიული მიგნებებით" არის არა მხოლოდ ისტორიაზე ძალადობა, არამედ შეურაცხყოფა თვით დიდი ტრადიციების (მიუხედავად მოჭარბებული იმპერიული სულისკვეთებისა) მქონე რუსული საისტორიო მეცნიერებისა.

- მისი ნათქვამიდან შევიტყვეთ ისიც, რომ აფხაზეთი 1810 წელს "შეერთებია" რუსეთს, როგორც "დამოუკიდებელი სახელმწიფო", ხოლო 1918 წელს კი საქართველოს მისი ოკუპაცია მოუხდენია. ხომ არ იცით, რომელი საისტორიო წყაროებით ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტი?
- ამ შემთხვევაში, პუტინი იმეორებს აფხაზურ-სეპარატისტულ ნარატივს, რომლის ერთ-ერთი "ავტორიტეტული" გამხოვანებელია მოსკოვში მოღვაწე იურისტი (იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი), ერთ დროს პარტიული ბოსი, სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრი მეცნიერებათა აკადემიის პარტკომის მდივანი ტარას შამბა (ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსის სერგეი შამბას უფროსი ძმა), ისტორიის სფეროში სრულიად უვიცი ადამიანი, რომელმაც რუს თანაავტორთან ერთად დაწერა წიგნი აფხაზეთის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე.
ტარას შამბას მტკიცებით, საქართველო, როგორც სახელმწიფო 1918 წლის 26 მაისამდე საერთოდ არ არსებობდა, ეს იყო ცალკეული გაერთიანებები ამიერკავკასიაში, რომელიც ერთ დროს აფხაზეთმა დაიპყრო. ისტორიული მეცნიერების ახლადმოვლენილ კორიფედ ქცეულ რუსეთის პრეზიდენტს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რომ აფხაზეთის მთავრის გიორგი შარვაშიძის მიერ 1809 წელს სანკტ-პეტერბურგში გაგზავნილი "სათხოვარი პუნქტების" ტექსტი (რომელშიც ის ითხოვდა აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებას) რატომღაც ქართულადაა შედგენილი.
საყოველთაოდ ცნობილია (ამის მხოლოდ სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებსა და მათ მოსკოველ "მფარველებს" არ სჯერათ), რომ აფხაზეთი ყოველთვის ეთნო-კულტურულად და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივად ისეთივე საქართველოა, როგორც სამეგრელო-ოდიში, გურია, სვანეთი და ა.შ. ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია დადგენილია, აგრეთვე რომ შარვაშიძეთა სამთავრო სახლის წარმომადგენლები (მიუხედავად მათი ეთნო-ტომობრივი წარმომავლობისა), პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივად და კულტურულ-იდეოლოგიურად ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც სამეგრელოს მთავარი დადიანები და გურიის მთავარი – გურიელები და ა.შ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, როდესაც შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ცალკეულ წარმომადგენლებს ისლამი მიაღებინეს, ისინი მაინც რჩებოდნენ ქართული სოციალურ-პოლიტიკურ სივრცეში.

- ზვიად გამსახურდიას კი აფხაზეთის და აჭარის ავტონომიების გაუქმება დააბრალა...
- ეს ბრალდება არამხოლოდ სრულიად უსაფუძვლოა, არამედ თავისი არსით ის მკრეხელურიცაა. ვინ, ვინ და, ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს აფხაზებს ყველა კაპრიზი დაუკმაყოფილა და აფხაზეთში აპარტეიდულ საარჩევნო კანონს მისცა მწვანე გზა. ამის მიხედვით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 17% აფხაზურ მოსახლეობას მიეცა 28 დეპუტატის დაკანონებული წარმომადგენლობა, ხოლო 45% ქართულ მოსახლეობას - 26 სადეპუტატო მანდატი. ანუ ერთი აფხაზის ხმა სამი ქართველის ხმას უდრიდა, რაც არა მარტო პოლიტიკური და იდეოლოგიური, არამედ ისტორიოგრაფიული კაპიტულაციაც იყო. ანუ ამით ჩვენ აფხაზებს ვუთხარით, რომ აფხაზეთი მათია, ქართველები კი მეორეხარისხოვანი ხალხი ვართ. ამის შემდეგ რომელ ავტონომიის გაუქმებაზე შეიძლება ლაპარაკი? მართლაც ხომ არ ბნელა?!

- ეს მითიური ნარატივი რას ემსახურება? რა გამოდის, სანქციების არდაწესების სანაცვლოდ პუტინმა გაყალბებული ისტორია გადმოგვიგდო და ეს უნდა ვაღიაროთ და ავკენკოთ?
- დიახ, ნამდვილად ასე გამოუვიდა და ბევრმა აკენკა კიდეც. ზოგიერთმა ჩვენმა ანგაჟირებულმა (რუსულ ფარვატერში "მოლივლივე") ბედოვლათმა პოლიტიკოსმა პუტინის ამ კომენტარს "ღირსეული პასუხიც" კი უწოდა და იმით მოიწონა თავი, რომ რუსეთის გათავხედებულმა "მბრძანებელმა" საქართველოს "სანქციები არ დაუწესა". ეს არის კატასტროფა, ჩვენი როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაბითურება. ხომ აშკარაა, რომ პუტინი ამ განცხადებით უბრალოდ აბუჩად გვიგდებს. და ეს ჩვენ უნდა "გავატაროთ"?!

ქართველებს შეიძლება ბევრჯერ გადაგვიდგამს მცდარი ნაბიჯი, ბევრი მარცხიც განგვიცდია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით ეროვნული ღირსება შეგვენარჩუნებინა. ამიტომაა ჩემთვის კატეგიულად მიუღებელი მაამებლური პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, რომლის კიდევ ერთი დემონსტრირება მოხდა ორიოდე დღის წინ, როდესაც კერძო სატელევიზიო არხის გადაცემის წამყვანის მიერ გაკეთებული უტაქტო, მარგინალური განცხადების გამო "მეხუთე კოლონამ" ნამდვილი "ჯვაროსნული ლაშქრობა" მოაწყო ტელევიზიის ოფისთან.

- საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს თუ არა პუტინის განცხადებას?
- პუტინი პირველად არ აკეთებს ასეთ უტიფარ განცხადებას. 2008 წლის აგვისტოს ომის ფონზეც ჰქონდა მსგავსი დემარში (ის მაშინ პრემიერ მინისტრი იყო), რასაც ოპერატიულად გასცეს კომპეტენტური პასუხი აკადემიკოსებმა მარიამ ლორთქიფანიძემ და აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა. ახლაც ყველაფერი უნდა გადავდოთ და გავაგონოთ რუსეთს, დანარჩენ მსოფლიოს, რომ ეს არის არა უბრალოდ ფაქტების გაყალბება (რომლითაც, როგორც უკვე აღვნიშნე,  რუსეთის თავგასული ლიდერი ცდილობს 2008 წელს მიღებული ბრიყვული გადაწყვეტილებების "გაპრავებას"), არამედ ესაა სრული უვიცობა. დიახ, არ უნდა მოგვერიდოს და უვიცს უვიცი უნდა ვუწოდოთ.


არჩილ სოხუმელი
14 ივლისი 2019 22:37
პუტინის და მთლიანად რუსების გეგმაა რუსეთის იმპერიის აღდგენა. ამიტომაც დაშალეს სსრკ. სსრკ-ს ბოლო წლებში ცდილობდნენ სახელმწიფო მოწყობის შეცვლას. ფედერაციის გადაქცევა რუსეთის იმპერიასთან მიახლოებულ ქვეყნად. ბოლო წლებში სურდათ სხვადასხვა კანონების მიღება. მათ შორის მოკავშირე რესპუბლიკების ძალაუფლების შეკვეცა, სახელმწიფო ენა ყველგან მხოლოდ რუსული უნდა ყოფილიყო. საბჭოთა რუბლზე მოაშორეს რუსულის გარდა სხვა ენებზე წარწერები. რუსეთის გეგმაა საქართველოს შეყვანა ამ იმპერიაში. გასაგებია ეს იქნება არა საქართველოს რესპუბლიკა არამედ დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველო, რომელსაც არაფრის თავი არ ექნება და თვითონ მოითხოვს გუბერნიის (ამის მაგვარი) სტატუსით შესვლას. საქართველო არ იარსებებდე, ქართველიც გაქრებოდა, რომ არა 1917 წლის რევოლუცია და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნად გამოცხადება დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გვექნებოდა გარუსებული ქართველებით, რუსებით, სომხებით, ოსებით და სხვადასხვა ხალხებით დასახლებული რუსეთის ერთერთი რეგიონი. რუსეთი სხვადასხვა ხერხებით შეეცდება ამ მიზნის მიღწევას. მიკითხავს რუსებისათვის , არა უბრალო ხალხისთვის - რა გინდათ? რისი მიღწევა გინდათ? რატომ მაინცდამაინც დაშლილი და განადგურებული საქართველო გინდათ რუსეთის შემადგენლობაში და არა ძლიერი, ფეხზე მდგარი ძლიერი, მეგობარი და მოკავშირე ქვეყანა? პასუხი აეთი იყო - დღეს შეიძლება იყოთ მეგობარი, მაგრამ ხვალ გაძლიერებული მთელ ჩრდილოეთ კავკასიას მიიბამთ და წაგვართმევთო. რუსეთის საზღვარი თურქეთთან უნდა ქონდეს, დღევანდელ საქართველო-თურქეთის საზღვარზე უნდა გადიოდესო. საქართველოს, თუ გადარჩენა გვიწერია, მიზნის მისაღწევად ბეწვის ხიდზე აქვს გასასვლელი, ბაწარზე კი არა ძაფზე უნდა გავიაროთ და უკიდურესობაში ორივე მხრიდან გაგადახვევა გადაჩეხვის ტოლფასია. რუსეთი ჩაიგდებს საქართველოში ყველაფერს ხელში, ქართველებს კი აიძულებს საცხოვრებლად ან რუსეთის შიდა რეგიონები ან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აირჩიონ. რუსეთმა, პრეზიდენტმა უკვე გააკეთა კიდევ ერთი ნაბიჯი თავისი მიზნის მისაღწევად, ესაა საქართველოს ისტორიის გაყალბება და ქართველების ოსების გენოციდში დადანაშაულება.
davit
14 ივლისი 2019 00:21
ჩვენ არ უნდა დავნებდეთ .ჩვენი წინაპრებიც ეგრე იქცეოდენ.და იმიტომაც ვართ ქართველები და ვისაც მონობა უნდა ჩალაგოს ბარგი და მივიდეს ვოვასთან .მეკი ერთირიგითი ქართველი აქ განვისვენებ და არწუხელიძის და სხვა გმირების გვერდით დავიდებ სამარეს.გაუმარჯოს იბერიას.
nana
12 ივლისი 2019 18:16
რას ქვია ხალხნო მონურად დამორჩილება? აბა ვეომოთ? რანაირად მსჯელობთ? არ შეიძლება ლანძღვა გინებით და ომით რა მოვიგეთ? დროა გონს მოვიდეთ დამეტი დიპლომატიით . მეტი საზრიანი პოლიტიკით გამოვასწოროთ მდგომარეობა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები