"დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც "პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი" - კვირის პალიტრა

"დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც "პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი"

ექსპერტი გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მონოლოგების კაკაფონიით სმენადახშულები მივუახლოვდით იმ სახიფათო ზღვარს, რომლის იქითაც ჩვენი "სიმართლის გატანის ჟინმა" და პოლიტიკურმა ამბიციებმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ქართული სახელმწიფო.

დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც "პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი".

ყველამ გავიხსენოთ, რომ ქვეყანას, ჩვენ ყველას ერთად, მომავალ წელს ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი ცივილიზებული გზა რეალური ცვლილებებისთვის, ისე რომ სახელმწიფო არ გადავჩეხოთ მორიგი ტოტალური დაპირისპირების უფსკრულში. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მისი გამარჯვება უკვე ახლოს არის. დაპირისპირების გაგრძელების ნებისმიერი სცენარით აუცილებლად ისარგებლებს მტერი და ყველა დავმარცხდებით. ამის მცირე დემო-ვერსია უკვე ვიხილეთ ბოლო დღეებში. ამისათვის, ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც და ვიპოვოთ მისაღები კომპრომისი.

ჩემი მხრიდან გთავაზობთ შემდეგს.

1. ხელისუფლება აღადგენს ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს. ძალაუფლება, ბიძინა ივანიშვილის სახით, დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ პრემიერ-მინისტრის სავარძელში და ამ სტატუსით გახდება 2020-ის პროპორციული არჩევნების კონკურენტულ, ჯანსაღ გარემოში ჩატარების გარანტი.

2. ახალგაზრდები წყვეტენ აქციებს, იმ პირობით, რომ რაღაც ფორმით უზრუნველყოფილი იქნება მათი ჩართულობა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესში. უნდა ესმოდეთ, რომ მათ უკვე აჩუქეს საქართველოს პროპორციული არჩევნები და შესაბამისად, გაღებული მსხვერპლი ფუჭი არ არის. რაც შეეხება გახარიას, დღეის მდგომარეობით ის უკვე ხელისუფლების თავის ტკივილია და არა მათი. დროა დაიწყონ სტრუქტურირება და სახელმწიფოებრივი განვითარების საკუთარი ხედვები ხალხს გააცნონ.

3. პოლიტიკური ელიტა დაჯდეს მაგიდასთან და კონსტიტუციით გაამაგროს მთავარი მონაპოვარი - პროპორციული არჩევნები. ვაჩვენოთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ ჩვენ ერთნი ვართ იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს კეთილი მომავალია".