"ვფიქრობ, გაბუნიას მიხეილ სააკაშვილმა კი არ უთხრა, ასე ჰქენიო, არამედ შესაძლოა აქედან, მოსკოვიდან უბრძანა ვინმემ" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, გაბუნიას მიხეილ სააკაშვილმა კი არ უთხრა, ასე ჰქენიო, არამედ შესაძლოა აქედან, მოსკოვიდან უბრძანა ვინმემ"

ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ "რუსთავი-2"-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინების თაობაზე ტელეგადაცემაში ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს «Эхо Москвы»-ს ჟურნალისტ ევგენი ბუნტმანთან ინტერვიუდან  (გადაცემა «Особое мнение»):

მაქსიმ შევჩენკო: - გიორგი გაბუნიამ თავისი სულელური გამონათქვამით ძალიან ცუდი რამ გააკეთა: მან საქართველოს პოზიცია დაასუსტა და ვლადიმირ პუტინს მისცა შესაძლებლობა ეთქვა - საქართველო ყოფილი ტფილისის გუბერნია არისო. ანუ ქართველებისთვის ყველაზე დამამაცირებელი...

- "მალოროსია", "ტფილისის გუბერნია"...

- არა, ეს "მალოროსიაზე" უარესია. "მალოროსია" ტერიტორიის დასახელებაა, ტფილისის გუბერნია კი - გულახდილად ვთქვათ - ქართლ-კახეთის სამეფოს ფაქტიური ლიკვიდაციის შემდეგ შეიქმნა. საქართველოში სხვა სამეფოც იყო და მის ნაცვლად ქუთაისის გუბერნია ჩამოყალიბდა. და ამ ყველაფერმა ქართველთა ხსოვნაში მძიმე კვალი დატოვა, ეს მათთვის საშინელი გამოცდა იყო. ამას დავუმატოთ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმება, რომელიც IV საუკუნიდან არსებობს და რომელიც მართლმადიდებლობას იცავდა მონოფიზიტ სომხებთან და სხვა ეკლესიებთან მიმართებით, თანაც უამრავი მტრის, მათ შორის არაბების შემოსევის დროს, როცა თბილისში არაბთა ამირა იჯდა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში... ასევე თურქებისა და სპარსელების ბატონობის დროს... იმ მძიმე დროსაც კი ქართული ეკლესია არავის გაუუქმებია, რუსეთის იმპერიამ კი გააუქმა. იქ, საქართველოში, წმინდა ნინოს ჯვარია, რომლის გატანა რუსეთში სურდათ... როგორც ქართველები მომიყვნენ, ის მიტროპოლიტი, რომელიც მის გატანას შეეცადა, დაბრმავდა. მხედველობა მხოლოდ წმინდა ნინოს ჯვრის წინაშე მონანიების შემდეგ აღუდგა.

მე მგონია, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება რაღაც მრავალსვლიანი მოქმედებაა. გიორგი გაბუნია კი... ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს კი არ უთქვამს მისთვის, ასე ჰქენიო, არამედ შესაძლოა აქედან მოსკოვიდან ვინმემ უბრძანა...

- ამბობენ, გაბუნიამ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთაო... - მაქსიმ შევჩენკო: რა ემოციები? ეს წინასწარ სუფლიორულად იყო მოფიქრებული. ხომ ნახეთ, როგორ კითხულობდა. მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს სუფლიორობა. ჩემი აზრით, უკიდურეს შემთხვევაში, გადაცემის გამომშვები რედაქტორი მაინც იყო საქმის კურსში.

ევგენი ბუნტმანი: ზოგადად საავტორო პროგრამებში წამყვანის საკუთარი მოქმედება სრულიად დაშვებულია...

მაქსიმ შევჩენკო: არა, აქ მხოლოდ ასეთი ვარიანტია: ეს მარაზმი და იდიოტიზმი ისეთმა ჭკუიდან გადასულმა ადამიანებმა მოიმოქმედეს, რომლებმაც სრულიად დაკარგეს საქართველოსა და მისი ცხოვრების აღქმის უნარი. ეს გიორგი გაბუნია ადრეც, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც ლანძღავდა მართლმადიდებელ ეკლესიას და შეუარცხყოფდა ღვთის მშობელს, რაც ქართველისათვის წარმოუდგენელია...

- თქვენ ამბობთ, რომ შეთქმულებაა... - მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ვლადიმირ პუტინს საშუალება მისცა საქართველო ტფილისის გუბერნიად გამოეცხადებინა. ეს იგივეა, რომ უკრაინელებს გაახსენო, რომ მათი ქვეყანა გერმანიის საგენერალ-გუბერნატორო იყო. ამ ყველაფერს გაცნობიერება უნდა.... ანდა პოლონელებს რომ ვუთხრათ - "თქვენ გერმანული რეიხის საგენერალ-გუბერნატორო იყავით, თქვენ საერთოდ არ არსებობდით, დანაწილებული იყავით რუსეთს და ავსტრო-უნგრეთს შორის... ჰოდა, რას იქაჩებით, პოლონელებო, თქვენი პოლონეთით? დაგავიწყდათ, რომ მხოლოდ კრაკოვი იყავით?" - გესმით, რას ნიშნავს ამგვარი მიმართვა?

რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ასეთმა წარმოუდგენელმა დედის გინებამ მეც შემაძრწუნა. ამ გინებამ ყოველი ნორმალური ადამიანი აღაშფოთა. ასეთი ქმედება ყოველგვარი დიპლომატიისა და პოლიტიკის ჩარჩოებიდან გამოდის, ეს საღი აზროვნების იგნორირებაა. და თან ეს გაჟღერდა საქართველოდან - იმ ქვეყნიდან, სადაც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა კარგად იციან რუსული ენა და არა მარტო მათ. გინება ესმოდათ ქალებსაც, ბავშვებსაც. ეს საოცარი შეურაცხყოფა იყო. აქ ყველაფერი ისეთი ნათელია, რომ ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ.

მე, რა თქმა უნდა, არ აღვიქვამ ამ ფაქტს ისე, რომ ვიღაცამ რუსეთის პრეზიდენტს შეაგინა, სულელია და რა მოხდაო. "შარლი ებდოსაც" შეურაცხყვია სხვადასხვა მსოფლიო ლიდერები საკმაოდ უცენზურო სიტყვებით - დონალდ ტრამპიც, მათ შორის, მაგრამ ასე არა... იმიტომ, რომ "შარლი ებდოს" მოქმედება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობას არ ეხებოდა. კიდევ კარგი, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების, ეკლესიისა და მოსახლეობის რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატური აღმოჩნდა. მართალი გითხრათ, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ასეთი იქნებოდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ