"გიორგი გახარიამ გუშინ 10 ტყუილი თქვა" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიამ გუშინ 10 ტყუილი თქვა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინდელ ინტერვიუში 10 ტყუილი თქვა. დეკანოიძის აზრით, შს მინისტრის განცხადებები მხოლოდ პოსტის შენარჩუნებას ემსახურებოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მალე დადგება.

"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას გაჟღერებულ უტიფარ ტყუილებს და ჩამოგითვალოთ ეს ტყუილები

1. გიორგი გახარიამ პასუხისგებლობა დააკისრა ოპოზიციას გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ წინა რამდენიმე კვირის მანძილზე ოპოზიცია ძალიან ხმა მაღლა ამბობდა, რომ საქართველოში იგეგმებოდა სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა, იმ გავრილოვის, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე, გავრილოვისმ რომელიც იღებდა მონაწილეობას აფხაზეთის საომარ მოქმედებებში. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ბრიფინგი, მოვუწოდეთ შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ არ დაეშვათ სერგეი გავრილოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

2. გახარია ამბობს, რომ მას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე გავრილოვის არ შემოშვების. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების არ დაშვებას საქართველოს ტერიტორიაზე.

3. გახარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა მყისიერი რეაგირება აქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ აქციის მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა, რაც მოხდა მხოლოდ აქციის დარბევიდან მეორე დღეს.

4. გახარია უტიფრად ტყუის როდესაც ამბობს, რომ იგეგმებოდა გადატრიალება. საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში წამოსკუპებული გავრილოვის ნახვამ, ამიტომ, როდესაც შს მინისტრი ტყუის, რომ იგეგმებოდა გადატრიალება, ეს არის კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის

5. გახარია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები გაფრთხილდნენ რამდენჯერმე სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ და ასევე ეს გაფრთხილება იყო აღბეჭდილი რამდენიმე ტელეკამერის მიერ. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ პოლიციამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები დაშლის წინ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს პოლიციის შესახებ კანონი, გახარიას ეს ტყუილი ანუ გაუფრთხილებლობა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას

6. გახარიამ თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილს არ უნდოდა მოლაპარაკების გამართვა, ეს არის ტყუილი. ჩვენ ვიხილეთ დამადასტურებელი ვიდეომასალა, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები მზად იყვნენ შესულიყვნენ მოლაპარაკებებზე და სწორედ ამ წუთების მანძილზე პოლიციამ გახსნა ცეცხლი, ამიტომ ესეც არის გახარიას მიერ წარმოთქმული უტიფარი ტყუილი

7. გიორგი გახარიამ გუშინ თქვა დანაშაულებრივი ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალის გამოყენება იყო აუცილებელი მოგერიება. ამ აქციის დარბევის მიმდინარეობის და მსვლელობის დროს დაშავებულია 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 38 ჟურნალისტი, ასევე ის ახალგაზრდები რომლებმაც დაკარგეს მხედველობა. აუცილებელი მოგერიება არ არის ის, როდესაც მშვიდობიანი აქვიის მონაწილეები სახიჩრდებიან, როდესაც ისინი კარგავენ მხედველობას და არიან ძალადობის მსხვერპლი

8. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პლასტმასის ნარინჯისფერი ტყვიები წერია, როგორც სპეცსაშუალება საქართველოს პოლიციის შესახებ კანონში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პოლიციის შესახებ კანონი ითვალისწინებს მხოლოდ იმ საშუალებების გამოყენებას, რომლებსაც არ შეუძლია ადამიანებს მიაყენოს მძიმე ფიზიკური დაზიანება და დასახიჩრება, ამიტომ ნარინჯისფერი ტყვიები, რომლებიც იყო გამოყენებული ადამიანების მიმართ და გამოიწვია კიდურების მოტეხილობ, ა არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობის მიერ

9. გახარიამ განაცხადა, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელმაც იძალადა საქართველოს მოქალაქეებზე. შეგახსენებთ, რომ გავიდა 3 კვირაზე მეტი და არცერთი ადამიანს არ აქვს ბრალი წარდგენილი იმ დანაშაულებების გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს. მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს უფლებამოსილება ჩამორთმეული.

10. გახარიამ თქვა კიდევ ერთი უტიფარი ტყუილი, რომელმაც შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს კერძოდ ის, რომ გავრილოვის ღამეს იგი პარლამენტის შენობიდან ელჩებთან ერთად აკვირდებოდა მოვლენის განვითარებას და ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე. დღეს ჩვენ ვიხილეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადება, რომ ელჩები იქ საერთოდ არ ყოფილან 20 ივნისს. ამ ტყუილებს მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ გახარიამ აირიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლის დროც აუცილებლად დადგება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"