გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარი გუნდის წევრის ოთარ კახიძის მოსაზრებას ეხმიანება, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს უკავშირდება. როგორც გიგა ბოკერია წერს ოთარ კახიძემ ყველა აქცენტი ზუსტად დასვა. "მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე;

2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა;

3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას;

4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად;

5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია;“,-წერს გიგა ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება და წერს, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები სამართლებრივად აბსურდს, ხოლო პოლიტიკურად უტიფრობას წარმოადგენს. ამასთან ბოკერია აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, რაც ივანიშვილს პროპაგანდას უადვილებს. "მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთოს პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, " ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია.

ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში“,-წერს ბოკერია.

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.