"გაბუნიას ტელეეთერი გავრილოვის ვიზიტით დაწყებული კომბინაციის გაგრძელებაა" - კვირის პალიტრა

"გაბუნიას ტელეეთერი გავრილოვის ვიზიტით დაწყებული კომბინაციის გაგრძელებაა"

"რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების საკითხს, რაც ფაქტია და ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ეს იყო პარლამენტის შენობაში შეჭრის არაერთგზის მცდელობა, რაც შეიძლება გადატრიალების მცდელობადაც ჩაითვალოს"

საზოგადოება შოკში ჩააგდო "რუსთავი 2"-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელმაც აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რასაც მყისიერად მოჰყვა რეაქცია რუსეთიდან, რომელიც მუდმივად ცდილობს მცირე საბაბიც კი გამოიყენოს საქართველოსთან ვითარების გასამწვავებლად. მუქარა ეკონომიკური სანქციებით, ამის თაობაზე რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილება და პუტინის უარი სანქციებს... შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას მოვლენები მართლაც ელვისებურად ვითარდებოდა. ამ ყველაფერმა ცხადყო, ჯერ კიდევ რაოდენ მყიფეა ჩვენი სახელმწიფო და რაოდენ მასშტაბური კრემლიდან მომავალი საფრთხეები. პარალელურად, თბილისში კვლავაც გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელთა ეპიცენტრი კვლავაც რუსთაველის პროსპექტია, სადაც 8 ივლისს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ ერთდროულად მოუნდათ პროტესტის გამოთქმა როგორც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, ასევე ჯგუფს, რომელიც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდის. სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს ვითარების მართვა, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს ვითარების არევას. გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

სანდრო თვალჭრელიძე

- სანამ გაბუნიას განცხადებებს შევაფასებ, გავიხსენებ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრებამ მხარი არ დაუჭირა ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. როგორც ამ განხილვის შემდგომი კომენტარებიდან გავიგეთ, ამის მთავარი მიზეზი თურმე არხის "დომინანტი პარტნიორების" მოსაზრებაა, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა. გამაოგნა ამ არგუმენტმა, ასეთი უმსგავსი რამ არასოდეს გამიგონია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ განცხადებას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, აუცილებლად მოჰყვებოდა უპირველესად სწორედ ტელევიზიის აქციონერების მყისიერი და მკაცრი რეაქცია. ჟურნალისტიკასაც ხომ აქვს თავისი წესები და ნორმები?! ამგვარი ქცევა უპირველესად ვნებს საქართველოს, გარდა იმისა, რომ ყოვლად მიუღებელია ეთიკურად და ზნეობრივად. რადგან ამით აუცილებლად მიიქცევ ყურადღებას, შეიძლება ქუჩაში შიშველმა იარო?! რაც გაბუნიამ გააკეთა, ეს იგივე ექსჰიბიციონიზმია...

ბევრი ვერსია გამოითქვა, რას შეიძლება განეპირობებინა გაბუნიას ქცევა. ერთ-ერთია სტრასბურგში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, რომლის ვერდიქტიც 18 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

არ არის გამორიცხული, "ნაციონალებმა" იციან სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსი, ანუ იციან, რომ შესაძლოა მოუწიოთ არხის დაკარგვამ და ახლა ყველაფერზე მიდიან - მეტასტაზებივით მოედვნენ პოლიტიკურ გარემოს და ყველაფრის ფასად ცდილობენ ვითარების არევას. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან კიდევ უფრო დიდი და ბინძური პროვოკაციაც იყო ჩაფიქრებული.

- ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ გაბუნიას გამონათქვამების შეფასებისას განაცხადა, შესაძლოა გაბუნია მიხეილ სააკაშვილის კი არა, კრემლიდან გაცემული ბრძანების შესაბამისად მოიქცაო. არსებობს ეჭვი, რომ მომხდარი საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის დაგეგმილი მრავალსვლიანი კომბინაციის ნაწილიც არის. - ვერაფერს გამოვრიცხავთ. ისიც ცხადია, რომ "რუსთავი 2"-ში ყველაფერს სწორედ მიხეილ სააკაშვილი წყვეტს... ჩემთვის უდავოა, რომ ამ პროცესში გარკვეული პირდაპირი თუ ირიბი კავშირი კრემლთან არსებობს. გაბუნიას ტელეეთერი არის აშკარად გაგრძელება იმ კომბინაციისა, რომელიც გავრილოვის ვიზიტით დაიწყო. ამიტომაც უპირველესად გამოსაკვლევია, როგორ მოხვდა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე.

თუ ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის, ეს არის "რუსმაისტერული" კომბინაცია. ფაქტია, პუტინი ბრწყინვალე ტაქტიკოსია, თუმცა სუსტი სტრატეგი. მოკლევადიანი პერსპექტივით თუ შევხედავთ, კრემლმა ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად რაღაც მიზანს მიაღწია, თუმცა ყველაფერს აქვე ორი მხარე.

წესით, კარგად დაინახეს ისიც, რა უკუეფექტი მოჰყვა საქართველოსთან ფრენების აკრძალვასა და საკუთარი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას. თავად რუსეთშიც აიტაცეს ლოზუნგი "ზაფხული გავატაროთ საქართველოში. ამას მოჰყვა გამოხმაურება ევროპასა და აშშ-შიც.

- გარდა რუსეთიდან ტურისტული ტრაფიკის შეზღუდვისა, რუსეთის სათათბირომ ელვისებურად იმოქმედა და საქართველოსთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა, რასაც საქართველოში სრული პანიკა მოჰყვა. შედეგად, ყველამ ვნახეთ, რამდენიმე საათში ეროვნულ ვალუტას რა დაემართა... საბოლოოდ სანქციების დაწესება პუტინმა მიზანშეუწონლად ჩათვალა, მაგრამ ხომ ფაქტია, ამით კრემლმა სცადა ეჩვენებინა, რა მარტივად შეუძლია ჩვენთან ვითარების არევა. - ესეც სპექტაკლი იყო. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთის დუმა ამ გადაწყვეტილების მიღებას პუტინის გარეშე გაბედავდა?! ისე მოიქცნენ, როგორც ბრალდებულის დაკითხვისას ცუდი და კარგი გამომძიებლები იქცევიან ხოლმე - გვაჩვენეს ჩვენც და აჩვენეს თავის მოსახლეობასაც, თუ რაოდენ კარგი და გულმოწყალეა პუტინი.

დაახლოებით ამის თქმა სცადეს - ქართველებო, პუტინი რომ არ იყოს, რა გეშველებოდათო, რაც ძალიან სასაცილოა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამ ქცევით გვაჩვენეს, კრემლს რა მარტივად შეუძლია ჩვენთან ვითარების არევა, ეს გადაჭარბებული შეფასება მგონია. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, პანიკა ადვილად გვეუფლება, თუმცა გადაივლის და მერე ვახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასაც. გაგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც რუსებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღეს, მაშინაც გვარიანად გაუფასურდა ლარი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დასტაბილურდა. ქართული ღვინოც აკრძალეს რუსეთის ბაზარზე, თუმცა ამას ის მოჰყვა, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა და სხვა ბაზრების მოძიებაც დავიწყეთ. მოკლედ, რომც დააწესონ ეს სანქციები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვაზარალებს, დააზარალებს ისედაც სუსტ ეკონომიკას, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება მაინც დაუბრუნდება თავის კალაპოტს.

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ახლებური, გამოგონილი ვერსია? აშკარაა, რომ ის ამის შესათხზავად კარგად მოემზადა. - პუტინი მოჰყვა არა რეალურ ფაქტებს, არამედ თავისივე შეკერილი ისტორიის ისტორიას. ეს იყო ტიპური საბჭოთა მიდგომის მაგალითი, როდესაც ისტორიას ისე აბამდნენ ყურს, როგორც იმ დროს სჭირდებოდათ, ისე გადააკეთებდნენ, როგორც საბჭოეთს წაადგებოდა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სიტყვა აზრს კარგავს. მოკლედ, ეს არის საზოგადოების "დაბოლების" კომუნისტურ-ბოლშევიკური, ლენინის მიერ მოგონილი მეთოდი. თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს პოზიცია, რომ ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ მეცნიერებმა და წარმოადგინონ დოკუმენტურად დადასტურებული ვერსია, რომლითაც გაცამტვერდება პუტინის მითები, სწორია.

ისე, სწორედ ამგვარ მახინჯ მითოლოგიას დაეფუძნა თავის დროზე ფაშიზმი და არ არის გამორიცხული, მალე რუსეთში ახალი ნეოფაშიზმიც იშვას. ეს სახიფათო მოვლენაა, რასაც ძალიან მშვიდად და ცივი გონებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა.

- რას ფიქრობთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებაზე, რომელიც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს? პანიკას ნაწილობრივ ამანაც შეუწყო ხელი. ბახტაძის, თალაკვაძის, საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ სხვათა მყისიერი რეაქციები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ერთი ჟურნალისტის განცხადებების გამო შეიძლება რუსეთი დაგვსხმოდა თავს.

- ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლანძღვა-გინება ერთი ანგაჟირებული ჟურნალისტისგან მოვისმინეთ, მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლების რეაგირება, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით... რას ვიზამთ, საქართველოს ხელისუფლებაშიც ქართველები არიან - ემოციურები და პანიკიორები, ამას დაუმატეთ რიგ შემთხვევაში არაპროფესიონალიზმიც და არა მგონია, რამე იყოს გაუგებარი.

ჩემი აზრით, ყველაზე მოზომილი იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, სწორად დასმული აქცენტებით. ვიმეორებ, შეიძლება არ მოგწონს, მეტიც, შენი მტერია რუსეთი, მაგრამ ზრდილობის დაცვა ყველას ევალება.

- იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია კრემლის პოლიტიკის მუდმივი მძევალია და რუსეთმა ემბარგო შეიძლება ნებისმიერ დროს დააწესოს, ხომ არ იყო შეცდომა ბოლო წლებში "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთთან, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული? - ჩემი აზრით, არა. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ რუსეთში მილიონამდე ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა მასზეც იზრუნოს. რუსეთთან ურთიერთობის მცირეოდენი დათბობაც კი მათთვის ამოსუნთქვის საშუალება იყო. უნდა გვახსოვდეს, როცა რუსეთთან ვითარება მწვავდება, ისინი უდიდეს წნეხში ექცევიან ხოლმე.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ მოლაპარაკებების ფორმატი ყველა სფეროში შეიძლება არსებობდეს. სხვათა შორის, დიდი შეცდომა მგონია რუსეთში გასტროლებსა და საზოგადოდ, ქართული კულტურის გატანაზე უარის თქმა. კულტურა მოქმედებს არა პოლიტიკოსებზე, არამედ მოსახლეობაზე.

გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ რუს საზოგადოებაში - მასაში იყო ანტიქართული განწყობა, რაც ბოლო დროს მეტ-ნაკლებად შეიცვალა. ახლა არის საფრთხე, რომ ისევ ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ, რაც დიდი შეცდომა იქნება.

ბოლოს და ბოლოს, პუტინი უკვდავებისთვის განწირული აჰასფერი არ არის და ოდესმე წავა პოლიტიკიდან. აი, სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა შევემზადოთ. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ რუსეთთან არააგრესიული პოლიტიკა უფრო გამჭრიახობა იყო, ვიდრე შეცდომა.

შეცდომა იყო ბოლოდროინდელი ის უგუნური ქმედებები, როდესაც ხუთი წლის ნამოღვაწარი წყალში გადაიყარა. ამან მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე კი არ იმოქმედა, გავლენა მოახდინა ევროპასთან ურთიერთობაზეც. როდესაც ამგვარი კატაკლიზმები ხდება, არ შეიძლება ცალმხრივი იყოს ზიანი, ის, როგორც წესი, მრავალმხრივია ხოლმე... ამიტომაც მგონია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ნამდვილად სტრატეგიულად სწორად იყო შერჩეული.

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა სტრატეგიულ მნიშვნელობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც რუსეთი ამ ეკონომიკურ ურთიერთობას შანტაჟისა და დაშინებისთვის იყენებს. - გავიმეორებ - ყველაფერს აქვს ორი მხარე. თუ დავფიქრდებით, შეიძლება კარგიც იყოს, რომ რუსეთი ეკონომიკური სანქციებით გვემუქრება და არა ატომური ბომბებით. ჩიხში მოქცეული მგელი ყველაზე საშიშია, ამიტომაც მას მანევრირების საშუალება უნდა დაუტოვო.

- აშკარაა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც, რომ ჩვენში იმგვარი ქაოსი შექმნას, რომლის "დალაგებასაც" საკუთარ პრეროგატივად აქცევს და ამგვარად მოახერხებს ჩვენზე გავლენის მოპოვებას.

- ჩერნომირდინის ცნობილ სიტყვებს გაგახსენებთ - ჩვენ გვინდოდა გამოგვსვლოდა უკეთესად, მაგრამ გამოგვივიდა როგორც ყოველთვისო. 28 წელია, რუსეთი ცდილობს საქართველოში ქაოსის შექმნას და ქვეყნის საკუთარ გავლენაში მოქცევას, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩემი აზრით, რაც უნდა მოინდომოს, საქართველოში პროდასავლურ განწყობებს ვეღარაფერს მოუხერხებს. თავის მხრივ, ევროპაშიც მეტად დაფიქრდებიან. ვნახეთ, ბათუმში ახლახან გამართულ კონფერენციაზე რა განცხადებები გაკეთდა - პირდაპირ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. იცით, რაშია საქმე? ლიანდაგზე შემდგარ მატარებელს მისი ფანჯრებისთვის კენჭების სროლა ნამდვილად ვერ შეაჩერებს. ჩემი აზრით, მოვლენები ისე განვითარდება, როგორც საჭიროა, როგორი ზიანიც უნდა მიაყენოს ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის უგუნურმა ქმედებებმა ქვეყანას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქართველო დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ისა და ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

- დღეს ქვეყანაში პრორუსული ძალების მოძლიერება, ბევრის აზრით, "ქართული ოცნების" მცდარი პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებამ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია კრემლის ჰიბრიდულ ომს. სწორედ ამის შედეგია, რომ ულტრარადიკალები აგრესიაზე გადადიან. - სიმართლე გითხრათ, ულტრარადიკალების აქტიურობა სახიფათოდ არ მიმაჩნია. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ძალას, რომელიც მხოლოდ იმ ნიშას იკავებს, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხთან დაპირისპირებას გულისხმობს?! მგონი, ერთი სული აქვთ, ეს ხალხი კიდევ სადმე გამოვიდეს, რომ კიდევ ერთი მიტინგი გამართონ.

ამ პრორუსული ძალების მხარდაჭერა საზოგადოებაში 5-8%-ს არ აღემატება, ამიტომ მათგან საფრთხეს ვერ ვხედავ.

- 20 დღეზე მეტია დედაქალაქში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მთავარი მოთხოვნით - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. მან "TV პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ არსად მიდის და რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე. როგორ აფასებთ ამ მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით გამოძიებას? - ერთხელ უკვე ვთქვი - გახარიას ადგილას აქციის დაშლის მეორე დღესვე გადავდგებოდი-მეთქი და ახლაც ამ აზრზე ვარ. სხვათა შორის, თქვენთან წინა ინტერვიუში ისიც ვთქვი, რომ ვითარების განმუხტვის საუკეთესო გზა იქნებოდა მთავრობის გადადგომა და ეს ჯერ კიდევ არ არის გვიან. ასე მარტივად მოხერხდებოდა პროცესების დარეგულირება. სხვა შემთხვევაში, ეს დაძაბულობა, ალბათ, კიდევ გაგრძელდება.

რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების საკითხს, რაც ფაქტია და ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ეს იყო პარლამენტის შენობაში შეჭრის არაერთგზის მცდელობა, რაც შეიძლება გადატრიალების მცდელობადაც ჩაითვალოს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ძალის გამოცდილებას, რომელიც აქციას ორგანიზატორობდა. ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც 2003 წელს ერთხელ უკვე აიღო შტურმით პარლამენტის შენობა. თუმცა სამართლებრივად ამას სჭირდება უფრო მეტი მტკიცებულება. შს მინისტრი ამბობს, რომ აქვთ მტკიცებულებები, მაშინ საჭიროა მათი დროული გამოქვეყნება, რათა საზოგადოებამ ნახოს სრული სურათი.

- თუმცა გავრილოვის პარლამენტში გამოჩენის შემდეგ პროტესტი ისეთი სპონტანური იყო, ცოტა წარმოუდგენელია, ვინმეს ასეთ მოკლე ვადაში მოეხერხებინა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა. - საქმე ის არის, რომ იმ ტიპის პოლიტიკოსები, როგორსაც "ნაცმოძრაობაში" ვხედავთ, ნებისმიერ სპონტანურ პროცესს სათავისოდ იყენებენ და მაქსიმალურ რადიკალიზაციაზე მიდიან.…

- ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა - ის სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივ ორგანიზაციას აფუძნებს, რომელიც, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება. - ჩემი აზრით, მამუკა ხაზარაძემ ცოტა დაიგვიანა. უკვე კარგა ხანია ვამბობთ, რომ გვჭირდება ძლიერი მესამე ძალა, რომელიც ამოავსებს იმ პოლიტიკურ სიცარიელეს, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შუალედური ძალის შექმნას სჭირდება ფინანსური რესურსი, რაც მამუკა ხაზარაძეს ნამდვილად აქვს. თუ ის მოახერხებს ნორმალური, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების გაერთიანებას, მაგალითად, დავით უსუფაშვილის და ა.შ., რომელთაც კარგი იდეები აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ფინანსები, შეიძლება იქცეს ძალიან სერიოზულ ძალად, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს.

- 11 ივლისს ბათუმში გაიხსნა კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა", რომელიც "აღმოსავლეთპარტნიორობის" დაფუძნების მე-10 წლისთავს ეძღვნება. საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები ეწვივნენ, მათ შორის ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომლის მიერ ვაჟა-ფშაველას ქართულ ენაზე ციტირებამ ჩვენი საზოგადოება ძალიან გაახარა. იმ განცხადებების საფუძველზე, რომლებიც კონფერენციაზე მოვისმინეთ, რა გზავნილები ჩამოიტანეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხელისუფლებისთვის და რა - ოპოზიციისთვის? - ამის თქმა ძნელია, რადგან ჩვენ ვნახეთ მხოლოდ აისბერგის წვერი და ბევრი რამ საჯაროდ არ თქმულა, კონფიდენციალურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე გაცილებით ბევრი რამ იქნებოდა ნათქვამი... ერთი რამ აშკარაა - ევროპა მზად არის კიდევ უფრო შეუწყოს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციას და პროცესების დაჩქარებას ითხოვენ საქართველოსგანაც. მეც ასე ვფიქრობ და როგორც ჩანს, დასავლელი პარტნიორებიც თვლიან, რომ ამ ბოლოდროინდელი პროცესების ყველაზე დადებითი შედეგი არის მომავალი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარების შანსი, რასაც იმედია, ოპოზიცია გამოიყენებს. თუ ამ ვარიანტს "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუჭერენ მხარს, კარგად გამოჩნდება, რომ ისინი ქვეყნის კი არა, მხოლოდ საკუთარ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობენ.