"დღევანდელი მოვლენები ვიღაცა ერთი კაცის მოფიქრებულია " - კვირის პალიტრა

"დღევანდელი მოვლენები ვიღაცა ერთი კაცის მოფიქრებულია "

"კრემლსა და საქართველოში ჩაბუდებულ ანტიქართველებს აღიზიანებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა ალაგებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას"

რეჟისორ ბუბა ხოტივარის აზრით, ერთდროულად გამართული ამდენი აქცია ქვეყნის არეულობას ემსახურება. ჩვენს ინტერვიუში ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

ბუბა ხოტივარი

- მგონი, აქციებმა ამოწურა თავისი თავი. ეს მართლაც კარნავალური გაპროტესტებაა... გავრილოვის პროვოკაციაზე ასე ავარდნა დიდი სისულელე იყო. თუმცა ავარდა რამდენიმე ასეული ბავშვი, ძირითადად კი, ეს იყო სპეციალურად მომზადებული პროვოკაცია, რათა როგორმე შეჭრილიყვნენ პარლამენტში და გაემეორებინათ 2003 წელი, მაგრამ მთავარი არ იციან - ბომბი ორჯერ ერთსა და იმავე ადგილას არ ვარდება. გახსოვთ, "დათა თუთაშხიაში" მორდეხი რომ ამბობს,"ერთი კაცის მოგონილია ეგ, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავსო.

დღევანდელი მოვლენებიც ვიღაცა ერთი კაცის მოფიქრებულია, გავრილოვის ჩამოყვანიანად. საჭირო იყო ქართველი ახალგაზრდების გადარევა. ამისთვის რაღაც ანტიქართული უნდა ჩადენილიყო, თორემ ისე ქართველი ბავშვი არ გამოვა პროტესტით. ჩამოიყვანეს პროვოკატორი გავრილოვი და დაჯდა თუ არა სპიკერის სავარძელში, გამოცვივდნენ პლაკატებით და მეგაფონებით და დაიწყეს ბღავილი და სპეკულაცია ეროვნულ საკითხზე.

- რეზინის ტყვიებიც პროვოკატორებმა დაუშინეს? - ეგ ყველაფერი იმისთვის იყო, რომ პროვოკატორების მიერ გადარეული ხალხი შევარდნილიყო პარლამენტში და მოეხდინა ის, რაც 2003 წელს მოახდინა. მაგრამ, თუ 2003 წელს შევარდნაძისა და პარლამენტის დაცვამ არ დაიცვა საქართველო, გახარიამ საქართველო დაიცვა. ეს ამბავი რომ მომხდარიყო საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, რეზინის ტყვიებს კი არა, ცოცხალ ტყვიებს დააყრიდნენ. აბა, გაბედეთ და ხელი ახლეთ პოლიციას, გნებავთ გერმანიაში, გნებავთ საფრანგეთში ან აშშ-ში.

- გახარია უნდა გადადგეს თუ არა? - რატომ უნდა გადადგეს, ქვეყანა რომ გადაარჩინა და იმათ რომ არ აჰყვა, ვისაც სახელმწიფო გადატრიალება სურდათ?! ბავშვების უბედურებით ნუ სპეკულანტობენ, ეს მათი დანაშაულია, მათ გამოიყვანეს და მოატყუეს ბავშვები. იმ ბავშვებმა კარგად უნდა იცოდნენ, როცა მელიას და მათნაირების ჭკუაზე გაივლი, სახელმწიფო გადატრიალებაზე როცა წახვალ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. იმ პოლიციელზე რას იტყვიან, 95% თვალისჩინი რომ დაკარგა, ან იმაზე, 3 საათის განმავლობაში რომ ურტყამდნენ? რა დააშავეს? ჩვენი პოლიციელები გმირები არიან.

- პროვოკაცია იყო გავრილოვის პარლამენტში შეყვანაო, ვინც თქვა, უპასუხეს, იმ სავარძელშიც პროვოკატორმა ჩასვაო. - ეს ამბავი ვიღაცის შეცდომა იყო და ვიღაცის - პროვოკაცია. ეს გამოსაკვლევია და პროვოკატორი დასასჯელია.

- თუ პროვოკაცია დროულად ვერ აღკვეთე, ესე იგი, ვერც შენ ხარ ძლიერიო, ხელისუფლებას რომ ნიშნის მოგებით ეუბნებიან? - ვინც სავარძლის ბაკქანალია გაითამაშა, ის მოხსნეს. არაფერი სუსტები არ არიან, პირიქით, ჭუჭყისგან განწმენდა და გაძლიერება ხდება.

- გაბუნიას განცხადებას რა კომენტარს გაუკეთებთ? - დიდი ხანია მე ამ ტელევიზიაზე გული ამიცრუვდა. სიძულვილის ენა მათი დანერგილია. გიორგი გაბუნიას ტექსტის მიზანი იყო პუტინის პროვოცირება, რომ რუსეთი შემოჭრილიყო და დაებომბა საქართველო. ეს მიზანი აშკარად ჩანს.

- შესაძლოა ამ სიტყვებზე არაერთმა გითხრათ, დროა დამთავრდეს, კარგად ვხედავთ, რა მოგვიტანა "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო" პოლიტიკურმა თამაშმაო. - მაშინ ბომბი ესროლე და დაღუპე საქართველო.

2008-ში გააკეთა ეგეთი რამ სააკაშვილმა. ამის გამეორება უნდოდათ ახლაც, რომ რაც შეიძლება მეტი ბოროტება ჩაედინა საქართველოს და პუტინი წამოსულიყო საქართველოსკენ ტანკებით, მაგრამ პუტინი მაგათზე შებერტყილი და ჭკვიანია, ჩაუშალათ გეგმები.

- პუტინის შეფასებებზე, განცხადებებსა და სანქციებზე რას იტყვით? - არ მიკვირს, რაც მან განაცხადა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. ამას 1955 წლიდან წერენ. სტალინის სიკვდილის შემდგომ ანასტას მიქოიანი, კრემლის ერთ-ერთი პარტფუნქციონერი, ფარულად ხელმძღვანელობდა ანტიქართულ კამპანიას. მაშინ პირველად გაჟღერდა აფხაზეთში ის, რაც ახლაც განაცხადა პუტინმა. აფხაზეთიდან ქართველების განდევნის შემდეგ აფხაზეთის ისტორიის წერა რომ დაიწყეს, ამ ანტიქართულ კამპანიას ჩვენმა ისტორიკოსებმა შესანიშნავი პასუხი გასცეს. დღეს მთელი მსოფლიოს ქვეყნები და გაერო საქართველოს ფარგლებში აღიარებენ სამაჩაბლოსაც და აფხაზეთსაც, ამიტომ პუტინის განცხადებასა და აფხაზების მონაჩმახ ისტორიებს არავითარი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან.

კრემლსა და საქართველოში ჩაბუდებულ ანტიქართველებს აღიზიანებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა ალაგებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას. რუსები აქ ჩამოდიან და ყველგან წერენ, რომ ქართველები კარგი, სტუმართმოყვარე ხალხია, საქართველო შესანიშნავად ვითარდება, რაც ჩვენს მტრებს აღიზიანებს, აბოროტებს. ამის ჩაშლა მოუნდათ და ჩაშალეს კიდეც, მაგრამ ნაწილობრივ.

- როგორ მოიქცა შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება? - არ აჰყვა მომიტინგეების კრეტინობებს. ჩვენი მთავრობა თავშეკავებულად მოიქცა. როცა უნარი არა გაქვს ჯარით მოუგო, მაშინ გჭირდება დიპლომატია და მოთმინება.

ხელისუფლებამ უძლიერეს წნეხს გაუძლო - უძლიერესი კოლონა მოიგერია, რომელიც ჩაბუდებულია საქართველოში. ყველამ ყველაფერი დაინახა, შედეგად, შეთხელდნენ მომიტინგეებიც.

დოლარის კურსი რომ მაღლა-მაღლა მიიწევს, ლოგიკურია იმ განცხადებისა და სკანდალის მერე, რაც იყო. არ უნდათ, სტაბილიზაცია იყოს საქართველოში, რომ ვაჭრობა განვითარდეს, ხელოვნება, ტურიზმი, მეგობრული ურთიერთობა, მეზობლობა.

ოკუპირებული ტერიტორიების ორ დღეში დაბრუნება რომ მოგინდება, არ მოგცემენ და გინებას იწყებ, მაშინ შენ ხარ საქართველოს მტერი.

ეს ამბავი თანდათან მოხდება, სიტუაციის შერბილებითა და მოთმინებით. რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ანტირუსული ქმედებებია. ბევრი რუსი მიხვდა ამას.

ნახეთ, რუსული საიტები რას წერენ. მოუსმინეთ შევჩენკოს, კიდევ სხვებს. ჩვენი მეგობრები ეგენი არ არიან, მაგრამ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთში შეიჭრა. დიახ, ძალიან ბევრი რუსი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ვერასოდეს ვერ გაიფორმებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკას, დღეს ამ ორი პატარა არასტრატეგიული რეგიონის წართმევით ჩვენ მთლიანად დავკარგავთ კავკასიას და ავტორიტეტს მსოფლიოშიო.

ყველა მთავრობაში არიან რადიკალური ექსტრემისტები და არარადიკალური ფრთა. არარადიკალური ფრთა ამბობს, 30-წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ საქართველოს ნაწილების ოკუპაცია არ გამოგვივიდა, არ იყო სწორი, იმიტომ, რომ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიები არ არის სტრატეგიული; აბრეშუმის გზა მაინც კეთდება, ანაკლია მაინც შენდება, რკინიგზა მაინც ფუნქციონირებს ევროპიდან. საქართველო არ დაჩაგრულა, ცალ მუხლზე დაიჩოქა, მაგრამ წამოდგა და მაგრად დგას. მთელი მსოფლიო საქართველოს მხარეზეა, ჩვენ კი ოკუპანტებს გვეძახიან, ეს უნდა დამთავრდესო.

რუსეთში ეს აზრი განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოში 20 ივნისის ოპერაცია ჩაეშალათ.

"ნაციონალური მოძრაობა" რუსეთისგან დაფინანსებული ვითომ პროქართული ორგანიზაციაა. ვერ მოახერხა საქართველოს პარლამენტის აღება, ვერ მოახერხა არჩევნების მოგება, როდემდე შევინახოთ ეგ უსაქმურები და უნიჭოებიო, ყვირიან რუსი პოლიტოლოგები, მართლები არიან.

- ნატოში შესვლის პერსპექტივებზეც მესაუბრეთ... - მაიკლ პომპეომ თქვა რამდენიმე კვირის წინ, უკვე სერიოზულად განვიხილავთ საქართველოს ჩვენს სერიოზულ პარტნიორადო. საქართველოში მართლა ცუდად რომ იყოს საქმე, პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს, არავითარი რევოლუცია და არეულობის მცდელობა არ იქნებოდა. წყნარად, სიამოვნებით შეხედავდნენ, როგორ დალპებოდა და დაიშლებოდა, მაგრამ პირიქით, აღორძინება მიმდინარეობს. ბევრი ვინმე ეხმარება ქართველებს უცხოეთში. დიასპორა ძალიან კარგი რამეა. ნუ იტყვით, ამდენი ხალხი გავიდაო, ბევრმა დაიწყო დაბრუნება და ფულის ჩადება ქართულ საქმეში. ძლიერი ქართველი უცხოეთშიც და საქართველოშიც საქართველოს სიძლიერეა. ამიტომაა განუწყვეტლივ პროპაგანდა, "ვაიმე, ვიღუპებით, როგორ მრცხვენია, ქართველი რომ ვარ" - აი, ამას ნერგავენ. არაფრისაც არ მრცხვენია, პირიქით, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, უძლიერესი ერი ვართ, ვუძლებთ ზეწოლას ყველასგან, ვისაც ჩვენი შეჭმა უნდა.