"ეტყობა, პუტინმა მასწავლებლად კოკოითი დაიყენა" - ისტორიის ოკუპაცია, ანუ პუტინის გზავნილები - კვირის პალიტრა

"ეტყობა, პუტინმა მასწავლებლად კოკოითი დაიყენა" - ისტორიის ოკუპაცია, ანუ პუტინის გზავნილები

"პუტინს უნდა იმის საერთაშორისო აღიარება, რომ თვითონ კი არა, ჩვენ ვართ ოკუპანტები, რუსეთი კი ჩაგრულთა დამცველია. ეს არის აბსოლუტური პოლიტიკური დემაგოგია და ისტორიის გაყალბება"

ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენთვის აქამდე უცნობი "ისტორიული ფაქტებით" გაჯერებული საქართველოს ისტორიის რუსული ვერსია შემოგვთავაზა. ჩვენი ისტორიის გაბითურებით ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა, პირიქით, საქართველო გამოიყვანა ოკუპანტად და ოსთა გენოციდშიც დასდო ბრალი. ისტორიკოსების აზრით, პუტინი ამ აბსურდული ნარატივით 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს "აპრავებს" (საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის თაობაზე) და ცდილობს ამას "ისტორიოგრაფიული საფუძვლები" მოუძებნოს. ამით რუსეთის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს. პუტინის განცხადების ისტორიული და პოლიტიკური შეფასება ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს ვთხოვეთ, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში "რუსთა ჰეროდოტეს" ოპონირებას გაუწევს.

"ეტყობა, პუტინმა მასწავლებლად კოკოითი დაიყენა"

ციტატა პუტინის განცხადებიდან:

"ოსთა დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. მოგვიანებით, ოსეთის სამხრეთი ნაწილი ტფილისის გუბერნიის შემადგენელი გახდა, 1919-20 წლებში კი ოკუპანტი ქართული ჯარები ოსეთში სასტიკად იქცეოდნენ, რაც არსობრივად იგივეა, რაც გენოციდი".

გიორგი ოთხმეზური: - "1774 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის დაიდო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი და ამ ზავის პირობებით სამხრეთი ოსეთი რუსეთს შეუერთდა", - ეს ჯერ კიდევ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა კოკოითიმ თქვა. ეტყობა, პუტინმა მასწავლებლად კოკოითი დაიყენა და მის ნათქვამს იმეორებს. ამ ზავში ოსეთი საერთოდ არ არის ნახსენები, ტერმინი "სამხრეთი ოსეთი" პირველად 1830 წელს გაჩნდა. ქუჩუკ-კაინარჯის ზავში ლაპარაკია ჩრდილოეთ ოსეთზე, რომელიც მაშინ ყაბარდოს შემადგენლობაში შედიოდა და მასთან ერთად მოიაზრებოდა. რაც შეეხება "ოსეთის სამხრეთ ნაწილის ტფილისის გუბერნიაში შესვლას", როდესაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, 40-იან წლებში კავკასიაში ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარეს და თბილისის გუბერნიაში შექმნეს ე.წ. ასეტინსკი ოკრუგი (არსებობდა 1842-დან 1859 წლამდე). ამ "ოკრუგის" რუკაც არის გამოცემული. ოსმა ისტორიკოსმა კალოევმა 1967 წელს გამოსცა წიგნი "ოსეტინი" და ის რუკა მასში შეიტანა. 1982 წელს მან ეს გამოცემა გაიმეორა, მაგრამ რუკა უკვე ამოიღო იმიტომ, რომ ის ოკრუგი დაახლოებით იმის 1/3-ია, რაც შემდგომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო და დღეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. არც ცხინვალი და არც ახალგორი იმ "ოსეტინსკი ოკრუგში" არ შედიოდა, ამიტომ აღარ აწყობთ ეს რუკა. 1959-ში, როცა რუსეთმა ჩრდილო კავკასია დაიპყრო, შამილის დატყვევების შემდეგ ეს ოკრუგი ჩრდილო კავკასიაში გადაიტანეს და ამას ზედ მიაყოლეს ჩვენსა და ოსეთს შორის მოსაზღვრე ქართული ისტორიული ტერიტორია დვალეთი. არსებობს თვითონ რუსების მიერ გამოცემული მე-17, მე-18, მე-20 საუკუნეების რუკები, რომლებზეც ოსეთი არის მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ რუკების მიხედვითაც საქართველოში ოსეთის ხსენება არ არის. რუსებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოში 1922 წელს, ანუ ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ ჩამოაყალიბეს.

1917 წელს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი, რომელიც იბრძოდა ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის, თან დამოუკიდებლობას ითხოვდა. 1918-20 წლებში ოსებმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამი აჯანყება მოაწყვეს. საბჭოურ ისტორიოგრაფიაში ეს საკითხები გადატრიალებულად - "საზიზღარი მენშევიკები ჩაგრავდნენ ბოლშევიკებს" კუთხით იყო განხილული. იმ პერიოდში საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ მოახერხა აფხაზ ბოლშევიკებთან მოლაპარაკება და ყოველგვარი ომისა და სისხლის ღვრის გარეშე აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით დაფიქსირდა. ოსებთან მოლაპარაკება არ მოხერხდა, მათ სამჯერ მოაწყვეს აჯანყება, რომლებიც მთავარსარდალ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ჩაახშო ქართულმა ჯარმა. ყველა ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. 1920 წელს რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა გამოგვიგზავნა ნოტა პრეტენზიებით, ოსებს ნუ ავიწროებთო, რაზეც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გეგეჭკორმა უპასუხა: "საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარი გავლებულია, ჩვენს ტერიტორიაზე არავითარი ოსეთი არ არსებობს, ეს თქვენ არ გეხებათ და უფლება არა გაქვთ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩაერიოთ". ამით დასრულდა ეს საკითხი.

1920-21 წლებში არავითარი გენოციდი არ ყოფილა. მე-19 საუკუნის ბოლოს ცხინვალში არც ერთი ოსი არ ცხოვრობდა. 1922 წლისთვის (როდესაც ცხინვალი ოლქის დედაქალაქი გახდა), იქ მარტო 613 ოსი სახლობდა, მათზე ბევრად მეტი იყო ქართველი, სომეხი და სხვა ეროვნების ხალხი. რა გენოციდზეა ლაპარაკი, როცა მერე, 70 წლის განმავლობაში 613-დან 31 000-მდე გაიზარდა ოსების რიცხვი, ანუ ხელოვნურად მოხდა მათი ჩამოსახლება სამხრეთში (სამაჩაბლოში).

ციტატა პუტინის განცხადებიდან: "აფხაზეთი 1810 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი საქართველომ სცადა მისი გადაყლაპვა და 1918 წელს მოახდინა მისი ოკუპაცია".

გიორგი ოთხმეზური: - იმხანად საქართველო გაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად. რუსებმა ამ სამთავროებთან ცალ-ცალკე, "დაყავი და იბატონეს" პრინციპით, გააფორმეს ხელშეკრულებები და იარაღის ძალით გააუქმეს მეფობა. ასეთივე ხელშეკრულება დადეს აფხაზეთის ოლქთან, რომელიც მაშინ ქუთაისის გუბერნიაში "სუხუმსკი ოკრუგის" სახელით შედიოდა. აფხაზეთი იყო ისეთივე ქართული ტერიტორია, როგორიც ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო... აფხაზიც ისეთივე ქართველია, როგორიც ქართლელი, კახელი და ა.შ. მე-14 საუკუნეში თბილისსა და სოხუმში კათოლიკური მისიები გაიხსნა. პეტრუს გერალდი (ამ მისიის მეთაური) თავის ჩანაწერებში სოხუმში "აფხაზს" არ ახსენებს (წერს, რომ იქ ქართველები, ბერძნები, სომხები ცხოვრობენ) იმიტომ, რომ მისთვის აფხაზი და ქართველი ერთია. აფხაზები თავიანთ სახელმწიფოებრიობის ისტორიას აფხაზთა სამეფოს შექმნიდან იწყებენ, არადა, ეს იყო დასავლურ-ქართული სახელმწიფო და აფხაზთა მეფეები ქართველი მეფეები იყვნენ. აფხაზ მეფეთა ინიციატივა იყო დასავლეთ საქართველოს ეკლესიური გამოყოფა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან და მცხეთის საეკლესიო ტახტთან გაერთიანება. ამას არაქართველი რატომ იზამდა? სხვათა შორის, ყველაზე ცნობილი აფხაზი ისტორიკოსები, ზურაბ ანჩაბაძე და გიორგი ძიძარია, როცა "აფხაზთა სამეფოს" წერდნენ, ფრჩხილებში უთითებდნენ "დასავლურ-ქართული სახელმწიფო" (ენციკლოპედიაშიც ასეა შესული). ძველი ქართველი თავადების, შარვაშიძეების ეროვნულ თვითშეგნებას რაც შეეხება, წარმოიდგინეთ, მათი უკანასკნელი მთავრისა და მისი მეუღლის საფლავის ქვაზე ეპიტაფია ძველი ქართული ასომთავრულით არის შესრულებული. აფხაზეთი, როგორც საქართველოს ჩვეულებრივი ნაწილი, ისე შემოვიდა საქართველოს შემადგენლობაში, საქართველოს არავის ოკუპაცია არ მოუხდენია.

ციტატა პუტინის განცხადებიდან: "საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა გააუქმა ყველანაირი ავტონომია - აფხაზეთის, აჭარის და ა.შ., ამ ყველაფერმა კი ძმათამკვლელი ომი გამოიწვია".

გიორგი ოთხმეზური: - აფხაზეთის ავტონომია გამსახურდიას არ გაუუქმებია. სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმდა იმიტომ, რომ ოსებმა თვითონ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა - იქ რუსის ჯარი იდგა და ამ ჯარის დახმარებით ქართველები გამოყარეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამის საპასუხოდ ზვიად გამსახურდიამ ოლქი გააუქმა, მათ კი საერთოდ სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოდ გამოაცხადეს. მეორეც, მათი გაქართველება კი არა, პირიქით, ქართველების გააფხაზება და გაოსება ხდებოდა, იმიტომ, Pრომ პრივილეგიები ჰქონოდათ. სსრკ-ის დროს ამ რესპუბლიკებში რაიკომის მდივანი, აღმასკომის მდივანი, მილიციის უფროსი, მთავარი პროკურორი და ა.შ. აუცილებლად აფხაზი და ოსი უნდა ყოფილიყვნენ.

ჩვენ ვჩაგრავდით აფხაზებსა და ოსებს? საბჭოეთში განათლების სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არც ერთი ეროვნული სკოლა არ ფუნქციონირებდა, ყველგან რუსულად იყო სწავლება, საქართველოში კი ქართულ-აფხაზური, რუსულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და რუსულ-ოსური სკოლები იყო, მათ ჰქონდათ თავიანთი ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები, თეატრალური დასიც ჰყავდათ. საქართველო რომ არ ჩაგრავდა, მათ ამიტომაც შეინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა და ამას ის რუსეთი ამბობს, რომლის გამოისობითაც ჩრდილო კავკასიაში არც ერთი ოსური სკოლა არ არსებობდა.

"გენოციდზე რუსი ლაპარაკობს?"

გიორგი ოთხმეზური: - ეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ რუსეთს უნდა რაღაც საფუძველი გამოძებნოს და თქვას, რომ არც აფხაზეთი და არც ოსეთი, რომელთა დამოუკიდებლობაც, მისი თქმით, "იძულებით აღიარა", არ იყო საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

ამით პუტინმა გვითხრა, რომ პრეტენზია არც ერთ რეგიონზე არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ვართ დამპყრობლები, ოკუპანტები, ის კი იცავს მათ დამოუკიდებლობას. ამის ოფიციალური აღიარება სწადიათ პუტინს და რუსეთს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოუვა იმიტომ, რომ მაშინ ისტორია უნდა გადატრიალდეს, ძველი წაიშალოს და ახალი დაიწეროს, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს როგორც ჭეშმარიტება, რაც გამორიცხულია. გენოციდზე რუსი ლაპარაკობს? რუსებმა არ მოუწყვეს გენოციდი უბიხებს? რუსებმა არ მოუწყვეს გენოციდი აფხაზებს, როდესაც მუჰაჯირობა იყო? აფხაზები გაყარეს, უბიხები აღარ არიან, მთლიანად ამოჟლიტეს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

პუტინსა და რუსეთს ყველა უკიჟინებს, რომ ოკუპანტი და დამპყრობელია და ახლა თავს იმართლებს, გაღმა შეედავეს პრინციპით.

პუტინს უნდა იმის საერთაშორისო აღიარება, რომ თვითონ კი არა, ჩვენ ვართ ოკუპანტები, რუსეთი კი ჩაგრულთა დამცველია. ეს არის აბსოლუტური პოლიტიკური დემაგოგია და ისტორიის გაყალბება.

რუსები ცდილობენ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკას ისტორიული გამართლება მოუძებნონ, ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ისტორიული სამართლიანობის აღდგენად ჩათვალონ.

როცა კოკოითიმ ბრძანა, ოსეთი რუსეთს 1774 წელს შეუერთდაო, პუტინმა მაშინ განაცხადა, სტალინმა აჩუქა სამხრეთი ოსეთი საქართველოსო. ახლა, ეტყობა, კოკოითიმ ამეცადინა პუტინი და ასე ამიტომ ამბობს. პუტინს შეიძლება ბევრი რამ უნდოდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივიღოთ.

გავიხსენოთ, ამ განცხადებას რა უძღოდა წინ. რაც გვარამია-გაბუნიამ გააკეთეს, საზიზღრობა იყო, არხის ხელმძღვანელი გამოდის ტელევიზიით და დედას იგინება. ეს რა უბედურებაა?! ვინ დამაჯერებს, რომ გვარამიამ არაფერი იცოდა და გაბუნიამ ითავნება? "რუსთავი 2", ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ანტიქართული მოძრაობაა. როცა ხედავენ, რომ თვითონ ვეღარ მოდიან ხელისუფლებაში, სურთ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს, დესტაბილიზაცია უნდათ!

გაბუნიას ტექსტი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია იმისათვის, იქნებ როგორმე კიდევ უფრო დაიძაბოს ქართულ-რუსული ურთიერთობა. ალბათ, ოცნებობდნენ იმ სანქციებზე, რომელიც დუმამ მიიღო, ალბათ, ძალიან სწყინთ, რომ პუტინმა არ გაატარა ისინი...

მაგრამ პუტინი ისტორიას მაინც ვერ შეგვიცვლის. ოსები და აფხაზები დიდი ხანია წერენ და გაიძახიან, დამოუკიდებლები ვართო და ეკუთვნით დამოუკიდებლობა? ამაში სხვას ვერ დაარწმუნებენ. ჩვენმა ისტორიკოსებმა პუტინის ზღაპრებს 2010 წელს დასაბუთებულად გასცეს პასუხი. წელს გამოიცა კრებული, სადაც მარიამ ლორთქიფანიძე და დავით მუსხელიშვილი პასუხობენ პუტინს, რომელიც სწორედ აფხაზებსა და ოსებზე ამბობს, დამოუკიდებლები იყვნენო. მეცნიერებმა თავიანთი პასუხით პუტინს უთხრეს, უვიცი ხარო. იქვე პასუხობენ რუს ტელეწამყვან მატვეი განაპოლსკისაც, რომელმაც გადაცემაში გამოაცხადა, ოსეთი სტალინმა გაყო ორ ნაწილადო. პუტინს ადრეც არაერთხელ უთქვამს მსგავსი რამ, მაგალითად, 2010 წელს, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. "ნაცები" ახლა რომ ყვირიან, სანქციების ნაცვლად ეს მოგვთხოვა, ამას ემბარგო სჯობდაო, მაშინ რატომ არ შეაწუხათ ამ განცხადებამ?! ახლა უნდათ ამ ხელისუფლებას დააბრალონ, თითქოს რუსებს გაურიგდნენ.

რა თქმა უნდა, მსგავს განცხადებებზე ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ეროვნული საკითხები არასდროს იდგა სახელმწიფოებრივ დონეზე. უნდა შევიგნოთ, რომ ისტორია არის როგორც პოლიტიკური, ისე პატრიოტული მეცნიერება და მისი წინა პლანზე წამოწევაა საჭირო. ახლაც უნდა დაიწეროს პუტინის განცხადებაზე პასუხი-მიმართვა, ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე და დაიგზავნოს ყველგან, სადაც საჭიროა.