"იმედი მაქვს, ამ ნაღმს სამოქალაქო დაპირისპირება არ დაერქმევა" - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, ამ ნაღმს სამოქალაქო დაპირისპირება არ დაერქმევა"

თითქმის ერთი თვეა საზოგადოების ერთი ნაწილი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ამაოდ ითხოვს. გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 20 ივნისის ღამის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ რეალობასა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე "კვირის პალიტრა" თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ესაუბრა.

- 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ ერთადერთი კოზირი, რაც შერჩენილი ჰქონდა, დაკარგა. მას დემოკრატიულ მმართველობაზე პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს. ხელისუფლებები, როგორც წესი, ასეთ მოვლენებს გადაჰყვებიან ხოლმე. თუკი მანამდე ჩვენი საუბრები ხელისუფლებაზე თეორიული იყო, ახლა შეიძინა უმძიმესი სახე თვალებდათხრილი გოგონას სახით.

ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ყოველთვის ამბობდნენ, რომ არ იყო მოძალადე, ახლა მას ეს სტატუსიც მიენიჭა.

- რამდენად ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება შექმნილ ვითარებას? - ფაქტია, არაფერს აკეთებს, რომ თუნდაც ქუჩაში ეს აქციები ჩაცხრეს და არ მივიღოთ ერთდროულად კიდევ 4 აქცია, როგორც რამდენიმე დღის წინ იყო.

- ანუ ვართ ნაღმზე?.. - ნამდვილად ასეა და იმედი მაქვს, ამ ნაღმს სამოქალაქო დაპირისპირება არ დაერქმევა. ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს ან არ დაუშვას. 8 ივლისს ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელმაც ზღვარზე ითამაშა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ის აქცია არ იყო "ოცნების" მიერ წახალისებული...

ხელისუფლებამ რისკის ზღვარზე ითამაშა და ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოებას შფოთვის განცდა ჰქონოდა. ხელისუფლება ჩვეულებრივ პროვოკატორად იქცა, ცდილობს საზოგადოება მუდმივ შიშში ამყოფოს. გასაგებია, რომ გახარიამ არ იცის, საქართველოში რა ხდებოდა 30 წლის განმავლობაში. მოსკოვში ამაზე არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ხელისუფლებაში ვიღაცები ხომ არიან დარჩენილი, რომლებსაც უნდა ეყოთ გამბედაობა და უამბონ, როგორ იქცევიან ქართველები ასეთ ვითარებაში.

- ოპოზიცია რეპრესიებზე ლაპარაკობს...

- ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, გამოკითხვაზე დაბარება ჩვეულებრივი ამბავია. პრობლემა ის არის, რომ გამოძიება გახარიას არ იბარებს. მსგავსი კრიზისი, როგორც წესი, არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების მარცხით მთავრდება.

- აქციები არ წყდება... - დღემდე იმაზეა ლაპარაკი, კრიზისი გავრილოვის ჩამოყვანით დაიწყო და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით დასრულდაო, მაგრამ ასე არ არის. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რა არის ამის გამომწვევი. ამწუთას კრიზისის გამომწვევი გახარიაა, რომელიც უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გახარია ჭიკაიძესა და ღარიბაშვილზე უკეთესი მინისტრია, თუმცა კრიზისის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის და უნდა წავიდეს. ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესია, რომ პროპორციული სისტემის საკონსტიტუციო პროცესი სწრაფად, ფორსირებულად წარიმართოს და დაცლილი იყოს ვაჭრობისგან. საზოგადოება თანამონაწილე უნდა გახდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგიას, რომელიც ახლა ქუჩაშია (ვგულისხმობ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ტელევიზორებთან არიან მიჯაჭვული და ყოველდღიურად არ ესწრებიან აქციებს), ხელისუფლებამ დაპირებების შესრულება დაუპირისპიროს. ბუნებრივია, მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები არ იგულისხმება, მთელი საარჩევნო კანონმდებლობაა შესაცვლელი. მე რომ ხელისუფლების ადგილას ვიყო, აუცილებლად მივაყოლებდი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და საზოგადოებას დავანახებდი, რომ ის პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობს. მაგალითად, პირველად კოორდინატების საკითხს გადავწყვეტდი. ამის მერე დაინახავდა საზოგადოება, რომ ხელისუფლებამ გაიგო, რაშია პრობლემა და დაიწყო მუშაობა, რასაც ხალხი ამდენი ხანია სთხოვს. ასეთივე იქნებოდა უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელშიც კობახიძემ თავი მოიკლა და ის სიმახინჯე ჩაწერა, რომელიც გვაქვს. ქვეყანაში არსებული მდგომარეობით გამოჩნდა, რომ კრიზისთან გამკლავების ინსტიტუციური მექანიზმი აღარ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია.

ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება უსმენს, მაგრამ არის ერთი მთავარი წინა პირობა - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კრიზისი ყველა შემთხვევაში გადაიყოლებს, არაფერს გააკეთებს.

- საზოგადოების ნაწილი იმასაც ამბობს, გახარიას წასვლის მერე უკეთესი ვინ მოვაო? - შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ! ეს იმას ჰგავს, 2011 წელს სიუჟეტი, რომ გაკეთდა, "მიშა უნაკლოა"... სულაც არა მგონია, რომ გახარიას გადაყენებას უკეთესი შს მინისტრის დანიშვნა მოჰყვება, მაგრამ ერთი რამ ცხადია - შსს-ს არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს ამ მასშტაბის ლეგიტიმაციის არმქონე პირი.

რამდენიმე დღის წინ მას ტელეეთერში უთხრეს, რომ მისი სპეცრაზმელები და პოლიციელები იყვნენ მოძალადეები და მას რეაქცია არ ჰქონია. გახარია, რომელიც ყველაფერზე რეაგირებდა, სიტყვებზე ეკიდებოდა ჟურნალისტს, სპეცრაზმელების შეურაცხყოფაზე კი რეაქცია არ ჰქონია. არ შეიძლება ამ კაცის შს მინისტრად დარჩენა. პოლიციის უფროსი მუდმივად საზოგადოების თავდასხმისგან თავდაცვის რეჟიმში იყოს, წარმოუდგენელია, ძალიან საშიშია.

- რატომ არ იწვევს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს? - რაც არა გვაქვს, რას მოიწვევს? ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს, როდესაც შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა დასრულდება. დღეისათვის არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამ საბჭოს მუშაობას უზრუნველყოფდა. როდესაც კონსტიტუციით მიიღეს ეს საბჭო, ხელმძღვანელად გახარია დაინიშნა, მაგრამ არ არსებობს წესდება, როგორ უნდა იმუშაოს ამ საბჭომ. სწორედ ეს არის პრობლემა - კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან წელიწადზე მეტი გავიდა და არაფერი გაკეთებულა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს.

- რა შანსი მიეცემა ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებისთვის, თუ ყველა ის რჩევა გაითვალისწინა, რაც ახლა ჩამოთვალეთ?

- ამით, სულ ცოტა, იმის შანსი გაუჩნდება, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ისე დაამთავრონ, არ შევიდნენ საქართველოს ისტორიაში როგორც სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთი დამანგრეველი ხელისუფლება.