"რაც მოხდა, "ნაცმოძრაობასაც" აწყობდა და ხელისუფლებასაც" - კვირის პალიტრა

"რაც მოხდა, "ნაცმოძრაობასაც" აწყობდა და ხელისუფლებასაც"

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბოლო დღეების მოვლენებს აფასებს.

- შს მინისტრის განცხადებებს რა შეფასებას მისცემთ, მიიღეთ კითხვებზე პასუხი?

- გახარიამ ერთადერთი სიახლე თქვა - რომ ბრძანება მან გასცა და იქ ელჩები იმყოფებოდნენ, დანარჩენი ძველი ამბების გადამღერება იყო. მხოლოდ გერმანიის ელჩმა დაადასტურა იქ ყოფნა, სხვების განცხადება ვერ ვნახეთ. ხელისუფლება ცდილობს მყარი არგუმენტი შეიქმნას, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული და გარდაუვალი იყო. ამისთვის სჭირდებათ დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა.

გახარიას განცხადება მაგონებს 26 მაისის დარბევის შემდეგ მაშინდელი "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელების სქემას - ლაპარაკობდნენ, თუ როგორ გაიცა ბრძანება, რომ სქემა შეიმუშავეს ამერიკელ სპეცრაზმელებთან ერთად და არანაირი გადაცდომა არ ყოფილა, თუ იყო, ცალკეული პოლიციელისო.

როგორც ჩანს, დღესაც იგივე სქემა მოქმედებს. ელჩი იქ იმისთვის მიიყვანეს, რომ ეთქვათ, ყველაფერი კანონიერად იყოო...

- "ნაცმოძრაობის" დროს აქციის დარბევებსა და 20 ივნისის მოვლენების შედარებისას მინისტრმა თქვა, რომ პარალელები სწორი არ არის, რადგან მათ გზები არ გადაუკეტავთ... - მერაბიშვილიც ამბობდა, ყველაფერი წესრიგში იყოო, მაგრამ ახლა ციხეში ზის. დარბევას დაიწყებ რუსთაველზე, ჩაკეტავ გზას თუ ისე დაარბევ, დიდი განსხვავება არ არის. 26 მაისს სხვა მიზანი ჰქონდათ, რაღაც დიდი ფონის შექმნა უნდოდათ, მაგრამ საზოგადოების რეაქცია იმდენად მწვავე იყო, შორს ვეღარ წავიდნენ. თუ მაინც პარალელი უნდათ, 7 ნოემბრის აქციებზე მაშინდელი ხელისუფლება უკეთესად მოიქცა, ოღონდ რუსთაველზე, სადაც მხოლოდ წყალი და გაზი გამოიყენა. 7 ნოემბერიც ისეთივე დარბევა იყო, როგორიც 26 მაისი და 20 ივნისი - კი არ დაშალეს, დაარბიეს და მაშინაც დასდევდნენ ხალხს... რისი თქმა უნდათ, "ნაციონალებზე" უკეთესები არიან? მაშინ ბევრი მოხვდა ციხეში, დღეს 4 კაცია დაკავებული და არ ვიცით, კიდევ რამდენს წაუყენებენ ბრალს.

ვახტანგ ძაბირაძე

- გახარიამ თქვა, რომ არ გადადგება, თუმცა აქციები ისევ გრძელდება. - 20 ივნისს რეპრესიების ციკლი დაიწყო და სადამდე მივა, ვნახოთ. წინა ხელისუფლების დროს თითქმის 5 წელი გრძელდებოდა, 2007-დან 2012-მდე.

ამათ უნდათ საზოგადოებას მკაცრი ხელი აჩვენონ, დააშინონ. თუ ვერ შევშინდებით, სხვა გამოსავალი ექნებათ მოსაძებნი. გახარიას გადადგომა-არგადადგომა არის ორიენტირი იმისა, რა არის მოსალოდნელი ხვალ "ოცნებისაგან".

გახარიას დარჩენა ნიშნავს, რომ ის ამ პროცესს გააგრძელებს - სადღაც ისევ პანკისი განმეორდება, სადღაც 20 ივნისი, სადღაც ბათუმის გადატრიალება, სადღაც გამოჩნდებიან რაინდები ან ლგბტ თემი.

ხელისუფლება არ აანალიზებს საფრთხეებს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი წყარო მისთვის ძალოვანი სტრუქტურები და რეპრესიული მეთოდებია.

ამის გადაფარვა იმით, რომ პროპორციული არჩევნები იქნება, ცოტა სათუოა.

- ამ დათმობაზე ხომ წავიდნენ? - ამაზე ჯერ ლაპარაკია... პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და ამ გადაწყვეტილებას ხმათა სამი მეოთხედი სჭირდება. ხელისუფლების ნაწილი, ალბათ, მხარს უჭერს, მაგრამ არა მგონია, მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, თუნდაც "ნაცმოძრაობამ". ხელისუფლება ან წავა ბარიერის გაზრდაზე, ბლოკებს დაუშვებს, ან შეეცდება "ნაცმოძრაობამ" უარი თქვას. შესაბამისად, კვორუმი არ შეიკრიბება და დაგვრჩება ძველი საარჩევნო სისტემა.

- 20 ივნისს ოპოზიციის ლიდერებსა და გახარიას შორის მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო, თქვენი აზრით, რატომ ვერ შედგა შეხვედრა? - რაც მოხდა, "ნაცმოძრაობასაც" აწყობდა და ხელისუფლებასაც. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ლიდერები აპირებდნენ საუბარს, ალბათ, გონივრული იქნებოდა - თუნდაც აქციის დაშლის ბრძანება ყოფილიყო გაცემული - ბრძანება შეეჩერებინათ, მაგრამ პირიქით მოხდა - სასწრაფოდ დაიწყო დარბევა. ჩვენ აქ არაფერი გვესაქმება, შევიდეთ პარლამენტშიო, მელიამ გააკეთა პროვოკაციული განცხადება და ამას მოჰყვა ხელისუფლების პროვოცირება. ჩანს, ხელისუფლებამ ეს ფრაზა გამოიყენა აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასასჯელად. თუ ამ ვერსიას გავყვებით, მაშინ სპეცრაზმზე შეტევა შესაძლო სცენარია - უნდოდათ ენახებინათ, როგორ აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას და ამით გაემართლებინათ ის, რაც მოხდა. ძალიან ცუდი ვერსიები იკვეთება.

- საქმის კვალიფიკაცია საკმაოდ მძიმეა - გადატრიალების მცდელობა. - ერთ დღეში ასეთი რამ რომ ვერ გაკეთდებოდა, ცხადია. ამასთან, საზოგადოებას ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არც ისეთი, რომ გადატრიალება შეემზადებინა. თუ ოპოზიციამ იცოდა, რომ გავრილოვი ჩამოვიდოდა, დაჯდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და მერე რაც მოხდებოდა, მაშინ უშიშროება რას აკეთებდა? თუ ასეა, გასაუქმებელია უშიშროებაც და შსს-ც. ეს სცენარი გამორიცხულია, ჩანდა კიდეც იმ მიტინგზე, რომ ყველაფერი სპონტანური იყო. ერთი ვერსიაც გამოჩნდა - რომ სადღაც, გარეუბანში, "მოლოტოვის კოქტეილი" იპოვეს, მაგრამ ახლა აღარავინ ახსენებს, იმდენად აბსურდული იყო მცდელობა, იქნებ ესეც მივაბათ მომხდარსო.

- რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებს მართავენ? - ეს აქციები უნდა დასრულდეს. ახლა მთავარია არა გახარიას გადადგომა, არამედ პოლიტიკური სპექტრისთვის მოთხოვნის წაყენება - ოპოზიციამ უარი არ თქვას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პროპორციული არჩევნების საკითხის განხილვა რომ დაიწყება, მაშინ უნდა გაიმართოს აქციები პარლამენტის წინ და ამისთვის მოემზადოს ახალგაზრდობა. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. გახარიას შეცვლით არაფერი შეიცვლება, მეორე გახარია მოვა, ჭიკაიძისთანა თუ დაბრუნდა, უარესია.

- მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. პოლიტიკოსების დაჭერას ელოდებით?

- სხვა გამოსავალი არ არის, უნდა თქვან, ვიღაცები დავსაჯეთო და, ალბათ, გახდება ვინმე განტევების ვაცი. ასეთი გამოძიება ბოლომდე არასოდეს მისულა, ყველა საქმე დავიწყებას მიეცა. არა მგონია, პოლიტიკოსები დაიჭირონ. იკვეთება, რომ ბრძოლაა არა ძალაუფლებისთვის, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ეს კი ვის აძლევს ხელს, სამკითხაო არ არის.