მიიღებს თუ არა მამუკა ხაზარაძე 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას - კვირის პალიტრა

მიიღებს თუ არა მამუკა ხაზარაძე 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას

"ბადრი ჯაფარიძე სულ მის გვერდით არის, და თემურ ჭყონია, რომელმაც ასევე დააანონსა პოლიტიკაში მოსვლა... მაგრამ ხაზარაძისთვის რთული იქნება მხოლოდ ამ ტიპის ფიგურებით მოქმედება"

მამუკა ხაზარაძე, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი, საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება.

"თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდი ცნების გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არა აქვს.

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისთვის სხვადასხვა იარლიყის უსაფუძვლოდ მიკერება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ", - ნათქვამია ბანკირის მიმართვაში.

მართლაც მიდის თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში და რა შანსი აქვს მას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ხაზარაძეს შეუძლია პოლიტიკაში მოსვლა, თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფლების შეტევები შეამციროს, თავად არის ხელისუფლებისგან შევიწროებული.

- პოლიტიკურად გააქტიურება დაიცავს ხაზარაძეს ხელისუფლების შეტევებისგან? - არ ვამბობ, რომ ის მაინცდამაინც ოპოზიციაში გადავა და ასე იბრძოლებს. ეს მეტისმეტად უგუნური პოზიციაა - თუ ოპოზიციაში ვიქნები, იოლად ვერ შემომიტევენო.

პარლამენტში შესვლისას მას შეუძლია სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებზე ითამაშოს და მომგებიანი პოზიცია შეიქმნას იმისდა მიხედვით, თუ ვის მხარეს დაიჭერს. ხაზარაძე პრაგმატულად აზროვნებს და იმ მხარეს დადგება, რომელიც იმ მოცემულ მომენტში მისთვის მომგებიანი იქნება.

- მაგრამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს... - პოლიტიკაში ურთიერთობებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გადამწყვეტია პრაგმატული შედეგი.

- ანუ შესაძლოა პარლამენტში ივანიშვილი და ხაზარაძე ისევ ერთ მხარეს ვიხილოთ? - ბიძინა ივანიშვილი, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი, იქნება თუ არა უმრავლესობაში ან რაღაც გაერთიანებულ პარტიათა ლიდერი, ამას მომავალი გვიჩვენებს. მგონი, ხაზარაძის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ შესაძლებლობების შექმნას ემსახურება მიზნად. მერე ეს შესაძლებლობა რას მისცემს და ვისთან ურთიერთობის საშუალებას, ვითარება აჩვენებს. ის ახლა კამათელს ისვრის და იმ კამათელზე რა დაჯდება, მერე გამოჩნდება.

- და მაინც, როგორც დამოუკიდებელ ბიზნესმენს პოლიტიკაში რა შანსი აქვს?

- პოლიტიკაში შანსის მეტი რა არის, მაგრამ მეეჭვება, ის აპირებდეს პოლიტიკაში დარჩენას. პოლიტიკის ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც დიდი ბიზნესმენები პოლიტიკაში იმისთვის მოდიან, რომ მათთვის სასურველი საკანონმდებლო ბაზები შექმნან და მერე უკან, ბიზნესში ბრუნდებიან.

- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ხაზარაძეს 2020 წლის არჩევნებში შანსი? - ის ცნობილი ფიგურაა, ეს კი პოლიტიკაში მიმავალი ადამიანისთვის დიდი პლუსია, თან უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. შანსს ზრდის ასევე ნულოვანი ბარიერი, რაც ყველას უხსნის კარს პოლიტიკაში. და კიდევ ფინანსური სახსრები.

მას ბიზნესკავშირები აქვს და ძალიან ადვილად შეიძლება ეს პოლიტიკურ კავშირებად ჩამოყალიბდეს. ეს არის მისი ერთ-ერთი კოზირი.

- როგორ ფიქრობთ, ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა საფრთხეს უქმნის თუ არა "ქართულ ოცნებას"? - მე სხვანაირად ვიტყოდი - საფრთხე "ოცნებისთვის" თვითონ "ოცნებაა". მმართველ ძალაშია ბევრი ისეთი ხარვეზი, რომელიც მას ამომრჩეველს უკარგავს, თორემ ხაზარაძის გააქტიურება, თუ საარჩევნო თვალსაზრისით შევხედავთ, სახიფათო არ არის. უფრო მეტიც, ხაზარაძეს არჩევნებში გამარჯვება შეიძლება გაუჭირდეს.

მიუხედავად ბევრი ქველმოქმედებისა, მოსახლეობის თვალში ის მაინც ბანკის მმართველად დარჩება, საზოგადოების ფართო წრეებში კი ბანკირების მიმართ არცთუ ისე დადებითი განწყობაა.

- ბანკირი იყო ბიძინა ივანიშვილიც... - ბიძინა ივანიშვილი ხალხის ცნობიერებაში არ იყო მსხვილი ბანკირი, რადგან მისი ბანკი "ქართუ", ძირითადად, საქველმოქმედო მიზნით მოღვაწეობდა. ამიტომ ხალხის წარმოდგენაში ეს არ არის ბანკი, რომელიც მას ატყავებს.

- მაგრამ ხაზარაძეც ხომ არის ქველმოქმედი... - კი, არის. არ ვამბობ, რომ ხაზარაძე წააგებს ან დამარცხდება, უბრალოდ, გაუძნელდება იმიჯის ჩამოყალიბება, რომ ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსახლეობის საკეთილდღეოდ მოდის. ივანიშვილზე შექმნილია თეორია, რომ მან ყველაფერი იყიდა და აგრძელებს თავისი ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოს ხარჯზე. არ არის გამორიცხული, რომ ამ მოდელმა ცუდი სამსახური გაუწიოს ხაზარაძესაც. იტყვიან, თუ ივანიშვილმა იყიდა საქართველო, ალბათ, ხაზარაძეც მოინდომებსო.

- რამდენად შეიძლება მისი შედარება ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც 2012 წელს პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა? - არის საერთო ნიშნები, თუნდაც იმ მხრივ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცნობილია, რომ თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", მერე მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ივანიშვილმა "ნაციონალების" პოლიტიკიდან გაგდება გადაწყვიტა. რაღაც ანალოგიური შეიძლება იყოს ხაზარაძის მოტივაციაშიც.

- ვინ შეიძლება ვიხილოთ ხაზარაძის გვერდით? - ბადრი ჯაფარიძე, სულ მის გვერდით არის, და თემურ ჭყონია, რომელმაც ასევე დააანონსა პოლიტიკაში მოსვლა... მაგრამ ხაზარაძისთვის რთული იქნება მხოლოდ ამ ტიპის ფიგურებით მოქმედება.

- კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მოსალოდნელია ვიხილოთ მის გვერდით? - ქობულიას ამბავი არ ვიცი, მაგრამ კვირიკაშვილზე ცნობილია, რომ ის საკმაოდ კარგად არის უცხოურ ორგანიზაციაში და მოისურვებს თუ არა პოლიტიკაში გადმონაცვლებას, არ ვიცი.

- "ქართული ოცნების" სხვა ძველ სახეებზეც არის ლაპარაკი, მაგალითად, ლევან კობერიძესა და ლევან გოგიჩაიშვილზე... - საზოგადოება მათ პრინციპულ პოლიტიკოსებად იცნობს და ამას, რა თქმა უნდა, დიდი წონა ექნება ხაზარაძისთვის.

- თუ პოლიტიკაში მართლაც გადაწყვიტა მოსვლა, ანაკლიის პორტს რა ბედი ეწევა? - არ არის გამორიცხული, ანაკლიის გამოც გადაიფიქროს პოლიტიკაში მოსვლა და გეზი ისევ ბიზნესისკენ აიღოს.

- ანუ შესაძლოა მისი განცხადება პრევენციულია? - კი. რას კარგავდა ამ განცხადებით?!