"20-მა ივნისმა საქართველოში პოლიტიკური ველი შეცვალა" - კვირის პალიტრა

"20-მა ივნისმა საქართველოში პოლიტიკური ველი შეცვალა"

"სააკაშვილის "შლეიფს" იმედი გაუცრუვდა"

თითქმის ერთთვიანი აქციები, 20 ივნისის ღამის შემდეგ დაბადებული მოთხოვნები და პროცესები როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე, რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახალ პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდა - ეს არის თემები, რომელთა შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გვესაუბრება.

- უმჯობესია, 20 ივნისის შემდგომი ვითარება შევაფასოთ, რადგან ყველაფერი დანარჩენი - იმ ღამეს განვითარებული მოვლენები ან იმის განხილვა, გადაამეტეს ძალას თუ პროპორციული იყო ხელისუფლების პასუხი, ერთი სერიის ნაწილი გახლდათ.

იმ ღამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი შეიცვალა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაცია მოხდა. ვგულისხმობ სააკაშვილის "შლეიფს" - "ევრონაცებს", ანუ "ნაცმოძრაობას". ფაქტია, საზოგადოებაში მათზე, როგორც რადიკალურ ძალაზე მოთხოვნა და მით უფრო - რევოლუციურზე, აღარ არის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა - შემოდგომიდან ახალი პროცესები დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ რადიკალურ ლიბერტარიანელებს შედარებით ზომიერი, პროდასავლური ძალები შეცვლიან. ვგულისხმობ, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ პარტიასა და ეკა ბესელიას ჩამოყალიბების ეტაპზე არსებულ "სამართლიანობას", რომელიც, ძირითადად, ლიბერალურ-პატრიოტულია. ხაზარაძემ პარტიაზე საუბრისას ბოლოს ღმერთიც ახსენა, რამაც ამერიკულ-კონსერვატიული ლიბერალიზმი გამახსენა, რომელიც ქართულ კონტექსტში ზომიერ, პროდასავლურ ძალას ნიშნავს.

- ეს პოლიტიკური ძალები რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებიან? - ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ იქნება. იმ რეალობის ფონზე, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარდა, დავინახეთ, რომ ხისტი, აგრესიული და რევოლუციებზე ორიენტირებული ძალების დრო წავიდა, ანუ სააკაშვილის "შლეიფს" იმედი გაუცრუვდა.

ის რამდენიმე დღე, როდესაც "ნაცები" და "ევრონაცები" მუხტის შენარჩუნებას რაღაცის იმედით ცდილობდნენ, ფერადი რევოლუციების ინერციული ამოსუნთქვა იყო. არ ვიცი, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული, თუმცა ვერ ასრულდა. კიდევ ერთი რევოლუციების ეპოქა გადავაგორეთ და ახალი, უფრო საინტერესო პროცესები იწყება.

მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორიც. ვგულისხმობ თუნდაც ამერიკისა და ჩინეთის გაცხადებულ გეოეკონომიკურ დაპირისპირებას, რომელსაც რუსეთისა და ევროპის დაახლოება მოჰყვება.

მსოფლიოში ოთხი მთავარი მოთამაშე - ამერიკა, ევროპა, რუსეთი და ჩინეთი - რთულ და გრძელვადიან საჭადრაკო პარტიას თამაშობს. ამ შემთხვევაში საქართველოს გარშემო მოვლენები ასე ვითარდება: ამერიკა რჩება ჩვენს ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ თუ 2000-იან და შემდგომ წლებში, თუნდაც ტრამპის პრეზიდენტობამდე, ეს იყო ზესახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის გავრცელების მისიაში აქტიურად გახლდათ ჩართული, ახლა მისიონერი კი არა, დემოკრატიის ლიდერი ქვეყანა იქნება, რომლისგანაც მაგალითი უნდა აიღო. თუმცა პროცესებში ძველებურად აშკარად აღარ ჩაერთვება, გაჩვენებს მაგალითს, რომელიც უნდა ისწავლო და დაამკვიდრო.

სხვათა შორის, ამ მძიმე დღეებში მასთან ურთიერთობის შედეგიც გამოჩნდა - რადიკალებმა ვერაფერი ქნეს, ქართულ პოლიტიკაში კი ზომიერი ძალები იწყებენ შემოსვლას და დიდი ალბათობით, ამ მხრივაც იქნება სიახლე - პროდასავლურობა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საწინააღმდეგო პოლიტიკის განმსაზღვრელი არ იქნება, როგორც ახლაა, რუსეთისგან ეკონომიკურ სარგებლიანობას ღალატის ტოლფასს რომ უწოდებენ, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვასთან ერთად, ესეც დასაშვები იქნება. ამას აქვს საფუძველი - მოგვწონს თუ არა, მოსახლეობის აგრარული ნაწილი რუსეთზეა დამოკიდებული, რის გამოც ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, თუმცა ლიბერტარიანელებმაც შესანიშნავად იციან, რომ ასეთი საკითხები 10-20 წელიწადში არ მოგვარდება და დრო სჭირდება. ცხადია, აუცილებელია ახალი ბაზრის მოძიება, თუმცა ამისთვის მუშაობაა საჭირო.

- მუდმივად გვესმის, რომ ქართულ პოლიტიკაში ქარიზმა აუცილებელია და არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ და პერსონამ ვერ გაუძლო კონკურენციას. ისინი, ვისაც რადიკალებს უწოდებთ, ჯერ კიდევ დიდი გავლენით სარგებლობენ... - სარგებლობდნენ 20 ივნისამდე... მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ რევოლუციის დრო წავიდა.

ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც მიზანი სხვა ყოფილა, მაგრამ სხვა შედეგი დამდგარა - მათდა უნებურად, ქვეყნისთვის უკეთესი პროცესების დაბადებას შეუწყვეს ხელი. რევოლუციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი - ფული, რომელიც უკვე დამთავრდა და ესეც ნათლად ჩანს მათი დასუსტებით - ისინი იდეებისგან გაღატაკებული არიან. შესაბამისად, პოლიტიკურ სიბრტყეზე ველოდები მოვლენების ასეთ განვითარებას - ზომიერი, ცენტრისტული ძალების გააქტიურებას ხაზარაძისა და ბესელიას გუნდების სახით, რომლებიც უფრო შეარბილებენ ვითარებას. მათთან ერთად ქართულ პოლიტიკაში მოთამაშეები იქნებიან "ქართული ოცნება" და რაც უნდა გასაკვირი იყოს, "პატრიოტთა ალიანსიც". ამასთან, თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყველაფერი აგებული იყო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაზე, ახლა საქართველოს სრულიად ახალი როლის მორგება მოუწევს - ამ ორი მოთამაშის დაახლოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

- დღევანდელ რუსეთში ეს როგორ წარმოგიდგენიათ, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე? - მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმაც შეცვალა მიდგომები, თუნდაც საქართველოს მიმართ. ის უფრო მანევრული გახდა, რაც არანაკლებ სახიფათოა. პატარა-პატარა, წერტილოვანი დარტყმები, იქნება ეკონომიკა თუ სხვა სფერო, ტურიზმის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მისთვის დამახასიათებელია, ჩვენ კი ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ბოლოს და ბოლოს, გამოცდილებამ უნდა გვიკარნახოს რაღაცები, რომ თუნდაც გამოუცხადებელ ნერვების ომში წაგებული არ დავრჩეთ. შესაძლოა მოვლენებს ბევრად ვუსწრებ, თუმცა კონტურები უკვე იკვეთება, სტრატეგიული ნაბიჯები და რაციონალური ხედვაა საჭირო როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე.

სამწუხაროა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობისას ლავირება ჩვენი განვითარების საზომი გახდა. რამდენად ადეკვატურად ვუპასუხებთ მის გამოწვევებს, ეს ჩვენს განვითარებაზე მიანიშნებს. ფრთხილი, მოზომილი, მაგრამ ჩვენთვის მომგებიანი ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ, რაც, როგორც აღვნიშნე, სწრაფად ვერ მოხდება.

- ქართველი ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგით აღშფოთებულმა რუსეთის დუმამ ემბარგოს დაწესებაზე იმსჯელა, თუმცა პუტინმა სანქციებზე "დიდსულოვნად" თქვა უარი, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს. რას უნდა ველოდოთ? - ამა თუ იმ პოლიტიკოსის სუბიექტური გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევია, თუმცა, როგორც ვთქვი, ბოლო დროს რუსეთმა შეცვალა მოქმედების ფორმა და შესაძლოა მისი პასუხი იმის გამოხატულება იყოს, რომ რადიკალიზაციის დრო წავიდა და რაღაცების გადაფასება დაიწყო. ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად ყოფნის მიზეზი გვაქვს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ რადიკალური პასუხები მომგებიანი იქნება.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდა, მაგრამ ყველაზე კარგი მაგალითი აჩვენა მოლდოვამ, სადაც ბრიუსელმა, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ყველასთვის გასაოცრად შეთანხმებულად იმოქმედეს.

განსხვავებული სურათი შეიქმნა უკრაინაში, მაგრამ პოროშენკოს რადიკალიზმი ზელენსკის შერბილებულმა ძალამ შეცვალა და ამით ბევრი რამ უკეთესობისკენ მიდის. ფაქტია, საქართველოშიც ისტორიის არენიდან მიდიან აგრესიული ძალები.

ცნობისთვის, სირიის კონფლიქტის ასე თუ ისე გადაწყვეტის შემდგომ რუსეთსაც ახალი რეალობა აქვს. ცხადია, გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ სხვა ფორმით - ისრაელის შუამავლობა, რომელიც მან რუსეთსა და ამერიკას შორის იკისრა, მიანიშნებს, რომ მსოფლიოში რადიკალიზმის ეპოქა მიდის და მედიატორი ქვეყნების როლი ძლიერდება. მედიატორ ქვეყნებს ბეწვის ხიდზე უწევთ გავლა, მაგრამ ეს მათთვის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით ძალიან მომგებიანი პოზიციაა, ისე როგორც საქართველოს შემთხვევაში.

თუ ჩვენი ქვეყანაც მედიატორის როლს შეასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ან სულაც რუსეთსა და დასავლეთს შორის, შესაძლოა ისტორიული ფუნქციაც დავიბრუნოთ.

- ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია - პუტინისეულმა საქართველოს ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა... - არ ვიზიარებ "ნაცმოძრაობის" დოგმას პუტინის უძლეველობის შესახებ, თითქოს ყველა დეტალი გათვლილი აქვს და ყველაფერი იცის. ყველა ერს აქვს თავისი ილუზიები, რასაც ნაციონალურ ნარატივს ეძახიან. თუმცა, თუ ეს შეგნებულად თქვა და გვსურს მას სიმართლე დავუპირისპიროთ, რა გვიშლის ხელს?

შესაძლოა ეს ერთგვარი მოტივაციაც კი გახდეს, რომ საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია გავაცნოთ მსოფლიოს და რუსეთის ნარატივს საქართველოს ნამდვილი ისტორია დავუპირისპიროთ.

რაც შეეხება ზემოხსენებულ შუამავლის როლს, რომლის შეთავსების პოტენციალი საქართველოს ნამდვილად აქვს (ეს აქამდე არასდროს მითქვამს, რადგან მიმდინარე მოვლენები არ მაძლევდა საფუძველს), საჭიროა გონივრული და თანამიმდევრული ნაბიჯები. მიმდინარე პროცესებმა, მოქალაქეების დაშავებას თუ არ ჩავთვლით, რის გამოც გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, რაღაც ახალი, უფრო მშვიდობიანი, უფრო ცივილიზებულის დაბადებას შეუწყო ხელი... არც ერთი სახელმწიფოს ისტორია არ იწერება მხოლოდ ნათელი ფერებით. მადლობა ღმერთს, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა. შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ.

- საზოგადოებისა და ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ვერ უმკლავდება 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია მმართველი ძალა? - ამ მოსაზრების დამკვიდრებას სააკაშვილის "შლეიფი" ცდილობს, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, მსგავს შემთხვევაში როგორც მოიქცეოდა... ხანდახან დგება მომენტები, როდესაც საზოგადოება გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და სწორედ ამას ჰქვია რევოლუცია, გამარჯვებულს კი არ ასამართლებენ... 90-იან წლებში შეიარაღებულმა ძალებმა დაამხვეს კანონიერი ხელისუფლება, რასაც მოჰყვა სისხლი და რეპრესიები, მაგრამ პოლიტიკური და ისტორიული რეალობა შეიცვალა, ვერაფერი გავაკეთეთ და წლების განმავლობაში იმ რეალობაში ვცხოვრობდით. 2003 წელსაც გავედით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მოხდა "ვარდების რევოლუცია", თუმცა მაშინ ამის შეკვეთა იყო... დღევანდელმა რეალობამ კი დაგვანახა, რომ ეს ვერ მოხდება, არ არის ამის შეკვეთა.

"ნაცმოძრაობა", როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, ისევე დასრულდა, როგორც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი". ეს რეალობაა.

- თუმცა ისინი ამბობენ, რომ 20 ივნისის შემდგომ "ოცნება" დასრულდა და გახარიას გადადგომა საბოლოო წერტილი იქნება. - ჩვენ უნდა გამოვიდეთ არსებული რეალობიდან - "ნაცმოძრაობამ" თავისი ფორმითა და შინაარსით არსებობა დაასრულა და რადიკალური მოდერნიზაციის ძალების დროც წავიდა. ასე რომ, იმ გუნდის მოთხოვნები - გადადგეს გახარია, ზალკალიანი - რომელსაც პოლიტიკური ძალა აღარ აქვს, არის ხმა სამარიდან... უფრო სწორად, შესაძლოა სამარიდან ჭეშმარიტების ხმა გაისმას, ეს უფრო მკვდრის ხმას ჰგავს.

- ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნები დაგეგმა. რამდენად შეიძლება გაამართლოს? - მე არა მაქვს ასეთი ფეტიშისტური მიდგომა, რომ პროპორციული სისტემა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე მაჟორიტარული. 80-იანი წლების მიწურულიდან ასეთი სახის პოლიტიკურმა და სამართლებრივმა სქემებმა მაგიურ-ალქიმიური მნიშვნელობა შეიძინა. ამ მხრივ აქტიურობდნენ ეროვნული ძალები, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირდებოდნენ.