"შეიძლება კარგიც იყოს, რომ რუსეთი ეკონომიკური სანქციებით გვემუქრება და არა ატომური ბომბებით"
15-07-2019
"შეიძლება კარგიც იყოს, რომ რუსეთი ეკონომიკური სანქციებით გვემუქრება და არა ატომური ბომბებით"
მოგეხსენებათ, გარდა რუსეთიდან ტურისტული ტრაფიკის შეზღუდვისა, გასულ კვირას რუსეთის სათათბირომ ელვისებურად იმოქმედა და საქართველოსთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა, რასაც საქართველოში სრული პანიკა მოჰყვა. შედეგად, ყველამ ვნახეთ, რამდენიმე საათში ეროვნულ ვალუტას რა დაემართა... საბოლოოდ სანქციების დაწესება პუტინმა მიზანშეუწონლად ჩათვალა, მაგრამ ხომ ფაქტია, ამით კრემლმა სცადა ეჩვენებინა, რა მარტივად შეუძლია ჩვენთან ვითარების არევა... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ესეც სპექტაკლი იყო. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთის
დუმა ამ გადაწყვეტილების მიღებას პუტინის გარეშე გაბედავდა?! ისე მოიქცნენ, როგორც ბრალდებულის დაკითხვისას ცუდი და კარგი გამომძიებლები იქცევიან ხოლმე - გვაჩვენეს ჩვენც და აჩვენეს თავის მოსახლეობასაც, თუ რაოდენ კარგი და გულმოწყალეა პუტინი.


დაახლოებით ამის თქმა სცადეს - ქართველებო, პუტინი რომ არ იყოს, რა გეშველებოდათო, რაც ძალიან
სასაცილოა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამ ქცევით გვაჩვენეს, კრემლს რა მარტივად შეუძლია ჩვენთან ვითარების არევა, ეს გადაჭარბებული შეფასება მგონია. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, პანიკა ადვილად გვეუფლება, თუმცა გადაივლის და მერე ვახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასაც. გაგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც რუსებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღეს, მაშინაც გვარიანად გაუფასურდა ლარი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დასტაბილურდა. ქართული ღვინოც აკრძალეს რუსეთის ბაზარზე, თუმცა ამას ის მოჰყვა, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა და სხვა ბაზრების მოძიებაც დავიწყეთ. მოკლედ, რომც დააწესონ ეს სანქციები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვაზარალებს, დააზარალებს ისედაც სუსტ ეკონომიკას, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება მაინც დაუბრუნდება თავის კალაპოტს.

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ახლებური, გამოგონილი ვერსია? აშკარაა, რომ ის ამის შესათხზავად კარგად მოემზადა.

- პუტინი მოჰყვა არა რეალურ ფაქტებს, არამედ თავისივე შეკერილი ისტორიის ისტორიას. ეს იყო ტიპური საბჭოთა მიდგომის მაგალითი, როდესაც ისტორიას ისე აბამდნენ ყურს, როგორც იმ დროს სჭირდებოდათ, ისე გადააკეთებდნენ, როგორც საბჭოეთს წაადგებოდა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სიტყვა აზრს კარგავს. მოკლედ, ეს არის საზოგადოების "დაბოლების" კომუნისტურ-ბოლშევიკური, ლენინის მიერ მოგონილი მეთოდი. თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს პოზიცია, რომ ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ მეცნიერებმა და წარმოადგინონ დოკუმენტურად დადასტურებული ვერსია, რომლითაც გაცამტვერდება პუტინის მითები, სწორია.
ისე, სწორედ ამგვარ მახინჯ მითოლოგიას დაეფუძნა თავის დროზე ფაშიზმი და არ არის გამორიცხული, მალე რუსეთში ახალი ნეოფაშიზმიც იშვას. ეს სახიფათო მოვლენაა, რასაც ძალიან მშვიდად და ცივი გონებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა.

- იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია კრემლის პოლიტიკის მუდმივი მძევალია და რუსეთმა ემბარგო შეიძლება ნებისმიერ დროს დააწესოს, ხომ არ იყო შეცდომა ბოლო წლებში "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთთან, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული?
- ჩემი აზრით, არა. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ რუსეთში მილიონამდე ქართვე
ლი ემიგრანტი ცხოვრობს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა მასზეც იზრუნოს. რუსეთთან ურთიერთობის მცირეოდენი დათბობაც კი მათთვის ამოსუნთქვის საშუალება იყო. უნდა გვახსოვდეს, როცა რუსეთთან ვითარება მწვავდება, ისინი უდიდეს წნეხში ექცევიან ხოლმე.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ მოლაპარაკებების ფორმატი ყველა სფეროში შეიძლება არსებობდეს. სხვათა შორის, დიდი შეცდომა მგონია რუსეთში გასტროლებსა და საზოგადოდ, ქართული კულტურის გატანაზე უარის თქმა. კულტურა მოქმედებს არა პოლიტიკოსებზე, არამედ მოსახლეობაზე.
...
შეცდომა იყო ბოლოდროინდელი ის უგუნური ქმედებები, როდესაც ხუთი წლის ნამოღვაწარი წყალში გადაიყარა. ამან მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე კი არ იმოქმედა, გავლენა მოახდინა ევროპასთან ურთიერთობაზეც. როდესაც ამგვარი კატაკლიზმები ხდება, არ შეიძლება ცალმხრივი იყოს ზიანი, ის, როგორც წესი, მრავალმხრივია ხოლმე... ამიტომაც მგონია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ნამდვილად სტრატეგიულად სწორად იყო შერჩეული.

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა სტრატეგიულ მნიშვნელობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც რუსეთი ამ ეკონომიკურ ურთიერთობას შანტაჟისა და დაშინებისთვის იყენებს.
- გავიმეორებ - ყველაფერს აქვს ორი მხარე. თუ დავფიქრდებით, შეიძლება კარგიც იყოს, რომ რუსეთი ეკონომიკური სანქციებით გვემუქრება და არა ატომური ბომბებით. ჩიხში მოქცეული მგელი ყველაზე საშიშია, ამიტომაც მას მანევრირების საშუალება უნდა დაუტოვო.


malxaz
16 ივლისი 2019 18:21
ნარჩენებიტ გამოტენილი თავი

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები