"არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ამ დროს როგორ ყვირიან იგივე პირები, მივაწვეთ, პოლიცია დაიღალაო" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე - კვირის პალიტრა

"არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ამ დროს როგორ ყვირიან იგივე პირები, მივაწვეთ, პოლიცია დაიღალაო" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე 20-21 ივნისის მოვლენებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:

- შს მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა, სპეცსაშუალებების გამოყენებაზე ბრძანების გაცემა ცოტა უფრო ადრე იყო საჭირო... თქვენ როგორ თვლით?

- ალბათ, მინისტრი გულისხმობდა ათიდან თორმეტ საათამდე პერიოდს, იმ ორ საათს, როცა პოლიცია იცავდა შენობას აქტიური სპეცსაშუალებების გამოყენების გარეშე. ვცდილობდით, მაქსიმალურად მოგვეთმინა აგრესია.

- როგორც ვიცით, პავლე კუბლაშვილმა შს მინისტრს შესთავაზა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა. როგორც ამბობს, პირადად მან შეატყობინა მინისტრს, რომ ოპოზიციის ლიდერებს მასთან შეხვედრა სურდათ. კუბლაშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარია დათანხმდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. რატომ არ შედგა შეხვედრა?

- იქ მოლაპარაკებაზე მომიტინგეების მხრიდან მზაობა არ იყო... კი გაიძახიან, მოლაპარაკებას ვცდილობდითო, მაგრამ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ამ დროს როგორ ყვირიან იგივე პირები, მივაწვეთ, პოლიცია დაიღალაო. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო მოლაპარაკება და მშვიდობიანად დასრულება, იმიტომ ვიდექით იქ ორი საათი და ვიცავდით ყოველგვარი სპეცსაშუალებების გარეშე პარლამენტის შენობას და როცა პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, სხვა შანსი არ იყო, იძულებული შევიქენით, გვემოქმედა.

- რამდენი პოლიციელი იყო პარლამენტის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე?

- აქციის მონაწილეების რაოდენობა დაახლოებით 15 000 კაცი იყო. მართლწესრიგის აღდგენაში, შენობის დაცვასა და შტურმის მოგერიებაში ჩართული იყო 1500 პოლიციელი.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად