"არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ..." - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი 20-21 ივნისის ღამეზე - კვირის პალიტრა

"არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ..." - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი 20-21 ივნისის ღამეზე

არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები და ეს გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა ინფორმირებული აქციის დაშლის შესახებ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მყისიერად მიიღება და ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

"ყველა თვალს ვადევნებდით, რომ ყოველწუთიერ რეჟიმში იცვლებოდა სიტუაცია. პოლიცია იგერიებდა ამ შტურმს პასიურ რეჟიმში. ერთი პოლიციელიც არ გასცდენია პარლამენტის პერიმეტრს, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ იგერიებდა აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ კანონით დადგენილი საშუალებები. ეს არის მოცემულობა. ვინც ძალას გადაამეტა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. გამოძიება ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს კავშირს მედიასთან და საზოგადოებასთან. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მთავარია, მომხდარს მიეცეს სწორი და ობიექტური შეფასება. ის, რომ უპასუხისმგებლო ძალას, "ნაციონალური მოძრაობის" სახით, ჰქონდა მცდელობა, პროვოკაციისთვის გამოეყენებინა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი, კითხვის ნიშანს არ ტოვებს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს სურთ, დატოვონ ეს კითხვის ნიშანი. პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ძალა და ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ პოლიციას არ ჰქონდა სხვა საშუალება, გარდა ლეგიტიმური ძალის გამოყენებისა. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი სამართალდამცავი, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა და ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, წარდგება კანონის წინაშე. ეს არის მოცემულობა და ძალიან გთხოვთ, ნუ ცდილობთ ამ მოცემულობის შეცვლას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"