"მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძის ეშინიათ! - ძნელია ამ სისტემაში იყო გმირი, როცა მთლიანად ამ ადამიანის კლანჭებში ხარ" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძის ეშინიათ! - ძნელია ამ სისტემაში იყო გმირი, როცა მთლიანად ამ ადამიანის კლანჭებში ხარ"

სასამართლოსთან დაკავშირებით კომპრომისი აღარ არის საჭირო - მისაღებია რადიკალური ზომები, რადგან ამ ხალხისგან არაფერი არ გამოდის! - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძის ეშინიათ.

"პარლამენტმა პირველ რიგში, უნდა შექმნას შესაძლებლობა, რომ მოსამართლეს ვიღაც ჩინჩალაძის არ ეშინოდეს. როგორ შეიძლება მოსამართლეს ერთი რომელიღაცა ადამიანის ეშინოდეს, რომელიც სადღაც კაბინეტში ზის და ამდენი ხნის განმავლობაში არც კი გინახავთ. მოსამართლეებს ამ ადამიანის ეშინიათ! დამერწმუნეთ, ეს შიში ლოგიკურია - ძნელია ამ სისტემაში იყო გმირი, როცა მთლიანად ამ ადამიანის კლანჭებში ხარ", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, სასამართლოს 2012 წელს შანსი მიეცა, როცა მოსამართლეები სისტემაში დარჩნენ, მაგრამ ამ შანსის გამოყენება არ მოხდა.

"დღეს შვიდი წელი გავიდა და სასამართლოს ვეხვეწებით: ჩინჩალაძე იქნებ მიიღო პროცედურულად სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩინჩალაძე ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს და არც მომავალში მიიღებს. ჩინჩალაძეს ყველას უნდა ეშინოდეს - მას არ გაუჭირდება არავის განაჩებზე ხელის მოწერა. ეს დრო როცა დადგება, იქნება ძალიან გვიანი. კომპრომისები აღარ არის საჭირო. მისაღებია რადიკალური ზომები, რადგან ამ ხალხისაგან არაფერი არ გამოდის! - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პარლამენტში, დეპუტატების ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"