"გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი" - რას ამბობს პრეზიდენტის პრესსპიკერი მიუნხენში ზურაბიშვილის სტუდენტებთან შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი" - რას ამბობს პრეზიდენტის პრესსპიკერი მიუნხენში ზურაბიშვილის სტუდენტებთან შეხვედრაზე?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ მიუხენში სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ სტუდენტებს შორის შეხვედრისას ადგილი ჰქონდა რაიმე ექსცესსა და დაძაბულობას.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და ის არ ყოფილა გაღიზიანებული. ის ასევე უარყოფს სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისინი უწიგნურებად მოიხსენია.

"ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა, რაც გავრცელდა მედიასაშუალებებით. პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული. პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით და მეტიც, შეხვედრა გაგრძელდა წინასწარ შეთანხმებულ დროზე მეტხანს. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება და არც ერთი ის სიტყვა, რაზეც საუბრობენ სიუჟეტის რესპონდენტები,"- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი 20 ივნისისა და დავით გარეჯის შესახებ მათ მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა.

"ინტერპრესნიუსი"