"50 პოლიციელიც რომ დაიჭირონ, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი მაინც არ მოიხსნება" - კვირის პალიტრა

"50 პოლიციელიც რომ დაიჭირონ, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი მაინც არ მოიხსნება"

ხელისუფლება ცდილობს, ბარტყების გადმოგდებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. ვფიქრობ, ეს არ გამოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურატურის მიერ შს სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, სამართლებრივი პროცესი ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურს, სადაც შს მინისტრის პასუხისმგებლობა ცალსახაა.

„მისასალმებელია, რომ რაღაც რეაგირება ხდება, თუმცა ერთია სამართლებრივი პროცესი და მეორეა - პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ 20 ივნისს რაღაც მომენტიდან ვითარება გამოვიდა კონტროლიდან და ძალის გადამეტების არა ერთეული, არამედ მრავლობითი შემთხვევები იყო. მე არ ვიცი, სამართლებრივად ამ ყველაფერმა რა სახე შეიძლება მიიღოს, მაგრამ ვინაიდან მძიმე შედეგი დადგა, მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულიად ცალსახაა. პროკურატურა და ხელისუფლება ცდილობს, ბარტყების გადმოგდებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. ვფიქრობ, ეს არ გამოვა.

სამართლებრივი ნაწილი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ პოლიტიკურ პრობლემას, რაც სამწუხაროდ, შს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით გვაქვს. ეს დაკავებები ვერ გაანეიტრალებს, ვერ ჩააცხრობს პროტესტს, რადგან ეს არ იყო ერთეული შემთხვევები. მძიმე შედეგი მივიღეთ. 18 წლის გოგო, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას, თვალს რომ დაკარგავს, თვითონ ეს ფაქტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებისთვის სრულიად საკმარისია მიუხედავად იმისა, გახარიას წვლილი რა იყო ამაში,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება რაც არ უნდა ბევრი პოლიციელი დაიჭიროს პროკურატურამ. ხუხაშვილის თქმით, თუკი გამოიკვეთება რომ ბევრმა პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ სისტემაში პრობლემებია და გახარიას პასუხისმგებლობა მაინც სახეზე იქნება.

„ეს საკითხი არ მოიხსნება, 50 პოლიციელიც რომ დაიჭირონ, რადგან ესეც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. თუ გამოიკვეთება, რომ ბევრმა პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული, მაშინ მინისტრი რას აკეთებდა თუ სისტემაში ასეთი პრობლემები აქვს? აქ გინდა ერთი მხრიდან მივუდგეთ, გინდა მეორე მხრიდან, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში სახეზეა.

რაც უფრო მეტად ეცდება ხელისუფლება, რომ ნახევრად სამართლით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აარიდოს მინისტრს, ამით საბოლოო ჯამში, ეს პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზე გადავა. გირგვლიანის საქმეს გაგახსენებთ, როდესაც გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართული იყო დანაშაულის დაფარვაში. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"