"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი რუსებს მტრებად არ თვლის" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი რუსებს მტრებად არ თვლის"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა გაზეთ "Аргументы и факты"-ს მკითხველთა შეკითხვებს, რომელთა შორის რამდენიმე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ეხება. გთავაზობთ ამონარიდს ტექსტის სტენოგრამიდან:

- რა ზომები უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ, რათა ქვეყნის შემარცხვენლებმა პარლამენტის წინ რუსეთის წინააღმდეგ მანიფესტაციები არ გამართონ? (რ.გვაბერიძე). - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება - ეს საქართველოს საშინაო საქმეა და ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით. მაგრამ იმავდროულად არ შეიძლება ჩვენ არ გვაღელვებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლის მცდელობები გააჩაღოს რუსოფობიური განწყობები და ჩვენი ორი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპიროს. საეჭვოა, რომ ასეთი მოღვაწეები იმ ზიანზე ფიქრობდნენ, რომელსაც თავიანთი მოქმედებით საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ხალხის კეთილდღეობას აყენებენ და რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთთან ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებზე.

ველოდებით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა სწრაფად გააცნობიერებს ანტირუსული ისტერიის ზიანის მომტან ხასიათს და იმ საფრთხეს, რაც ამ ისტერიის გაგრძელებას შეიძლება მოჰყვეს. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისმა იპოვა საკუთარ თავში ძალა და დაგმო ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო გამოხდომა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რამაც, თავის მხრივ, ქართულ საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზებას და აღმოფხვრის იმ არსებულ მუქარებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, ამით შეიქმნება ის აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ განხილულ იქნეს რუსეთის მიერ მიღებული სიფრთხილის ზომების გაუქმების საკითხი, მათ შორის, მგზავრთა ავიაგადაყვანის აკრძალვაზეც. ჩვენ გვსურს მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების სიკეთისა და კეთილდღეობისათვის.

- თვლით თუ არა თქვენ, რომ ჩვენ გეოპოლიტიკურად ვაგებთ უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში, როცა ვუშვებთ ჩვენს ირგვლივ "რუსეთის მტრების" სარტყელის შექმნას ყოფილი "მოძმე ხალხების" სახით, რომელთა წარმომადგენლები რუსეთში ფულს იღებენ, მიაქვთ და იმავდროულად ჩვენ მტრებად თუ არა, მეგობრებად ნამდვილად არ გვთვლიან? (სერგეი ორსტრობოროდოვი).

- უკრაინაში, საქართველოში და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საკითხი ეხება მოძმე ხალხებს, რომლებთანაც ჩვენ ერთ სახელმწიფოში ხანგრძლივი თანაცხოვრებისა და ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს.

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა დაიჯერა, რომ "ისტორიის დასასრული" დგება და მას ნება ეძლევა უხეშად ჩაერიოს ამა თუ იმ სახელმწიფოს საქმეებში, უცერემონიოდ დაიწყოს შიდაპოლიტიკური პროცესებისადმი კონტროლი. უკრაინა ამის ყველაზე აღმაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს.

სომხეთთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია. სომხეთი რუსეთის საკვანძო პარტნიორია ამიერკავკასიაში. ჩვენ მასთან სტრატეგიული, სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი ინტენსიური ხასიათისაა, მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც საპარლამენტო ხაზით, ასევე საერთაშორისო არენაზე. რუსეთი სომხეთის წამყვანი ეკონომიკური პარტნიორია. დინამიურად ვითარდება საგანმანათლებლო, კულტურული, საინვესტიციო და სამხედრო-ტექნიკური კავშირები.

რაც შეეხება საქართველოს, დარწმუნებული ვარ: ქართველი ხალხი რუსებს მტრებად არ თვლის. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთს ეჯიბრება ანტირუსულ რიტორიკაში თავიანთი ვიწრო კონიუნქტურული მიზნების მისაღწევად. მჯერა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება.

მთლიანობაში თუ ვიტყვით, ჩვენს დღის წესრიგს პოსტსაბჭოთა სივრცეში გამაერთიანებელი ხასიათი აქვს და გამიზნულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისათვის, ინტეგრაციული პროცესების წინსვლისა და ჰარმონიზაციისათვის, კოლექტიური უსაფრთხოებისა და საფრთხე-გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების პოტენციალის განმტკიცებისათვის.

(წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ