"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი?" - რას ამბობს ივანიშვილი რუსეთზე, აქციებსა და "ნაცმოძრაობაზე"?
17-07-2019
"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი?" - რას ამბობს ივანიშვილი რუსეთზე, აქციებსა და "ნაცმოძრაობაზე"?
ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა. ბათუმის "ჰილტონში" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

როგორც ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, აჭარაში "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. რიჟვაძე ამ თანამდებობაზე პარტიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტების შეკითხვებს
უპასუხა.

როგორც მან თბილისში მიმდინარე აქციების შეფასებისას განაცხადა, "ხალხი ბრძენია" და აქციაზე აღარ გადის: "200 კაცს აგროვებენ აღმოსავლეთში და 200 კაცს - დასავლეთში. 20 დღე გავიდა თუ რამდენი?! თან თვითონაც რომ კნინდებიან ამას ვერ ამჩნევენ, ხალხი ბრძენია, საზოგადოება ბრძენია. ნახეთ როგორი იყო აქტიურობა 21 ივნისის
ღამეს, როგორია დღეს - 200 კაცს უყრიან თავს დასავლეთში და 200 კაცს უყრიან თავს აღმოსავლეთში".

მან ასევე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ გიორგი გახარიას გადადგომა აქციიდან მეორე დღესვე მოითხოვა და ამით "ყველაფერი გამოიკვეთა".

"პირველი დღიდან, 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი დამქაშები "ევროპული საქართველო" თუ პატარა პარტიები მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. ერთ-ერთი მოთხოვნა ჰქონდათ სწორედ ეს. ვინც ნახა ეს კადრები ევროპასა თუ ვაშინგტონში კითხვა არავის აღძვრია ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე, როდესაც ოპოზიცია მეორე დღესვე ითხოვს გახარიას გადაყენებას, აქ ყველაფერი იკვეთება", - დასძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს.

"რაც შეეხება ცალკეულ პოლიციელებს შსს-დან, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, შს მინისტრი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე გამოძიება მიდის. იძიებს პროკურატურა, 1 პოლიციელი უკვე ბრალდებულია. დანარჩენებს დაველოდებით. გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ გახარია რომ გადამდგარიყო 21-სა და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ, აბა, რატომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში? ერთი კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის, რომ გახარია გადადგეს, ე.ი. შსს აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ძირითად ინსტიტუტზე პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა გადადგეს, მაგრამ მან მოახერხა და დაიცვა მოძალადეები, მოძალადე პოლიტიკოსები, თქვენი, "რუსთავი 2"-ის მეპატრონეები, მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან ქვეყანა. მან მოახერხა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი და მოახერხა ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო",  - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან.

"თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას. რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის - არც ევროპელებისთვის და მითუმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის. პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი პროცესი არ არის. ამას წლები სჭირდება. ჩვენი პროდუქცია რუსეთში ცნობილია და ძალიან კარგად იციან. მას მომხმარებელი ჰყავს. როდესაც რუსული ბაზარი დაკეტილი იყო, დივერსიფიკაცია მოხდა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან", - განაცხადა ივანიშვილმა.

2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?" - ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა.

"2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისს დემონსტრანტების რეზინის ტყვიებითა და გაზით დაშლის ბრძანება პირადად მან გასცა.

"ასეთ სისულელეს მხოლოდ "ნაცები" თუ იტყვიან, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი? - ეს სიბრიყვეა. ჟურნალისტებს არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენი კითხვა კი არ არის ბრიყვული, ეს სიბრიყვე მათგან მოდის," - დასძინა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, "პროპორციული არჩევნები თავის თავში დიდი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა".

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნის შესახებ კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მან კარგად განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გადადის 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე, ნაცვლად 2024 წლისა.

"მზაობა იგრძნობა განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მათ აქვთ სურვილი ჩართულობის, მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაინაწილოს და გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს. თუ არა და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის აზრით, რომ არა "ნაციონალური მოძრაობის" დაუდევრობა და ღალატი რუსის ჯარი 2008 წელს საქართველოში ვერ შემოვიდოდა".

"არ იფიქრით, რომ მე რუსის ჯარის საქართველოში შემოსვლას ვამართლებ. ამას არანაირი გამართლება არა აქვს. ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავასამართლოდ. დღეს რომ გულზე "არა ოკუპაციას" იხატავენ, ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას?! ქართული ტერიტორიების ოკუპირება მათ მოახერხეს. როდესაც "არა ოკუპაციას" გულზე იხატავენ, ამაზე პასუხი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უნდა მოსთხოვონ. ეს მათ მოახერხეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ოკუპაცია მომხდარიყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ვიდეო

16 აგვისტო 2019 08:02
ვინც ბატონი ბიძინას წინააღმდეგ გამოდის ან გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების ნაცვლად მის გაღიზიანებას და მდგომარეობის გაუარესებას არ ერიდება, საქართველოს მტრები და მოღალატეები არიან, თუმცა შეიძლება თვითონ მათ ეს გაცნობიერებულიც არ ჰქონდეთ მათი ჭკუამჩატობის გამო.
საზოგადოების დიდი ნაწილი.
18 ივლისი 2019 10:38
ბატონი ბიძინა ყველაფერს მართალს ამბობს, ის ერევა ქვეყნის საქმეებში და ეს არის კარგი.
Gogita
17 ივლისი 2019 16:58
პირდაპირ ედნიერებას ვგრძნობ როცა ბატონი ბიძინას გამოსვლებს ვუსმენ. დალაგებული ზრები,ღრმა ანალიზი და რაც მთავარია სახემწიფო მიდგომა ყველა საკითხისადმი.თანაც ყველაფერი დალაგებული და გრამატიკულულად უმწიკვლო ქართულ ენაზე.ხშირად მიფიქრია რომ რა საჭიროა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უვარგისი დიპლომების მიღება გაურკვეველი ხარისხისა თუ რეპუტაციის უნივერსიტეტებში(ბერკლია თუ კემბრიჯი),როცა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის უნივერსიტეტდამთავრებული პიროვნება ასეთი ღრმა ცოდნითა და განათლებით გამოირჩევა.თანაც ხანდახან წააყვედრებენ ხოლმე-დისერტაცია გაქვსო დაცულიო...ვაი თქვენს პატრონს ნაცებო-განა სსრკ-ში შEიძლებოდა დისერტაციის დაცვა მოსკოვში თუ არ გამოავლენდი საქმის უღრმეს ცოდნასა და საერთო უმაღელეს განათლებას? ეს ხომ მოსკოვია ბატონო და არა რაღაც ლონდონი თუ ჩიკაგო.
და თუ გაითვალისწინებ ადამიანი,რა კეთილი საქმეების გაკეთება შესძლო( თუ ვერ მოახერხა აქობამდე,მაშინ მალე შესძლებს) საქართველოსთვის ამ ერთმა პატარა ადამიანმა(სამაგიეროდ დიდი გულის პატრონია)
წინ გველის კიდე სულ ცოტა 25-30 წელი მისი მართველობის,ხოდა ყველას მოვალეობაა,გავუფრთხილდეთ ამ უმწიკლო და გენიოს ადამიანს,რათა თავისუფალ დროს(თუ გააჩნია რასაკვირველია) მან შესძლოს ნიცშესა და შოპენგაუერის ნაწარმოების კრიტიკა,შემდგომ კი ჩვენთვის მოწოდება,რომ მივხვდეთ რომ ცხოვრება ლობიო არ არის.
ძალიან გთხოვთ არ დამბლოკოთ.გაფიცებთ ბატონ ბიძინას.
P.S.
ცალკე თემაა რომ რაღაცნაირად შევძლოთ და თავისუფალი დრო შევუნახოთ უდიდეს პოეტს(დროებით პარლამენტის თავჯდომარე რომაა ) და უნიჭიერეს პოლიტიკოსსა და ფსიქოლოგს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,რათა მოახერხონ უნიჭიერესი ლექსების წერა და ლინგვისტური აკრობატიკის გავითარება საქართველოში.
გენაცვალეთ ქართველებო,მეტის ღირსნი ვართ




რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?