"ერთადერთი რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს "რუსთავი 2“ იყო, ახლა ისიც მიაქვს" - სააკაშვილი საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

"ერთადერთი რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს "რუსთავი 2“ იყო, ახლა ისიც მიაქვს" - სააკაშვილი საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი "ფეისბუკის" პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში გააკეთა:

"ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო , მან ხელში ჩაიგდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა, პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები.

ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. ერთადერთი რაც ვერ მიჰქონდა ივანიშილს "რუსთავი 2“ იყო, ეხლა ისიც მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება, წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ, რომ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს? თუ ამოვიღოთ ხმა, დავდგეთ ერთად და მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა?

აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე... მე არ ვაპირებ გაჩერებას და არ ვაპირებ ამასთან შეგუებას. ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. ყველას მობილიზაციისკენ მოგიწოდებთ, ახლა საგანგებო სიტუაციაა. მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ბნელეთის ძალებმა არ უნდა ჩაიგდონ საბოლოოდ ხელში საქართველო.

მინდა მოვუწოდო, ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე.

უნდა მივაღწიოთ დაუყოვნებლივ, რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებიდან სასამართლო სისტემა, რომლის მეშვეობითაც "რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდებისთვის შექმნა სრულიად უსამართლო საფუძველი. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა თუ ვიდგებით ერთად. მე ვარ თქვენთან და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიბრძოლო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა